გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

მოდგამი

(გადმომისამართდა ამგალი-დან)

მოდგამი


სინონიმები: ამბაზი, მონდავი, მეკომე, ალოვნობა, გადაბმა, მონამგლეობა. იხ. აგრეთვე: კუტი ალოს ამოყვანა

ხვნასთან დაკავშირებული შრომითი გაერთიანება აღმოსავლეთ საქართველოს ბარში. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში მიწა იხვნებოდა მრავალხარშებმული მძიმე სახვნელი იარაღით - დიდი ქართული გუთნით. სახვნელი იარაღის ეს ტიპი გათვალისწინებული იყო ვაკის ნიადაგის რელიეფისათვის და კარგად პასუხობდა მის სპეციფიკურ პირობებს. საქართველოს ამ რეგიონში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა ანეულს. ანეულად მიწა ღრმად იხვნებოდა, რაც ნიადაგის სინესტეს ინახავს. ეს კი, თავის მხრივ, დიდი გუთნით მუშაობას მოითხოვდა. ამ იარაღით მუშაობასთან დაკავშირებული იყო შრომითი კოოპერაცია ხვნა-დღეების განაწილების ნორმირებული, დიფერენცირებული სისტემით - ყოველი წევრის მონაწილეობის ანაზღურება ხდებოდა ალოებით (ერთი დღის ხვნა), მისი ამ ამხანაგობაში იარაღით, გამწევი ძალით თუ პირადი შრომით მონაწილოების შესაბამისად.

გამართული დიდი გუთანი საკმაოდ ძვირად ღირებული სახვნელი იარაღი იყო. მასში აბამდნენ 6-12 უღელ გამწევ ძალას. ეს დამოკიდებული იყო გუთნის სიდიდეზე. აღმოსავლეთ საქართველოს ბარის სხვადასხვა ნაწილში გავრცელებული დიდი გუთნები ნიადაგის თავისებურების მიხედვით ზომით განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. დიდი გუთნით მუშაობას სჭირდებოდა გუთნისდედა და 3-6 მეხრე. გლეხთა ოჯახების მხოლოდ ნაწილს შეეძლო მიწის მოხვნა საკუთარი ძალებით. ეს უმთავრესად დიდი, გაუყრელი ოჯახები იყო, რომლებიც XIX ს-ის ბოლოს - XX ს. დასაწყისისთვის სპორადულად იყო შემორჩენილი. პატარა ოჯახები კი, როგორც წესი, ხვნის დროს შრომით გაერთიანებას მიმართავდნენ. რამდენიმე ოჯახი აერთებდა ინვენტარს, მუშახელს და გარკვეული ხნის განმავლობაში რიგრიგობით ხნავდა თავის მიწას. ყველა სოფელში კომპლექტებოდა ხვნასთან დაკავშირებული კოოპერაციის გარკვეული რაოდენობა.

დიდი გუთნის ხვნასთან დაკავშირებული შრომითი გაერთიანება ცნობილი იყო მოდგამის, ამბაზის, მონდავის, მეკომეს, ალოვნობის, გადაბმის, მონამგლეების, ამგლის სახელწოდებით. მათ შორის ყველაზე პოპულარული იყო მოდგამი, რომელიც საყოველთაოდ იყო გავრცელებული ქართლ-კახეთსა და მესხეთში.

მოდგამის წევრებს შეარჩევდა გუთნის პატრონი, რომელიც, როგორც წესი, გუთნისდედა და, ამდენად, მოდგამის ხელმძღვანელი იყო. XIX ს. ბოლოს და XX ს. დასაწყისში მოდგამის წევრების შერჩევისას ნათესაობის პრინციპს მნიშვნელობა არ ჰქონდა.

ანეულის მოდგამისათვის მზადება ხვნის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე იწყებოდა. ამ მოსამზადებელ პერიოდს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან მოდგამის მუშაობა დიდად იყო დამოკიდებული მუშახელის სწორად შერჩევაზე, მეხრეების ფუნქციების განაწილებაზე, ასევე გუთნის აწყობასა და ხარკამეჩის სწორად განლაგებაზე გუთნეულში. გასათვალისწინებელი იყო სახნავი მიწების ადგილმდებარეობა და სხვა. წინასწარ უნდა განსაზღვრულიყო ყოველი წევრის მონაწილეობა შრომით თუ ინვენტარით, ხვნის რიგი და ა.შ. ყოველივე ამის ორგანიზატორი და მთელი შემდგომი მუშაობის ხელმძღვანელი გუთნისდედა იყო.

ხვნის დროს გუთნისდედას "გუთანი ეჭირა". 8 უღელი ხარ-კამეჩის პირობებში უმთავრესად 4 მეხრე იყო - 2 დღისა და 2 ღამისა. დღის მეხრეებს ევალებოდათ ხვნის დროს ხარების გაძღოლა. ღამის მეხრეების მოვალეობას შეადგენდა, გარდა ხვნის დროს საქონლის გაძღოლისა, ხარ-კამეჩის გარეკვა საბალახოდ და მისი მოვლა-პატრონობა დილით გუთანში შებმამდე. ღამის მეხრეებად, ჩვეულებრივ, გამოცდილ გლეხებს აყენებდნენ. შედარებით ადვილი იყო დღის მეხრეების საქმიანობა. დღის მეხრეებად შედარებით ახალგაზრდები იყვნენ. ამათგან ერთ-ერთის (წინა მეხრე) მოვალეობას ხშირად 12-14 წლის მოზარდი ასრულებდა ხოლმე.

როგორც მოდგამის წევრების, ისე მუშა საქონლის შრომის, დასვენებისა და კვების რეჟიმი მტკიცედ იყო დადგენილი.

მხვნელთა მძიმე შრომას სიმღერა ახალისებდა და აადვილებდა. სიმღერას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ქართველი გლეხი. გუთნისდედები ცდილობდნენ მოდგამში ჰყოლოდათ კარგი მომღერალი, რომელსაც ზოგჯერ სიმღერისთვის ზედმეტად უხნავდნენ ერთ დღეს. ხვნასთან დაკავშირებული სიმღერები შრომის პოეზიის სახეთა შორის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და თემტურად მრავალფეროვანია. ეს სიმღერები ქართლ-კახეთში "ოროველებად" არის ცნობილი.

მოდგამის დაპურება იმ ოჯახს ევალებოდა, რომლის მიწაც იხვნებოდა. ხვნის დროს მინდორში მიჰქონდათ სადილი და სამხარი. თუ სახნავ-სათესი მინდორი სოფელთან ახლოს იყო, ჯერი ოჯახის წევრს, მეტწილად ქალს მიჰქონდა. მოდგამში ქალის მონაწილეობა ამით იფარგლებოდა. როცა სახნავი შორს იყო, მაშინ საჭმელი გუთნისდედას მიჰქონდა დილით იმ ოჯახიდან, ვისი მიწაც იხვნებოდა. ქიზიყსა და გარე კახეთში ამისთვის გუთნისდედას ცხენი ჰყავდა, რაშიც ხვნადღე ერგებოდა. ზოგიერთ სოფელში, რომელსაც სახნავსათესი მინდორი განსაკუთრებით შორს ჰქონდა და ამიტომ მოდგამის ყველა წევრი მთელი კვირის განმავლობაში მინდორში იყო, გუთნისდედა შაბათს, სამუშაოს შემდეგ წამოვიდოდა, კვირას დაუვლიდა იმ ოჯახებს, რომლებისთვისაც მომავალ კვირას უნდა ეხნათ და იმათგან წაიღებდა სურსათ-სანოვაგეს იმის მიხედვით, თუ ვისთან რამდენი დღე უნდა ემუშავათ.

გუთნისდედა ვალდებული იყო ხვნა დაპირებულ ვადაში დაემთავრებინა. თუ რაიმე მიზეზის გამო მოდგამის მუშაობა რომელიმე დღეს ჩაიშლებოდა და მოდგამის რომელიმე წევრს ვერ დაუმთავრებდნენ დაწყებულ სამუშაოს, გუთნისდედა ვალდებული იყო ეს სამუშაო სხვა დღეს დაესრულებინა. თუ მეხრეებს ერთმანეთთან რაიმე სადავო აღმოუჩნებოდათ, ესეც გუთნისდედას უნდა მოეგვარებინა. უკიდურეს შემთხვევაში მას შეეძლო მოდგამის ურჩი წევრი ამ გაერთიანებიდან გაეძევებინა, მაგრამ ამ უკანასკნელის მიერ უკვე გაწეული შრომა უნდა აენაზღაურებინა. გუთნისდედას თვალყური უნდა ედევნებინა, რომ მეხრეებს სხვისი საქონელი არ დაეჩაგრათ. ეს ყველაფერი მოითხოვდა მისგან გარკვეულ ორგანიზატორულ ნიჭს და ცოდნა-გამოცდილებას. გუთნისდედას სოფელში პატივს სცემდნენ. მისი განსაკუთრებული მდგომარეობა ისტორიულად მომდინარეობდა. გუთნისდედის გარკვეული შეღავათები ოფიციალურ დოკუმენტებშია ასახული. ერეკლე II განჩინებაში მორიგი ჯარის შესახებ აღნიშნულია, რომ როდესაც ხვნის დრო იყო, გუთნისდედას შეეძლო თავის მაგივრად თავისი "ბადალი" გაეგზავნა.

გარეკახეთის სოფლებში გუთნისდედები წელიწადში ერთხელ ხვნის წინ გამართულ საღმრთოზე ირჩევდნენ უფროსს (უსტაბაში). ეს იყო ერთ-ერთი გუთნისდედათაგანი, რომელიც სხვებთან შედარებით უფრო გამოცდილი იყო და სოფელში ავტორიტეტით სარგებლობდა. მას გუთნისდედებთან ერთად უნდა დაედგინა ხვნის ჩატარების ვადები. მის მოვალეობად ითვლებოდა ხვნის წინ საღმრთოს ორგანიზაცია, ხვნის მთელი პერიოდის განმავლობაში მოდგამის მუშაობისათვის თვალყურის მიდევნება. თუ მეხრეები უკმაყოფილონი იყვნენ, მასთან შეეძლოთ ეჩივლათ. მასვე უნდა მოეგვარებინა ყოველგვარი უსიამოვნება, თუკი ამას ადგილი ექნებოდა. ერთადერთი საზღაური ყოველივე ამის გამო იყო ის პატივისცემა, რომლითაც უსტაბაში სარგებლობდა სოფელში. ზოგიერთ სოფელში მისი ფუნქციები შეზღუდული იყო და მხოლოდ საღმრთოს ორგანიზაციით იფარგლებოდა.

მოდგამის წევრებზე განაწილებული ალოების გარდა, ეს გაერთიანება მიწას უხნავდა სოფლის მენახირეს (სამენახირეო ალო), მეველესა და მჭედელს (მჭედლის ალო). ხვნის ხანგრძლივობას ზოგან ზრდიდა ისიც, რომ იქ ხნავდნენ სოფლის თანამდებობის პირთათვის. ბევრგან წესად იყო მიღებული ხვნა მიწათმფლობელთათვის ტყით, წყლით, საძოვრებით და სხვა სავარგულებით სარგებლობისათვის. ზოგან ქვრივ-ობოლთათვისაც იცოდნენ ხვნა. ზოგიერთ სოფელში ყველა მოდგამი თითო ალოს ყიდიდა და ამ ფულით საღმრთოს იხდიდა.

ცალკეულ რეგიონებში მუშახელისა და საქონლის რაოდენობა, ალოების განაწილების ნორმები არ იყო ერთნაირი, მაგრამ ყოველი კონკრეტული ადგილისთვის მტკიცედ იყო დადგენილი. შიდა ქართლში გუთნისდედას შრომაში 2 ალო ერგებოდა, ღამის მეხრეებსაც - ორ-ორი, დღის მეხრეებს - თითო. ერთ უღელ ხარსა და კამეჩში მათ პატრონებს თითო ალო, გუთნის პატრონს 2 ალო. აქედან ერთი ალო ივარაუდებოდა სახნისისთვის, ნახევარი - საკვეთელისათვის, ნახევარი გუთნის ხის ნაწილისათვის. გუთანი, სახნის-საკვეთით, როგორც წესი, გუთნისდედას ეკუთვნოდა. გუთანს 2 ღვედი (ტყავისგან დაწნული ღვედი, რომლის საშუალებითაც უღლები ერთმანეთთან იყო დაკავშირებული) სჭირდებოდა. თითო ღვედში მის პატრონს ნახევარი ალო ერგებოდა. ასევე ჯამბარა-აპეურების პატრონსაც ნახევარ ალოს უხნავდნენ. უმრავლეს შემთხვევაში ღვედები და ჯამბარა-აპეურებიც გუთნისდედისა იყო.

მოდგამის მუშაობასთან დაკავშირებული იყო გარკვეული რწმენა-წარმოდგენები და ადათ-ჩვეულებები. მათ შორის მნიშვნელოვანი ადგილი ჰქონდა დათმობილი ხვნა-თესვის დაწყებასა და დამთავრებასთან დაკავშირებულ ცერემონიალს. ქართლ-კახეთის ბარში ანეულის ხვნის წინ იმართებოდა "სასოფლო საღმრთო". კახეთის იმ სოფლებში, სადაც სათემო მიწათმფლობელობა იყო შემორჩენილი, სასოფლო საღმრთო განსაკუთრებული ორგანიზებულობით ხასიათდებოდა. ყოველ მოდგამს, ასევე ოჯახს, რომელიც დამოუკიდებლად ხნავდა, უნდა გაეყიდა თითო ალო (ფულს წინასწარ იღებდნენ). ამ თანხით ყიდულობდნენ საკლავს, ღვინოს და ხვნის დაწყებამდე ერთი დღით ადრე სასოფლო საღმრთოს მართავდნენ. სოფელი ეკლესიასთან შეიყრებოდა და პარაკლისის გადახდის შემდეგ საღმრთო სუფრა გაიშლებოდა. გუთნისდედები დალოცავდნენ მეხრეებს, უსურვებდნენ ერთგულად ემუშავათ და კარგად დაემთავრებინათ ხვნა-თესვა. მხვნელ-მთესველთა გარდა, აქ მოწვეულები იყვნენ: სამღვდელოება, მეცხვარეები, რომლებიც ცხვრით შეეწეოდნენ, მენახირეები, მეველეები. მოხუცებსა და ავადმყოფებს ულუფას სახლში უგზავნიდნენ. გარე კახეთის ზოგიერთ სოფელში საღმრთოს ორგანიზაციას გუთნისდედა ახდენდა.

მოდგამთან დაკავშირებული წესები, მტკიცედ გამომუშავებული ჩვევები მიუთითებენ იმაზე, თუ რამდენად ჰქონდა შესისხლხორცებული ეს ინსტიტუტი ქართველ გლეხობას.

შრომის ორგანიზაციის ისეთ ფორმაში, როგორიცაა მოდგამი, ნათლადაა გამოკვეთილი ქართველი ხალხის სამიწათმოქმედო კულტურის მაღალი დონე, ყველა იმ მიღწევით, რაც საერთოდ გაიარა სახვნელმა იარაღმა და შრომის ორგანიზაციის ფორმებმა თავისი განვითარების უშორეს გზაზე.


ლიტერატურა