იეჰოვა
იეჰოვა
ივრითისეული ოთხასოეულ "ტეტრაგრამატონის" ჲჰვჰ יהוה ლათინური ვერსია, რომელიც გავრცელდა სხვადასხვა ენებში. იგი აბრაამისეული რელიგიების ორ განაყოფში − იუდაიზმსა და ქრისტიანობაში გვხვდება. წარმოადგენს ისრაელის ღმერთის და მამა-ღმერთის საკუთარი სახელს. გამოიყენება ძველ აღთქმაში (თანახი). ბიბლიის თანახმად, უფალი გამოეცხადა ებრაელ ხალხს მოსეს დახმარებით.
ეტიმოლოგია
ტეტრაგრამატონის ქართულად თარგმნის მრავალი ვარიანტი არსებობს, მათ შორის:
- მე ვარ, რომელიც ვარ
- მე ვარ, რომელიც იყო, არის და იქნება
- მე ვარ და მე ვიქნები შენთან
- მე ვქმნი და გარდავქმნი ყოველივეს
- მე ვათავისუფლებ
ტეტრაგრამატონი დაახლოებით 7000-ჯერ არის წარმოდგენილი ბიბლიის ტრადიციულ, მასორეტულ ტექსტებში, ხოლო უძველესი ლათინური ტრანსლიტერაცია მიეკუთვნება XIII საუკუნეს.
ზოგიერთი მკვლევარის აზრით, ტეტრაგრამატონის თანამედროვე გამოთქმა იეჰოვა უნდა უკავშირდებოდეს ჲჰვჰ-ს. ის ივრითში ღმერთის ერთ-ერთი ტიტულის ადონაჲ-ს კომბინირებულ ვარიანტს წარმოადგენს XII საუკუნიდან. თუმცა ზოგიერთი მოწმობით, ეს ფორმა გვხვდება ჯერ კიდევ გვიანი ანტიკური ეპოქის ბოლოს (V საუკუნეში). აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, მკვლევართა უმეტესობა თანხმდება, რომ ტეტრაგრამატონის ყველაზე ზუსტი ვოკალიზება თორას ძველ ხელნაწერებში (ძვ. წ-აღ. VI ს) უნდა ყოფილიყო ჲაჰვჱ, ჲაჰვე. თუმცა ეს საკითხი დღემდე სადავოა იმ მიზეზთა გამო, რომ ღმერთის საკუთარი სახელის წარმოთქმა იუდაიზმში ისევე, როგორც ადრეულ ქრისტიანობაში აკრძალული იყო პატივისცემის მიზნით.
მიიჩნეოდა, რომ არასრულყოფილ არსებას - ადამიანს ღმერთის წმინდა სახელი არ უნდა წარმოეთქვა, მისდამი შეურაცხყოფის თავიდან აცილების მიზნით. ღმერთის სახელს მხოლოდ უმაღლესი მღვდელმსახური წარმოთქვამდა წელიწადში ერთხელ, ქიფურის დღესასწაულზე. მისი მნიშვნელობა სცილდება ყოფის იდეას ფილოსოფიური გაგებით და მოიცავს ღმერთის მონაწილეობას ისრაელის ისტორიაში. ამიტომ ტეტრაგრამატონს ჩვეულებრივ კითხულობდნენ როგორც ადონაჲ-ს ("უფალო ჩემო და ღმერთო ჩემო") ან ღმერთის კიდევ ერთ-ერთი ტიტულის, ცაბაოთ (საბაოთ) ზეცათა უფლის სახით. ამიტომაც დღესდღეობით ტეტრაგრამატონის ზუსტი ვოკალიზება დაკარგულია.