გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

კერა

(გადმომისამართდა კერია-დან)
ფაილი:Kera1.jpg
კერა. გუდაბერტყას მტკვარ-არაქსის კულტურის ნამოსახლარი. ძვ. წ-აღ. III ათასწ.
კერა სვანურ მაჩუბში

კერა


სინონიმები: კერია, შუაცეცხლი

ცეცხლის დასანთები და შესანახი ადგილი საცხოვრებელში. მისი გამოყენება ადამიანმა ისწავლა განვითარების ადრინდელ საფეხურზე. ფიქრობენ, რომ 2 000 000 — 1 800 000 წლის წინ ცეცხლს იყენებდა უძველესი ადამიანი ე. წ. ბოისეს პარანთროპი, რომლის ნაშთები აღმოჩენილია ტანზანიაში, ოლდუვაის ხეობაში (ლუის ლიკის გათხრები), ჩინეთში, ჯოუკოუდიანის მღვიმეში, აშელური ხანის ადამიანის — სინანთროპის ნამოსახლარში აღმოჩნდა ხანგრძლივი დროის განმავლობაში მუდმივი ცეცხლის კვალი და ქვებისაგან მოწყობილი კერის ნაშთები. აშელური ხანის კერის ნაშთები მიკვლეულია დასავლეთ ევროპაშიც. მუსტიეს ხანიდან კერა გვხვდება ადამიანის ყველა ნამოსახლარში. ცნობილია კერასთან მიცვალებულთა დაკრძალვის შემთხვევებიც.

საქართველოში უძველესი კერა (გარკვეულად განლაგებული ქვები, ორმო, რომელსაც ცეცხლის კვალი ეტყობა) გვხვდება ადრინდელი მუსტიეს ხანაში (წოფი, ბრინჯაოს მღვიმე), გვიანდელი მუსტიეს ხანაში (ჯრუჭულის მღვიმე) და ზედა პალეოლითის მთელ რიგ ძეგლებში (დევისხვრელი და სხვა). შელავერში, იმირში და ხრამის დიდ გორაზე (ძვ. წ. VI—V ათასწლეული) ნაგებობებში და ზოგჯერ მის გარეთაც გვხვდება თიხის კერები. ხრამის დიდ გორაზე კერებში ნაპოვნი თიხის ანთროპომორფული ქანდაკებანი (ერთ მათგანში 17). გამომწვარი თიხის კერები გვხვდება მტკვარ-არაქსის კულტურის (ძვ. წ. IV ათასწლეულის დასასრული—ძვ. წ. III ათასწლეულის დასაწყისი) ძეგლებში (ოზნი, ქვარაცხელები, გუდაბერტყა, ამირანის გორა და სხვა). წრიული ფორმის თიხის გამომწვარ კერას შიგა მხარეს აქვს რამდენიმე შვერილი. კერებს იყენებდნენ გასათბობად, საჭმლის მოსამზადებლად. ამავე დროს ის ოჯახის წმინდა, საკულტო ადგილიც იყო. იქ სრულდებოდა სხვადასხვა რელიგიური რიტუალი, ცდილობდნენ მასში ცეცხლი არ გამქრალიყო. კერები გვხვდება გვიანდელი ბრინჯაოს ხანის (ძვ. წ. II ათასწლეულის დასასწისი — I ათასწლეულის დასაწყისი) ნამოსახლარებში (ხოვლეგორა, დიღომი). ფეოდალური ხანის თიხის კერებია ურბნისში (IV—VIII სს.), დმანისში (XI—XII სს.) და სხვა. ქვით ნაგები კერები — არახლოზე (XII—XIII სს.), ქოჩულოში (XII—XIII სს.) და სხვა. გვიანდელ ფეოდალურ ხანაში მას ზოგჯერ თონე ცვლიდა. საქართველოში თონის მსგავსი უძველესი კერები აღმოჩენილია სამადლოსა და ციხეგორაზე (ძვ. წ. IV—III).

ქართველი ხალხის ძველ საცხოვრებელ ნაგებობებში (მთის სახლი, დასავლეთ საქართველოს ოდა, დარბაზული სახლი) კერა საცხოვრებლის ცენტრში იყო გამართული. აქ შედიოდა ცეცხლის დასანთები და შესანახი ადგილი — ყვერბი, პურის გამოსაცხობი ოთხფეხა კერა (სვანეთი), ჯაჭვის ჩამოსაკიდებელი — აყარი და სასანთლე — საკვარე. კერებთან სრულდებოდა სხვადასხვა საწესო ჩვევები, მაგ., პატარძლის წაღმა დაბრუნება, მესისხლეთა შერიგება და სხვა.


ლიტერატურა:

  • გ. ჩიტაია, გლეხის სახლი ქვაბლიანის ხეობაში, "მიმომხილველი", ტ. 1, 1926
  • მ. ჩართოლანი, ქართველი ხალხის მატერიალური კულტურის ისტორიიდან, თბ., 1961

მოძიებულია „http://caucasology.com/wiki/index.php?title=კერა&oldid=8445“-დან