გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

ლაშარი

(გადმომისამართდა ლაშარის ჯვარი-დან)
ლაშარის ჯვრის საზარე და დროშა. ფოტო: პაატა ბუხრაშვილისა. 1999 წ.

ლაშარი


სინონიმი: ლაშარის ჯვარი

ფშავის მთავარი სალოცავი. საკულტო ცენტრი მდებარეობდა ფშავის არაგვის ხეობის ზედა ნაწილში, სოფელ ხოშარის მომიჯნავე ე.წ. "ლაშარის გორზე". ლაშარის ჯვარი ითვლებოდა მოლაშქრე ღვთაებად, რომელიც "გიშრის ფაფარიანი ნისლა ცხენით" წინ მიუძღოდა საყმოს ლაშქრობებს, როგორც ფშავის თორმეტივე თემის მფარველს, მასვე შესთხოვდნენ სახნავ-სათესის ბაქარიანობას, ადამიანთა კეთილდღეობას, ავადმყოფობისა და ზიანისაგან დაცვას. ლაშარის ჯვრის კულტი, გარდა ფშავისა, გავრცელებული იყო თუშეთში, ხევსურეთში, მოსაზღვრე ბარის რაიონებში, მეზობელ ჩრდილოეთ კავკასიის მთიელებში. ლაშარის ჯვარი ითვლებოდა ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ღვთაებად, რომელიც ფლობდა მრავალ შემოწირულ განძეულობას (მათ შორის საქართველოს მეფეებისგანაც), ადგილ-მამულს, ზვრებს კახეთში და სხვა.

არსებობს შეხედულება (ვახუშტი), რომ ლაშარის ჯვარი აგებულია ლაშა გიორგის მიერ, ლაშა გიორგის სახელს უკავშირებს მას ხალხური გადმოცემაც, მაგრამ ღვთაების ფუნქციის, ისტორიული და ენობრივი მონაცემების მიხედვით, ლაშარის ჯვარი წარმართული, ასტრალური ბუნების ღვთაება უნდა იყოს, რომელსაც ქრისტიანულ ხანაში ლაშა გიორგის კულტი შეერწყა (ისევე როგორც თამარ-აქიმ-დედოფლის კულტის თამარ მეფისა). ქართულ ფოლკლორში ლაშარის ჯვრისადმი (ლაშარელასადმი) მიძღვნილი მრავალი ლექსი მოიპოვება: "ლაშარელაის ლურჯისა", "ლაშარის ჯვარი ჯავრობდა", "დიდობდა ლაშარის ჯვარი", "თამარ დედოფალი და ლაშარის ჯვარი" და სხვა.


ლიტერატურა

  • ვ. ბარდაველიძე, აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ტრადიციული საზოგადოებრივ-საკულტო ძეგლები, ტ. 1 - ფშავი, თბ., 1974
  • ქართული ხალხური პოეზია, ტ. 1, ნაკვ. 1, თბ., 1972
  • მ. ჩიქოვანი, ბერძნული და ქართული მითოლოგიის საკითხები, თბ., 1971

მოძიებულია „http://caucasology.com/wiki/index.php?title=ლაშარი&oldid=9504“-დან