გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

აგური

აგური


მინერალური წარმოშობის სხვადასხვა მინარევისაგან (თიხა, ტრეპელი, კვარცის ქვიშა, კირი) დაყალიბებული, სწორკუთხა პარალელეპიპედის ფორმის მტკიცე და ყინვაგამძლე, უძველესი საშენი მასალა. ტერმინი „აგური“ X საუკუნიდან გვხვდება, მანამდე ალიზის სახელწოდებით იყო ცნობილი. ათონის ივერთა მონასტრის XIIსაუკუნის ერთ-ერთი აღაპიდან ჩანს, რომ საქართველოში მოჭიქული აგურიც მზადდებოდა. ძველი მეთუნეები აგურს ამზადებდნენ გაცრილი აყალო მიწისგან., რომელსაც ერეოდა ქვიშის მესამედი ნაწილი. გაცრილ-დაბეგვილ ფხვიერ მიწას ოსტატები გასუფთავებულ ადგილზე - „კალოზე“ დაყრიან და წყლით დაალბობენ. დაზელილი თიხა დაზგაზე თავსდება და იწყება მისი ყალიბით „მოჭრა“. გავრცელებულია,როგორც ოთხაგურიანი,ისე ორაგურიანი ყალიბი. შლამგამოვლებულ ყალიბის „თვალში“ სააგურე გუნდებს „ჩააგდებენ“, ფიცარ-საფხეკს (სინგირს) გადაუსვამენ და ზედაპირს გაასწორებენ. ყალიბს სუფთა გადავაკებულ სააგურე კალოზე წამოაპირქვავებენ. აგური იჭრება და მზეზე შრება. გამშრალ აგურს ქურაში ჩაალაგებენ და გამოწვავენ. აგურის ქურა სხვადასხვა ზომისაა. ორსართულიანი ქურის დაბლა ნაწილში ცეცხლი ინთება, მაღლა ქურაში კი აგური ისე უნდა დალაგდეს, რომ ცეცხლმა ყველა მიმართულებით „იმუშაოს“. გამოწვის პროცესი ცეცხლის „მძიმედ“ მიცემით, ანუ „დაბოლებით“ იწყება, რომელიც გრძელდება ერთიდან სამ დღემდე. აგურის მთლიანად გამოწვას ერთი კვირა სჭირდება. ძველად, უმთავრესად კვადრატული ფორმის აგურს ამზადებდნენ. ანტიკურ და ადრეფეოდალურ ხანაში მისი ზომა 46-54 სმ იყო, სისქე - 10-11სმ. შუასაუკუნეებში აგურის ზომა შემცირდა (21-25 სმ), სისქე - 4-7სმ. 40-50 წლებიდან ქართული აგური ხმარებიდან გამოსულა და მისი ადგილი რუსულ აგურს დაუკავებია. შესაბამისად, აგურის ჭრის ტექნიკაც შეცვლილა, თუმც აგურის მიწის მოთხრა-დაზელვისა და გაშრობა-გამოწვის ტრადიცია ძველებურად გაგრძელდა. ქართული აგურის კეთება ძნელი იყო - დროც მეტი სჭირდებოდა და ძალაც. ერთი კალაპოტით ერთი ქართული აგური იჭრებოდა, რუსული კი - ოთხი.


წყაროები

  • ქართული ეთნოლოგიური ლექსიკონი მთ. რედ. პროფ. სოსო ჭანტურიშვილი. თბ. 2009 წ.
  • ლ. ბოჭორიშვილი, კახური კერამიკა, 1949 წ.
  • მ. ზანდუკელი, ქართული ხალხური კერამიკა, 1982 წ.
  • ჯ. ჯღამაია, რუსთაველის ხანის საქართველოს სამშენებლო კერამიკა, 1968 წ.

მოძიებულია „http://caucasology.com/wiki/index.php?title=აგური&oldid=3693“-დან