ბასტიონი
ბასტიონი
(ფრანგ. Bastion < გვიანდ. ლათ. Bastillio "ვაგებ სიმაგრეს") — ციხესიმაგრის გალავნის კუთხეებში დატანებული ხუთწახნაგა ნაგებობა, საიდანაც ცეცხლს უშენდნენ მოწინააღმდეგეს. პირველად ბასტიონი იტალიაში გაჩნდა XV საუკუნის დასასრულს. ციხესიმაგრის ბასტიონებს ზარბაზნების დასადგმელად ჰქონდა 1 ან 2 მიწაყრილი. ბასტიონის წინა მხარეს ეწოდებოდა ფასი, გვერდითა ნაწილებს ფლანგები, ზურგის შიდა მხარეს — გორჟა. ორი მეზობელი ბასტიონის ერთმანეთისაკენ მიმართული ნაწილები და მათი შემაერთებელი კედლის მონაკვეთი — კურტინა — ჰქმნიდა ბასტიონის ფრონტს. საქართველოში ზოგიერთ ციხესიმაგრის გალავანს ჰქონდა კუთხეებში იმავე დანიშნულების მრგვალი კოშკები — ბურჯები.