გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

ჰერეთი

ჰერეთი



აღმოსავლეთ საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, დაარსებული ქართველთა ერთ-ერთი ეთნარქის ჰეროსის მიერ.

ჰერეთის ქვეყნის დედაქალაქი, მდინარეების იორისა და ალაზნის შესართავში არსებული ქალაქი ჰერეთი.

  • სამხრეთი საზღვარი: ქალაქ ჰერეთიდან (იორ-ალაზნის შესართავიდან) მდინარე იორის გაყოლებით ვიდრე მის მარცხენა შენაკადამდე — დანიანის ხევამდე (სამების ხეობამდე).
  • დასავლეთი საზღვარი: ივრიდან დანიანის (სამების), თურდოსა და სტორის ხეობები კავკასიონამდე.
  • ჩრდილოეთი საზღვარი: კავკასიონის მთავარი ქედი სტორის ხეობასა და გიშისწყალს შორის.
  • აღმოსავლეთი საზღვარი: გიშისწყალი ალაზნამდე და მდინარე ალაზანი ქალაქ ჰერეთამდე (იორ-ალაზნის შესართავამდე).

გულგულა — საგულისხმოა, რომ ისტორიულ წყაროებში ნახსენები დასახლებული პუნქტი გულგულა (იგივე ტყე-ტბა), რომელიც დღესაც არსებობს და მდებარეობს სწორედ ზემოთაღნიშნულ საზღვრებში კერძოდ კი ისტორიული ჰერეთის საზღვრის პირას, მდინარე თურდოს მარჯვენა სანაპიროზე. გადმოცემის მიხედვით ცნობილია რომ ძველად გულგულა მდებარეობდა მდინარე თურდოსხევის ზედა ნაწილში. შესაბამისად მისი, როგორც საზღვრისპირა დასახლებულ პუნქტად გამოყენება მართებულია.

"კვალად ამ ლოპოტის წყლის შესართავს ზეით ალაზანს მოერთვის თურდოსხევი, გამომდინარე შუამთიდამ. ამ ხევზედ არს გულგულა, რომელსა ეწოდა პირველ ტყე-ტბა. ესე ხევი არს საზღვარი ჰერეთისა და კახეთისა."[1]

საყორნის მთა — ისტორიული ჰერეთის ტერიტორიაზე მდებარეობს საყორნის მთა, რომელზეც ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად მიმსჭვალული იყო პრომეთე.

"ჰერსს ანუ ჰეროსს განუჩინა ადგილნი: აღმოსავლით კავკასია, დასავლით მდინარე მტკვარი, სამხრით საზღვრადმდე მოვაკოჲსა და ჩრდილოდ ტყე-ტბადმდე. ამან უწინარეს ყოველთა ძმათა თჳსთა აღაშენა ქალაქი და ციხე, სადაცა იყრებიან ორნი მდინარენი ივერი დიდი (ესე იგი ალაზანი) და ივერა (ანუ იორა) მცირე, ესე იგი იორი. ამა ორთა მდინარეთა შესაყარსა საშუალ და უწოდა ხორნა-ბუჯი ანუ ხორანთა (ხორა სახელედებოდა მეუღლესა ამისსა)."[2]

"და მისცა კახოსს საზღვარი: აღმოსავლით მთა კავკასი, სამხრით საზღვარი ჰერეთისა, თურდო-შტორის ხევი ვიდრე კავკასამდე..."[3]

"ხოლო კვალად ნინოწმინდას ზეით ერთვის იორს სამების ხევი, ეგრეთვე გამომდინარე და მომდინარე ვითარცა წინათ ხევნი (ნინოწმინდისა და გიორგიწმინდის ხევენი). და ამის შესართვაზედ ხაშმს ჰყვეს მონასტერი და ციხე ნათლისმცემლის მონაზონთა. ამას ზეით ამ ხევზედ არს ეკლესია დიდშენი, გუნბათიანი, სამებისა. ზის ეპისკოპოზი, მწყემსი ამას ზეითის ქვეყნისა ერწოდმდე. ესე ხევი არს საზღვარი ჰერეთისა და კახეთისა."[4]

ადმინისტრაციული დაყოფა

თავდაპირველად ჰერეთი შეადგენდა ერთიან რეგიონს, ხოლო დროთა განმავლობაში, მისმა სხვადასხვა ნაწილმა ცალკე სახელწოდება მიიღო რელიეფიდან გამომდინარე, თუმცა ისევ რჩებოდა ჰერეთის შემადგენლობაში.

"ხოლო შემდგომად განდგომილებისა, ქორინიკონსა ჩუჲვ ქართულსა ჩნდ მოისპო სახელი ჰერეთისაცა და იწოდნენ საკუთრად კახთ მეფედ; და ჰერეთს უწოდებენ შემდგომად აწამდე განყოფით ესრეთ: გაღმა-მხარს, ელისენსა, შიგნით-კახეთს და ქისიყს, და გარეთ-კახეთს."[5]

XVIII საუკუნის ბოლოსათვის ვახუშტის ბატონიშვილის მიერ აღწერის მომენტში ჰერეთი შედგებოდა შემდეგი ნაწილებისაგან:

  • გაღმამხარი (კახეთი)
  • ელისენი
  • შიგნიკახეთი
  • ქიზიყი
  • გარეკახეთი

წყაროებში პირველად V საუკუნეში მოიხსენიება. უძველეს ხანაში კავკასიის ალბანეთის სამეფოში შედიოდა. X-XIV საუკუნეების წყაროების მიხედვით მოიცავდა გვიანდელი ხანის შიგნიკახეთისა და გაღმამხრის ტერიტორიას (მდ. ალაზნის ველი) საინგილოს ჩათვლით. XII საუკუნეში ამ ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა საქართველოს ფეოდალური მონარქიის ერთ-ერთი ადმინისტრაციულ-პოლიტიკური ერთეული — ჰერეთის საერისთავო, რომელიც დაღესტნის მოსაზღვრე მთიანეთსაც მოიცავდა. XI საუკუნის ზოგიერთი წყაროს მიხედვით, ჰერეთი მოიცავდა კამბეჩოვანსაც და სუჯეთსაც (ე. ი. გარდა მდ. ალაზნის ველისა, მდ. ივრის შუა და ქვემო დინების ზეგანს), თუმცა წყაროსეული ცნობა უფრო ძველ რეალობას ასახავს და ეფარდება ვახტანგ I გორგასალის (V ს.) მიერ შექმნილ ადრინდელი პერიოდის ჰერეთის საერისთავიოს ტერიტორიას. ზოგიერთი წყაროს მიხედვით სახელწოდება "ჰერეთი" აგრეთვე კავკასიის ალბანეთის ტერიტორიასაც აღნიშნავს. XV საუკუნიდან ტერმინი "ჰერეთი" აღარ იხმარება და მას ენაცვლება ტერმინი "კახეთი".


ლიტერატურა:
  1. ვახუშტი ბატონიშვილი, „საქართველოს გეოგრაფია“, თბ. 1904, გვ. 162
  2. ვახუშტი ბატონიშვილი, გვ. 30
  3. ვახუშტი ბატონიშვილი, გვ. 127
  4. ვახუშტი ბატონიშვილი, გვ. 135
  5. ვახუშტი ბატონიშვილი, გვ. 129
მოძიებულია „http://caucasology.com/wiki/index.php?title=ჰერეთი&oldid=7159“-დან