გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

საცეხველი: განსხვავება გადახედვებს შორის

 
(2 შუალედური ცვლილებები იმავე მომხმარებლის მიერ არ არის ნაჩვენები)
ხაზი 245: ხაზი 245:
 
* <small>ნ. კახიძე, მაჭახლის ხეობა, ბათუმი, 1974</small>
 
* <small>ნ. კახიძე, მაჭახლის ხეობა, ბათუმი, 1974</small>
 
* <small>Кальвент Е., Очерк сельского хозяйства верхней  Сванетии, Тифлис, 1911</small>
 
* <small>Кальвент Е., Очерк сельского хозяйства верхней  Сванетии, Тифлис, 1911</small>
* <small>Марр Н. Я. Граматика чанского (лазского) языка, с. Петербург, 1910</small>
+
* <small>Марр Н. Я. Грамматика чанского (лазского) языка, с. Петербург, 1910</small>
 
* <small>ჯ. რუხაძე, ღომის კულტურა დასავლეთ საქართველოში, მსე, ტ. XI, თბ. 1960</small>
 
* <small>ჯ. რუხაძე, ღომის კულტურა დასავლეთ საქართველოში, მსე, ტ. XI, თბ. 1960</small>
 
* <small>პ. გუგუშვილი, მარცვლეულის მეურნეობა საქართველოსა და ამიერკავკასიაში, თბ., 1954</small>
 
* <small>პ. გუგუშვილი, მარცვლეულის მეურნეობა საქართველოსა და ამიერკავკასიაში, თბ., 1954</small>
 
* <small>ალ. ბენდიანიშვილი, აგრარული ურთიერთობანი საქართველოში, თბ., 1965</small>
 
* <small>ალ. ბენდიანიშვილი, აგრარული ურთიერთობანი საქართველოში, თბ., 1965</small>
 
* <small>ნ. ბრეგაძე, მთის მიწათმოქმედება დასავლეთ საქართველოში, თბ., 1969</small>
 
* <small>ნ. ბრეგაძე, მთის მიწათმოქმედება დასავლეთ საქართველოში, თბ., 1969</small>
* <small>Марр Н. Я., Дневник из поездки в Шавшетию и Карджетию, С. П. 1911</small>
+
* <small>Марр Н. Я., Дневник из поездки в Шавшетию и Кларджетию, С. П. 1911</small>
 
* <small>ჯ. რუხაძე, ხალხური აგრიკულტურა დასავლეთ საქართველოში, თბ., 1976</small>
 
* <small>ჯ. რუხაძე, ხალხური აგრიკულტურა დასავლეთ საქართველოში, თბ., 1976</small>
 
* <small>მიწათმოქმედება და სოფლის მეურნეობის იარაღები, შინამრეწველობის მასალები</small>
 
* <small>მიწათმოქმედება და სოფლის მეურნეობის იარაღები, შინამრეწველობის მასალები</small>

მიმდინარე ცვლილება 12:05, 13 მარტი 2021 მდგომარეობით

საცეხველი


საქართველოში მარცვლეული კულტურების ცეხვა და ნაყვა ქვის და ხის საცეველში ხდებოდა.

საცეხველი ხანგრძლივი ემპირიული დაკვირვებს შედეგად ჩამოყალიბებული ტრადიციული იარაღია. მის კონსტრუქციულ-ფუნქციურ თავისებურებებს, გავრცელების არეალს და სიხშირეს განსაზღვრავს გარკვეული ჯიშის მარცვლეულის თვისებები და მისი მოხმარების წესი, აგრეთვე გეოგრაფიული გარემო და ბუნებრივი პირობები.

საქართველოში საცეხველის სამი ტიპია დადგენილი: ა) ხელის, ბ) ფეხის და გ) წყლის. ხელის საცეხველის სამი სახესხვაობა არსებობს: ბრტყელი ან მრგვალი სანაყ-სასრესი, სწორი სანაყი და თავმოხრილი სანაყი. თავმოხრილი სანაყის ორი ქვესახეობა დასტურდება: მთლიანი ხისგან თავმოხრილად გათლილი და ორი ნაწილისგან შედგენილი „ჩაქუჩისებური“. მეორე ტიპის - ფეხის საცეხველის ერთადერთი სახეობაა ხის ფეხის დინგი. მესამე ტიპის - წყლის საცეხველი ორგვარია: ბერკეტიანი - ერთღერძიანი და ვერტიკალურ ბორბლიანი მრავალღერძიანი: ერთღერძიანი საცეხველი კონსრტუქციულად სხვაგვარიც არის .

საცეხველი XX საუკუნის დასაწყისშიც მოქმედებდა.

XIX საუკუნეში და XX საუკუნის 30-იან წლებში ხელის საცეხველი ფორმათა ვარიაციული სახესხვაობებით მთელი საქართველოსათვის დამახასიათებელ სამეურნეო იარაღად შეიძლება მივიჩნიოთ, მაგრამ იგი ყველგან ერთნაირი სიხშირით და ერთნაირი სახეობით არ დასტურდება.

აღნიშნულ პერიოდში, აღმოსავლეთ საქართველოს უმრავლეს რეგიონებში სამივე ტიპის საცეხველია ცნობილი. სამცხე-ჯავახეთში ინტენსიურად გავრცელებული ხელის საცეხველი სამი სახესხვაობით არსებობს. აქ ხშირია ხის მოხრილთავიანი - თოხმახიანი როდინი, ნაკლები სიხშირით სწორსანაყიანი როდინი იხმარება, ხოლო იშვიათად ის როდინი, რომელსაც პირობითად სანაყ-სასრესს ვუწოდებთ და მრგვალი, ბრტყელძირიანი მუშა ქვა აქვს. აქ ხის გრძელ მორში ამოჭრილი ხელის როდინის ერთეულ შემთხვევასაც ვხვდებით. სამცხე-ჯავახეთში წყლის ერთღერძიანი დინგი დღემდეა შემონახული; იგი აღნიშნულ პერიოდში ფართო მასშტაბით არ იხმარება.

ხელის საცეხველის თოხმახიანი სახეობა ასევე ხშირია ქვემო ქართლად წოდებულ ისტორიულ პროვინციებში: თეთრიწყაროში, ბოლნისში და თრიალეთში.

XIX საუკუნეში იმერეთის მოსაზღვრე, მახლობელ რაიონებში - შიდა ქართლში (ხაშური, ქარელი, გორი, კასპი) და კახეთში (თელავი, ყვარელი) ტრადიციულმა საცეხველმა ვერ ჰპოვა გასაქანი.

აქ ფეხი მოიკიდა მხოლოდ ხელის საცეხველის კონსტრუქციულმა სახესხვაობამ, ხის საცეხველისაგან განსხვავებული ფორმის და მოცულობის, შედარებით მცირე ზომის ხის როდინმა (ქართლი). ანალოგიური ვითარებაა კახეთში, აქ ხის მრგვალი ფილია გავრცელებული.

საინგილოში XIX საუკუნის მეორე ნახევარში ფილმა დაკარგა თავისი ფუნქცია და ხმარებიდან გამოვიდა, ხოლო ფეხის დინგი გახშირდა, მან სამეურნეო იარაღთა შორის მტკიცე ადგილი დაიკავა. აქ წყლის მრავალღერძიანი დინგიც იხმარება. ეთნოგრაფიული და ლიტერატურული მონაცემებით ამგვარი საცეხველი - დინგი XIX საუკუნის მიწურულში იშვიათად გვხვდება.

ფეხისა და წყლის მრავალღერძიანი საცეხველი კახეთის სამ მიკრორაიონშია დადასტურებული. ყვარლის რაიონში, სოფელ ოქტომბერში (ს. ზინობიანი) ვართაშენიდან გადმოსახლებულ (1919-1920) უდინებში ფეხის დინგის ხმარების ერთეული შემთხვევები გვაქვს. ფეხის დინგი ასრულებს არა მარტო ბრინჯის გასაცეხვი, არამედ, აგრეთვე, ხორბლის, ზამთრისათვის შესანახი ნიგვზისა და ხმელი სუნელის დასანაყი იარაღის დანიშნულებას.

თრიმლის დასაფქვავად გამოყენებული წყლის დინგი - "თრიმლის წისქვილი" თელავში, ამავე რაიონის სოფელ რუისირში და სიღნაღშია ცნობილი. ფეხის და წყლის დინგის არსებობა კახეთში უნდა იყოს შესარებით გვიანდელი მოვლენა. ზუსტად ვერ ვიტყვით იყო თუ არა კახეთში XIX საუკუნის პირველ ნახევარში და წინა საუკუნეებში იგივე ვითარება.

მაშასადამე ერთმანეთისაგან როგორც ძალიან ახლო, ასევე დაშორებულ ტერიტორიაზე გვაქვს საცეხველის მსგავსი და განსხვავებული ვარიანტები, რომლებიც ინარჩუნებენ საერთო ნიშნებს და ზოგიერთ განსხვავებულ ნიშნებსაც ავლენენ.

საინგილოში ფეხის საცეხველის სიხშირე და წყლის საცეხველის მრავალღერძიანობა სავსებით შეესაბამება ამ რეგიონის მარცვლეულის მეურნეობას, კერძოდ, ბრინჯის დიდი რაოდენობით წარმოებას და მის დამუშავებას, რომელიც ამ ტერიტორიაზე თურქმენული მოდგმის ხალხის დასახლებას მოჰყვა.

შიდა ქართლში (ხაშური, ქარელი, გორი, ჯასპი) როდინი და კახეთში (თელავი, ყვარელი) ფილი ხორბლის გასაცეხვად - კანის გასაცლელად - საკორკოტედ იყო განკუთვნილი. ამ რეგიონების მოსახლეობა აღნიშნულ საკვებს ძირითადად ტრადიციული წეს-ჩვეულებების შესრულების დროს იყენებდა. კორკოტის მომზადება წელიწადში რამდენჯერმე იყო აუცილებელი: შობის წინ კარგი მოსავლის დასაბევებლად და აღების შაბათს მიცვალებულისათვის. კორკოტს აკეთებდნენ აგრეთვე მიცვალებულის მოსაგონარ დღეებში: დაკრძალვა, ორმოცი, წლი რიგი.

სამცხე-ჯავახეთში (ახალაქი, ახალციხე) ისევე, როგორც ისტორიულ ქვემო ქართლში (დმანისი, ბოლნისი, თეთრიწყარო), მოსახლეობს ძირითად საკვებს დიდ როდინში გაცეხვილი, ან გაცეხვილი და ხელის წისქვილში დაღერღილი ხორბლისაგან დამზადებული კერძი წარმოადგენდა, აქ კორკოტს რიტუალური დანიშნულებაც ჰქონია. ამის გამო საცეხველი ინტენსიურად იყო გავრცელებული და ყოფიდან არ გადავარდა.

XIX საუკუნის მეორე ნახევარში ხევსურეთსა და თუშეთში საცეხველი იშვიათად გვხვდება. იგი მხოლოდ თოფის წამლის დასამტვრევად იხმარება. (V, 233; VI, 281), თუშეთში ფილი ქუმელის მოსამზადებლადაც იყო საჭირო.

დასავლეთ საქართველოში საცეხველი გამოყენებული იყო ენდემური პურეულის: მახას/ხასი პურის (აჭარა), ზანდურის და სხვა მარცვლეული კულტურების: ღომის, ასლის, ფეტვის, ბრინჯის გასაცეხვად, სელის, კანაფის და საკორკოტე ხორბლის დასანაყავად (აჭარა, რაჭა, ლეჩხუმი). აჭარაში საძიგველში ცეხვავდნენ აგრეთვე ქერს და ზოგჯერ ფშვნიდნენ სიმინდს.

აღნიშნული მარცვლეული კულტურების ხმარებიდან გამოსვლასთან დაკავშირებით საცეხველში ნაყავდნენ მარილს, ნიგოზს (რაჭა, ლეჩხუმი, ზემო იმერეთი), კერძის სანელებელს ზამთრისათვის (ზ. იმერეთი); ხილს - ვაშლს, მსხალს, ბაქმაზს წვენისათვის (აჭარა).

საცეხველი გამოყენებული იყო აგრეთვე თოფის წამლის (რაჭა, ლეჩხუმი, სვანეთი) და კრამიტის დასამტვრევად (ზემო იმერეთი).

დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რეგიონში XIX საუკუნეში სამივე ტიპის საცეხველი მოქმედებდა.

ხელის საცეხველი XIX საუკუნის პირველი ნახევრისათვის განსაკუთრებით დამახასიათებელია აჭარის, სამეგრელოსა და რაჭა-ლეჩხუმისათვის, სადაც მისი არაერთი ნაირსახეობა დასტურდება. ხელის საცეხველი ნაკლებ ხშირია ქვემო იმერეთში, ზემო იმერეთის ზოგ რაიონში იშვიათად დგინდება.

დასავლეთ საქართველოში ხელის საცეხველის ორი სახესხვაობაა ცნობილი: სწორსანაყიანი და თავმოხრილსანაყიანი კავი. სწორსანაყიანი საცეხველი არის აგრეთვე მსხვილთავიანი, რომლის ბოლო ხელის მოსაკიდებლად სიგრძეზეა გამოჭრილი. თითოეული ამ ქვესახეობის გავრცელების არეში ალაგ-ალაგ შეინიშნება სწორი სანაყის გავრცელებაც (რაჭა, ლეჩხუმი, სვანეთი), ეს საცეხველი XX საუკუნის დასაწყისში და შემდეგაც იხმარებიდა, მაგრამ არა ისეთი სიხშირით როგორც მოხრილი საცეხველი.

ფეხისა და წყლის საცეხველის ინტენსიური გავრცელების არეალი მოიცავს გურია-აჭარას, მაგრამ ხელის საცეხველთან შედარებით ნაკლები სიხშირით ხასიათდება; იშვიათად გვხვდება იგი ქვემო და ზემო იმერეთში, სამეგრელოსა და რაჭა-ლეჩხუმში. ზემო იმერეთის ზოგიერთ რეგიონში (ხარაგოული) და მის მოსაზღვრე ტერიტორიაზე, შიდა ქართლში, იგი საერთოდ არ უნახავთ. ფეხისა და წყლის საცეხველი ასევე უცნობია სვანეთისათვის.

აღნიშნული პერიოდისათვის საცეხველის ასეთი გავრცელება იმით იყო გამოწვეული, რომ XIX საუკუნის პირველი ნახევრის დასასრულს ზოგან (ქვემო იმერეთი) შემცირდა მასში მოსაცეხვი მარცვლეული: ღომი, სელი, კანაფი, ფეტვი, ზანდური და სხვ., რომელთაც ვერ შეძლეს კონკურენცია გაეწიათ სიმინდისათვის, რომლის ხვედრითი წონა, განსაკუთრებით ქვემო იმერეთში, დღითიდღე იზრდებოდა. ამიტომ XIX საუკუნის მეორე ნახევარში, მარცვლეული კულტურების შესაბამისად, საცეხველი შედარებით იშვიათად იხმარება და კარგავს თავის ღირებულებას.

სხვა სურათია სამეგრელოში. XIX საუკუნის მეორე ნახევრის დასაწყისში აქ ღომის კულტურას ჯერ კიდევ სავაჭრო ხასიათი აქვს, აღსანიშნავია ისიც, რომ სამეგრელოში და გურია-აჭარაში ბრინჯის უხვი მოსავალიც მოჰყავდათ. ღომის ნათესების საგრძნობი შემცირების შემდეგ, ბრინჯი კვლავ ითესებოდა, ის საკვებში ღომის ადგილს იკავებს და XX საუკუნის დასაწყისშიც რენტაბელურია. ამ მიზეზის გამო საცეხველი ყოფაში დარჩა.

ასეთივე ვითარებაა რაჭაში და ლეჩხუმში. აქ საცეხველის არსებობა და მისი გავრცელების სიხშირე, ძირითადად, მარცვლეული კულტურების: მახა-ზანდურის და ღომის მოსავალთან იყო დაკავშირებული, ეს სამეურნეო იარაღი კორკოტისთვისაც სჭირდებოდათ . XIX საუკუნის ბოლოს, როდესაც შემცირდა ღომის, ხოლო შემდეგ მახას და ზანდურის მოსავალი, საცეხველი ხმარებიდან გამოვიდა და გაიშვიათდა. ივარაუდება, რომ ამ დროს გაჩნდა ხის, შედარებით მცირე ზომის სწორ-სანაყიანი როდინი.

საცეხველი ნაირგვარია კონსტრუქციისა და მასალის თავისებურებების მიხედვით, გვხვდება როგორც ხის, ისე ქვის საცეხველი, უფრო გავრცელებულია მეორე ამათგანი.

გასული საუკუნის მასალების მიხედვით საქართველოს უმრავლეს რეგიონში: გურიაში (ოზურგეთი, ჩოხატაური, ლანჩხუთი), ზემო იმერეთი (ტყიბული, საჩხერე, ჭაითურა, წყალტუბო, ქუთაისი), რაჭაში, ლეჩხუმში (ამბროლაური, ონი, ცაგერი), ზემო და ქვემო სვანეთში (მესტია, ლენტეხი) ქვის საცეხველი ჭარბობდა ხისას, ხოლო ქვემო იმერეთში (სამტრედია, ვანი, წულუკიძე) და სამეგრელოში (აბასშა, ზუგდიდი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ, გეგეჭკორი) უფრო ფართოდ ხის საცეხველი იხმარებოდა.

აღმოსავლეთ საქართველოში: სამცხე-ჯავახეთში, თრიალეთში და ქვემო ქართლში (თეთრი წყარო, ბოლნისი, დმანისი) ძისითადად ქვის საცეხველს იყენებდნენ, ხის საცეხველის არსებობის თითო-ოროლა შემთხვევა დასტურდება.

შიდა ქართლსა (ხაშურის, ქარელის, გორის და კასპის რაიონებში) და კახეთში ხის როდინი/ფილია ცნობილი, ხევსურეთსა და თუშეთში ქვის საცეხველი და ხის ფილი არის დადასტურებული.

დასავლეთ საქართველოში საცეხველი სხვადასხვა ფორმის და მოცულობის იარაღია, გვხვდება კონუსისებური, ოვალური, დიდგულიანი - გულბანდიანი (იმერეთი, რაჭა, ლეჩხუმი, გურია, სამეგრელო), კონუსისებური პირჩაჭრილი (სამეგრელო), მრგვალი, დიდგულიანი ოთხფეხიანი (ქვემო იმერეთი, სოფელი ვანი), ოვალურყურიანი (გურია, მახარაძის რაიონი), მრგვალი, დიდგულიანი (ზემო იმერეთი, ტყიბულის რაიონი).

ხელის და ფეხის საცეხველს ამოღებული აქვს დიდი გული, წყლის საცეხველი უფრო გრძელი და ვიწროა, ქვა კარგად არ არის დამუშავებული. აღნიშნული საცეხვლები არის როგორც დაბალი, ასევე მაღალი. საცეხველის ძირი ძაბრისებურია და ძირითადად მიწაშია ჩამაგრებული.

აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელებული როდინი არის მრგვალი, კვადრატული და მართკუთხედი ფორმის, რომლის ძირი სწორადაა გათლილი.

აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში გავრცელებული საცეხველების მთავარი განმასხვავებელი ნიშანი არის ძირი, რითაც იგი მიწაზეა დაყრდნობილი.

იხილეთ საცეხველი და მუშა სანაყის სახელწოდებების შედარებითი ცხრილი საქართველოს სხვადასხვა კუთხის მიხედვით.

საცეხველის კონსტრუქციულ სახესხვაობას წარმოადგენს მისგან ფუნქციონალურად განსხვავებული წყლის საცეხველის მსგავსი იარაღი: დათვოული, საცეხველა (ზემო იმერეთი), სარეჯგველე, საცეხველა (ქვემო იმერეთი), დათვოული (გურია, შავშეთი, კლარჯეთი), სარაკუნა, სარახუნა (რაჭა, ლეჩხუმი, გურია), ოკაკვე/ოკვაკვე (სამეგრელო), წკარმანგანა (ლაზეთი), რომელიც იხმარებოდა ყანებში გარეული ცხოველების დასაფრთხობად. აღნიშნული იარაღი საცეხველისაგან განსხვავდებოდა იმით, რომ კაკუტი ჯამს კი არ ეცემოდა, არამედ ორ ბოძზე დამაგრებულ ძელს, რომლის ხმაური ნადირს აფრთხობდა.

დასტურდება საცეხველების გათლა-დამუშავების და აგება-მოხმარების გარკვეული წესი, მის შესახებაც ქვემოთ გვექნება საუბარი.

საცეხველი ჩვეულებრივ მოქცეულია კარმიდამოს კომპლექსში. ხელის საცეხველი (დასავლეთ საქართველოში) დგას სახლის გვერდზე ან მის უკან ბეღლის ან ხულას ახლოს, ფეხის საცეხველი კი გამართულია მყუდრო ადგილას სასიმინდის ქვეშ ან სამზადი სახლის გვერდზე საგანგებოს გადმოხურულ ღია სათავსში - მოდგმულა დოშკანაში ან ახოში (ჩოხატაურის რაიონი).

წყლის საცეხველის უკანა ეზოში გამართვა წყალზე და წყლის დინებასთან დაკავშირებულ შესაძლებლობებზე იყო დამოკიდებული.

წყლის საცეხველი დღე-ღამის განმავლობაში მუშაობდა, ამიტომ იგი წვიმისაგან დასაცავად იყო გადახურული. მიწაში ჩასმულ მაღალ ბოძებზე ლარტყებს გადებდნენ და მას სიმინდის ჩალით, კოროლით, ზოგჯერ ისლით ან წუს ღერით გადახურავდნენ.

გადახურულ საცეხველს ზოგჯერ ქვემოთ შქერის ან მესრის ღობე ჰქონდა შემოვლებული.

საცეხველის სადგომს სამეგრელოში ოჩამურე ერქვა, ხოლო გურიაში ჩამურის ბურული, მას მაღალი სახურავი ჰქონდა. გადმოცემის მიხედვით „ჩამურის ბურული ჭვინტად ძალიან ჩხოტიოდ/ვიწროდ იყო დახურული“.

ბურულის ცენტრში, მიწაში ჩამაგრებული იყო საცეხველი, რომელსაც გარშემო აყალო მიწით მოტკეპნიდნენ. ოჩამურეში ხშირად მოთავსებული იყო ცეხვასთან დაკავშირებული ინვენტარი: ხელკავი, სარევი ჯოხი, ცხრილი, სანიავებელი ფიცარი ან ხის ქერქი, გობი, 2 ვარცლი, მარცვლის საწყაო ჭურჭელი "სიმინდის" ასაღებად, ცოცხი და სხვ.

ქვის საცეხველს, მისი განსაკუთრებული გამძლეობის გამო, ხის საცეხველთან შედარებით უპირატესობა ენიჭება. ამიტომ იმ მხარეში, სადაც სათალი ქვა უფრო მეტია, ქვის საცეხველია გაბატონებული. ამის კვალი დღესაც კარგად ჩანს ტყიბულის, წყალტუბოს, ჩოხატაურის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში.

აღსანიშნავია ისიც, რომ ამ რეგიონების ბუნებრივი პირობების გამო ძველად ფულადი შემოსავლის თუ გაცვლის ერთ-ერთი წყარო ქვის ნაწარმო იყო (საცეხველი, კეცი, წისქვილის ქვა, სახლისა და ჭიშკრის სვეტები, სამშენებლო მასალა).

როგორც ირკვევა, XIX საუკუნეში ქვის ნაწარმოთ ვაჭრობა გაიზარდა, ამას ხელი შეუწყო საშემოსავლო გზებმა, რომელთა საშუალებით აღნიშნული პროდუქციის გაცვლა-გასაღება ხდებოდა.

ხის საცეხველი

ხის ჯამის - საცეხველის დამზადების პროცესი რამდენიმე ეტაპს შეიცავს: ხის შერჩევა, მოჭრა და გათლა.

ხის მოჭრის დროს ითვალისწინებდნენ მთვარის ფაზებს. ხეს ძველ მთვარეზე მოჭრიდნენ, ტრადიციული იყო უკუნი დღე (ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი), რადგან ამ დღეებში მოჭრილ ხეს საგრძნობლად მეტი უპირატესობა ჰქონდა. მასალას უმთავრესად შემოდგომის მიწურულში ან ზამთარში მოამზადებდნენე, შეარჩევდნენ მზეზე გაზრდილი მაგარი ჯიშის: მუხის, ცაცხვის, წიფლის ან კაკლის მსხვილ და საღ ხეს, რომელიც უზადო, სწორი და განიერი იყო. ყველაზე უფრო შესაფერის ჯიშად მიჩნეულია ცაცხვი, რომელიც იოლად ითლება, სუფთა ხეა და, რაც მთავარია, დაბზარვა არ იცის. უფრო იშვიათად იყენებენ წაბლს, იგი მაგარია, მაგრამ ადვილად იბზარება. მოსაჭრელ ხეს ორი ცულისპირით შემოსერავენ და ნაჯახით მოჭრიან. მოჭრილ ხეს დალარავენ - ნახშირში ამოვლებულ ლარს დააკრავენ და საცეხველის ზომის მიხედვით მორებად დაჭრიან ან დახერხავენ. მთვარის კლების დროს მორს გაკუთხავენ და გრძელტარიანი ნაჯახით გულის ამოჩეხვას შეუდგებიან; შემდეგ მიუდგომელ ადგილებს სატოხით (იმერ.) ამოთლიან და წკეპარით ამოფხეკენ. ამოთლილ გულში გამოსაწვავად სიმინდის ნაგულას ჩადებენ და ცეცხლს დაანთებენ. ზოგი ხე გამოწვის დროს სკდება, ამიტომ გულის გამოსუფთავება ცეცხლით ყოველთვის არ შეიძლება. გამომწვარ ან გულამოღებულ საცეხველს ჯერ ეჩოთი გაწმენდენ, მერე ხვეწით და დანით გაასუფთავებენ. საცეხველი სხვადასხვა ზომის იყო. ხშირია 2 მეტრი სიგანის, 70-80 სმ. სიმაღლის და 20-30 სმ. სიღრმის საცეხველი.

ქვის საცეხველი

საცეხველის გათლის ტრადიციების შესასწავლად საინტერესო მასალას გვაძლევს გურიის (ჩოხატაურის რაიონის სოფელ ვანის, ზომლეთის, ძირგანახლების და მახარაძის რაიონის სოფელ გორისფერდის) ქვის საბადოების დამუშავების ხალხური წესები.

ქვის მოჭრა და გათლა დიდ დახელოვნებას საჭიროებდა. ქვის საბადოებით მდიდარ კუთხეში ქვის მჭრელი და მთლელი ხშირად სხვადასხვა პირი იყო: ზოგი ქვისმთლელი სალაღუმეზე ქვის მოსაჭრელად არ წავიდოდა.

საცეხველის ქვის შერჩევა ძირითადად საბადოს მდებარეობის მიხედვით ხდებოდა. საუკეთესო მასალად ითვლებოდა მზის გულზე ამოზრდილი ობოლი ქვა, იგი ადვილი მოსაჭრელი და კარგი დასამუშავებელი იყო. ქვის გამოცნობა იცოდნენ აგრეთვე ხმის გამოცემით. ქვას ჩაქუჩს ან ქვას დაარტყამდნენ და ბზარი თუ ახლოს ჰქონდა, ხმაზე შეატყობდნენ და არ მოჭრიდნენ. საცეხველისათვის იხმარებოდა სახსრიანი და ტალიანი ქვა, რასაც სხვადასხვაგვარი დაბურღვა და მოჭრა ესაჭიროებოდა.

საქართველოში საცეხველისათვის მრავალნაირი ქვა იყო გამოყენებული. ჩოხატაურის რაიონში ლურჯი ხოჭოიანი ქვა იხმარებოდა. "თეთრ ქვას, რომელსაც თირ ქვას უწოდებდნენ, ბზარი - საური აქვს, იგი ლაღუმით არ იჭრება, თუ მისგან საცეხველი გაითალა, ცეხვის დროს დაიშლება და ნაცეხვს ქვიშასავით შეერევა". ტყიბულის რაიონში საცეხველისათვის იყენებენ სილახეშიან ქვას, რომელსაც ზოგან კბილიან ქვას ეძახიან, ზოგან კი ფხიანს ან ხორკლიანს. ეს ქვები შედგება სხვადასხვა ფერის და სიმაგრის ქვის ნაწილაკებისაგან. კბილიანი ქვა წირის მოქმედების დროს ხელს უწყობს თაველის დაფშვნას - მარცვლისათვის კილის შემოცლას.

როგორც აღვნიშნეთ, ქვის შერჩევას დიდი მნიშვნელობა აქვს. ცუდად შერჩეული ქვა დამუშავების დროს გატყდება. საგანგებოდ შეარჩევდნენ წყლის საცეხველის ქვას, რომელიც მაგარი უნდა ყოფილიყო, ტეხვას ყველა კლდე არ ემორჩილება, ამიტომ ქვის მოჭრა ორგვარი ხერხით ხდება - სოლებით და წამლით - დანაღმვით. ზოგ უსახსრო და მაგარ კლდეს სოლი - ბური ვერ ერევა. ზოგ კლდეს კი სიმაღლისგამო ვერ მიუდგებიან. ამიტომ ქვა, რომელიც სოლით არ იჭრება, დანაღმვით უნდა მოტეხონ.

ქვის მოჭრის ან ქვის ხდის დროს ქვას მოუძებნიან ძარღვს - სახსარს (სათალი კლდე ძარღვიანი უნდა ყოფილიყო), წვერწამახული წაკატით ერთ ხაზზე დაღარავენ და რკინის პალოთი ან ბურღით/ბურით გატეხენ - სასულეს მისცემენ. ქვის მჭრელები ქვის გასაჭრელად ბურს ნელ-ნელა დაატრიალებენ, ხოლო ქვის დასარბილებლად (რომ ადვილი გასაჭრელი ყოფილიყო) ნაბურალში წყალს ჩაასხამენ და ნაფქვავს რკინის კოვზით ამოწმენდენ. სუფთა ნაბურალში ჩაყრიან დამზადებულ ლაღუმის წამალს, თავზე კლდის მშრალ მიწას დააყრიან და ბურისთავით დატენიან. წამლის ჩაყრის შემდეგ ნაბურალის გვერდზე გრძელ სახელურიან რკინის მილს ჩაარჭობენ და ხვრელის გასაკეთებლად დაატრიალებენ. ხვრელში მოათავსებენ წამლიან ისლის კალამს, რომელსაც მიწის ზემოთ თავს დაუტოვებენ. ისლის კალამს ცეცხლის მოსაკიდებლად თავს გაუხსნიან, აბედს დაადებენ და მერე ცეცხლს მოუკიდებენ. ცეცხლი აბედს გაყვება, მივა ლაღუმთან და აფეთქდება. ბურის სიმაღლე და ჩასაყრელი წამლის რაოდენობა ქვის სიდიდეზე და სისქეზეა დამოკიდებული. თუ მოსატეხი ქვა დიდია, ლაღუმი გრძელი უნდა იყოს და წამალიც ბევრი უნდა ჩაიყაროს, ზოგ ქვას რამდენიმე ნაბურალი დასჭირდება. შემდეგ დაიწყება მოჭრილი ქვების გათლა, რასაც საკუთარი მოხელე და იარაღი ესაჭიროება.

ოსტატი ქვაზე ხის ორკაპა ჯოხით ან ფარგლით წრეს შემოხაზავს და წრეხაზის შიგნით დიდი წვეტიანი წაკატით ქვის გულს ამოკაფავს, ხოლო სიღრმეში მუშაობა რომ ადვილი იყოს, პატარა წვერწამახულ წაკატს ხმარობს. პატარა წაკატით ქვას გულბანდს (სიგანეში თლის) გაუთლის.

როდესაც გულის ამოღება დამთავრდება, ქვისმთლელი პირთხელი/პირგვალი წაკატით საცეხველის შიგნითა ნაწილს გამოპირთხლავს - წმენდს, საცეხველის ქვას სიმრგვალეს აძლევს. ეს არის საცეხველის გულის გასასწორებელი საფხეკის წმენდა. ქვის მთლელი შემდეგ საცეხველის ქვას გარეთა წრეხაზის ირგვლივ შემოჭრის - ქვა პირთხელი წაკატით კოშტულამდე თანდათან გაითლება, ხოლო კოშტულის გათლა-გამოყვანა სატეხით ხდება. ქვის სიგანეში მოკლება იწყება მუცლის ქვემოთ და კოშტულამდე გაგრძელდება. თუ ქვის გული არასწორად ამოიკაფა, ე. ი. ერთი მხარე მეტია ამოღებული, ვიდრე მეორე მხარე, მაშინ წირისთავი მუშაობის დროს გამრუდდება და ვერ იმუშავებს, ამისათვის საჭიროა საცეხველი ისევ ამოიკაფოს - გასწორდეს.

საცეხველის ქვას თავზე უკეთებენ ლავგარდანს - კარნიზს, რომ ცეხვის დროს მარცვალი შიგ ჩაბრუნდეს და არ ამოიფანტოს.

წყლის საცეხველს პატარა გულბანდი აქვს (ქვის გული ღრმად და განივრად არის ამოღებული, იგი ვიწრო და გრძელია), რის გამოც ცეხვის დროს მარცვალი თავისთავად ტრიალებს შიგ და დამხმარე მუშახელს არ საჭიროებს. ამის გამო საცეხველში სუფთა - ჯენჯა-ნახორ გაცლილი მარცვალი უნდა ჩაიყაროს, რადგან ნახორიანი მარცვლის გაცეხვას ხელის შეწყობა (ხშირი ამორევა) უნდა.

გურიაში საცეხველის ქვის საუკეთესო საბადოდ ცნობილია ჩახატაურის რ-ნის სოფელი ვანი, ზომლეთი, ძირგანახლება და ბუქსიეთი.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საცეხველის ქვა იჭრებოდა სოფელ გორისფერდის საბადოში, იმერეთში - მუხურასა და კურსებში. აღნიშნული საბადოების საცეხველები იყიდებოდა ადგილზე, გაჰქონდათ მეზობელ რაიონებშიც.

პირველი ტიპის საცეხველი შედგება ხის ან ქვის ჯამის და ხელკავისაგან, რომლითაც ცეხვა წარმოებს.

XIX საუკუნეში და XX საუკუნის დასაწყისში საცეხველის ასეთი მარტივი სახეობა არსებობდა უფრო განვითარებულ ფეხის და წყლის საცეხველებთან ერთად და მას, იმის გამო, რომ მარტივი გასაკეთებელი იყო, უფრო ხშირი გავრცელების არე ჰქონდა. ყოფის მონაცემების მიხედვით ხელის საცეხველში მარცვლის ცეხვა საკმაოდ რთულ და ხანგრძლივ პროცესს მოიცავდა; სამი (ან უფრო მეტიც ექვსამდე) ქალი დადგებოდა საცეხველის გარშემო და ხელკავით - კაკუტეფით რიგრიგობით გარკვეული ტაქტის მიხედვით არტყამდა საცეხველში მოთავსებულ თავთავს და სიტყვებს თუ ბგერებს სა-სავ-ს, კი-კუ -ს და ციცუ-ცა-ს წარმოთქვამდა.

ღომის პირველი ცეხვა მეტად მძიმე სანუშაო იყო. თუ ღომის თავთავი კარგად იყო გამხმარი, მას მხოლოდ ერთხელ გაცეხვავდნენ, მაგრამ ხშირად იგი ორჯერ იცეხვებოდა. მეორე ცეხვა უფრო სწრაფად ხდებოდა, რადგან მარცვალი სუფთა იყო.

ასევე ძნელი იყო ენდემური პურეულის - მახას და ზანდურის გაცეხვა. შინამრეწველობის მასალაში აღნიშნულია, რომ "მახა და ზანდური ორივე საცეხავი პურია და ესაა, რომ გვძულს თუ არა მაგათ პური ვერ მოუვა ვერაფრით... ზანდური, მახა და ღომი იცეხვება".

ხელის საცეხველის განსხვავებული სახეობაა ოდნავ გულამოღებული როდინი, რომელზედაც მრგვალი და ბრტყელძირიანი მუშა ქვაა მორგებული. ქვის ერთი მხარე დაბალია და მასზე ხელის მოსაკიდებელი ორი ადგილია ამოკვეთილი.

მუშაობის პროცესი ასეთია: დალბობილ ხორბალს დაყრიან როდინზე, ზემოდან ქვას დაადებენ და ორი ხელით მოძრაობაში მოჰყავთ, წინ და უკან ხორბალზე ატარებენ. ნაყვა გრძელდება იქამდე, სანამ ხორბალს კანი კარგად არ გაეცლება, შემდეგ მას დაბერტყავენ და თუ საჭიროა, ხელსაფქვავში დაროხავენ - დააქუცმაცებენ.

ხელის საცეხველის ეს სახეობა, რომელიც ქვის ქვაზე სრიალის პრინციპზეა მოწყობილი, სწორსანაყიანი ხელის საცეხველის წინასახეობა უნდა იყოს და გავრცელების ვრცელ რეგიონს, სავარაუდოა, მთელ საქართველოს მოიცავს. ამის თქმის უფლებას გვაძლევს ის კანონზომიერება, რომელიც საცეხველის განვითარების თანმიმდევრობაში შეიმჩნევა და ისიც, რომ ცეხვა და ნაყვა - მარცვლისათვის კანის გაცლა ერთი და იმავე იარაღით, ხის წირისთავით, სანაყი ხით, ან ქვით ხდება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სანაყების შორეული წინაპრები განათხარ მასალაშიც დასტურდება.

ხელის საცეხველის კონსტრუქციული სახესხვაობაა როდინი და ფილი. ფილის ძირი ფორმით მრგვალია, მას ტანი და თავი მრგვალი აქვს. ფილის სიმაღლე საშუალოდ 15-22 სმ., სიღრმე 18-20 სმ. ფარგლებს არ სცილდება. ზოგჯერ ფილი პრაქტიკული საჭიროების გამო სახელურიანია, ასეთი ფილი იყალთოში დადასტურდა.

შიდა ქართლში გავრცელებული როდინი მაღალი იარაღია, მას თლიდნენ იმ ვარაუდით, რომ შუაწელში ვიწრო, ხოლო ძირისა და თავისაკენ თანდათანობით გაფართოებული უნდა ყოფილიყო.

როდინს ბრტყელი ძირი აქვს, ზემო და ქვემო ნაწილი ტოლი, რომ ნაყვის დროს წონასწორობა არ დაკარგოს.

როდინის სიმაღლე 37-55 სმ. ფარგლებში ტრიალებს, მარცვლის ჩასაყრელი გულის სიღრმე 15027 სმ. ტოლია, თავისა და ძირის დიამეტრი 15-20 სმ. უდრის.

ფილსა და როდინში ნაყვა ფილთაქვით, ქვის გურჩით (თუშეთი) ან იშვიათად ხის (ბზის ან კაკლის) სანაყით ხდება.

როდინისა და ფილისათვის საუკეთესო მასალად კაკალი იყო აღიარებული, რადგან კაკალი დიდხანს ძლებს და ჭია არ უჩნდება. როდინი და ფილი იშვიათად თუთის, აკაციის და ცაცხვის ხისგანაც მზადდებოდა.

ხეს რომ გამძლეობა ჰქონოდა და მალე არ გაფუჭებულიყო, მას სამშაბათს 10-15 დღის სავსე მთვარეზე ნაჯახით მოჭრიდნენ, გაქერქავდნენ და სასურველი ზომიშ მიხედვით დაჭრიდნენ.

როდინი და ფილი მთლიანი ხისგან იყო გათლილი.

ფილისათვის გათლილი ხე დამუშავებას, საბოლოო სახის მიცემას მოითხოვს, ამისათვის მასზე ორივე მხარეს ჯერ წრეს შემოხაზავდნენ და ნაჯახით გათლიდნენ, შემდეგ გაარკვევდნენ სჭირდებოდა თუ არა მას შემოთლა, რასაც დანით გააკეთებდნენ, თუ მოსახერხებელი იყო შალაშინს გადაატარებდნენ.

გასუფთავებულ ხეს ესაჭიროება პირის ამოღება, რასაც სპეციალური იარაღით აწარმოებდნენ. ჯერ ხეს ერთ მხარეს რამდენიმე ადგილზე დააბურავებდნენ და გულის ამოჩეხვას სატეხზე ჩაქუჩის დარტყმით შეუდგებოდნენ. ამოღებულ გულს ჩულუხით გამოთლიდნენ, არათანაბარ ადგილებს მოხრილი ჩულუხით ამოასუფთავებდნენდა ხვეწით წმინდად გათლას დაიწყებდნენ. როდესაც გაწმენდას დაამთავრებდნენ, გულს ამოწვავდნენ. ფილის გულში ზოგჯერ ბურბუშელას და ნახერხს ჩააყრიდნენ და ცეცხლს დაანთებდნენ, რომ ზედმეტი ბუსუსი მომწვარიყო.

როდინისათვის ისევე, როგორც ფილისათვის მოჭრილ და დამორილ ხეს ნაჯახით გათლიდნენ, მერე ხვედით საჭრეთელის გულს - ჭიპს ამოტეხავდნენ და გარედან შუა ადგილზე რკალს გაუკეთებდნენ. როდინს ზოგჯერ ჩარხზე აკეთებდნენ.

ფეხის საცეხველი

ფეხის საცეხველი მარტივი კონსტრუქციისაა, ძირითადად ხის ნაწილების ერთმანეთთან დაკავშირების პრინციპზეა დამყარებული.

ფეხის საცეხველი ხუთი ნაწილისაგან შედგება: საცეხველი ჯამი, წირისთავის, ტაფის, ლილვის/ღერძის და ორი ძელისაგან. დამხარე ნაწილებია: ხელის მოსაკიდებელი ღვედი და მარცვლის სარევი ჯოხი.

წირისთავი უმთავრესად წაბლის, ბზის, წყავის ან ხურმის ხის მასალისაგან უნდა გაითალოს. მთხრობელთა მითითებით მათი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ხის ეს ჯიშები მაგარი და სუფთაა, ადვილად არ ცვდება, არ იხეხება და არ ტყდება.

წირისთავისათვის 1 მეტრი სიგრძის ხეს ნაჯახით გათლიან, ეჩოთი გაასწორებენ და თავს მოუმრგვალებენ. დამუშავების პროცესში იგი კლებულობ და გამზადებული წირისთავი დაახლოებით 60 სმ. სიგრძისაა. წირისთავი ტაფაშია გაყრილი.

ტაფა თელის ან იფნის ხისგანაა გათლილი. ორივე ხე მსუბუქი ან რბილია, რის გამოც ისინი ადვილად დასამუშავებელია. ტაფისათვის იყენებენ აგრეთვე კაკლის ხეს. ნაჯახით გათლილ და დანით გასუფთავებულ ტაფას წირისთავის გასაყრელად სატეხით ამოტეხავენ. თუ წირისთავი პატარაა და და ტაფის თავში კარგად არ არის ჩამჯდარი, მას მიუმატებენ სოლს. სოლი ხმელი ხისაგან უნდა გაითალოს, რომ ხმარების დროს არ გახმეს, არ დაპატარავდეს და წირისთავმა ტაფაში არ დაიწყოს მოძრაობა.

ლილვი/ღერძი გაყრილია ტაფაში წირისთავიდან ერთი მეტრის მოშორებით. ღერძი დამაგრებულია ორ მოკლე ბოძზე "ბარჯგზე" და მოძრაობს.

ბარჯგი - მაგარი ხისაგან გათლილი ორი მოკლე სვეტია. ბარჯგისათვის ყველაზე უფრო შესაფერისი ხეა თელა და მუხა; ამჯობინებენ თელის ხეს, რადგან ის ძარძვიანია და ადვილად არ ტყდება. მუხის ხე, მიუხედავად სიმაგრისა, უძარღვოა და დაბზარვა - დაპობა იცის. ბარჯგისათვის არჩევენ მშრალ ხეს, თავებს სატეხით ამოტეხავენ, ამოკაფავენ - ფილს გაუკეთებენ და მეორე ბოლოს მიწაში ღრმად და კვიდრად ჩასვამენ. ბარჯგი, როგორც აღვნიშნეთ, მაგარი უნდა ყოფილიყო, რადგან მან ტაფას, წირისთავს და ცეხვის დროს ადამიანის სიმძიმეს გაუძლოს.

ფეხით ცეხვა ასე ხდება: მცეხავი ფეხით შედგება გრძელტარიანი საცეხველის მარჯვენა ან მარცხენა ღერძ-ლილვზე, ხელებს მაღლა გამობმულ თოკს მოკიდებს და მეორე თავისუფალ ფეხს ტაფის - ძელის ბოლოს (მოახვედრებს) შეახებს. თუ მარცხენა ფეხი ღერძზე აქვს დადებული, ის მარჯვენა ფეხით აწვება ტაფის ბოლოს, რომლითაც წირისთავი მარცვლის გასაცეხვად მოძრაობაში მოჰყავს. წირისთავმა ზომიერად უნდა იმოძრაოს, რომ უკან არ გადატრიალდეს.

ფეხის საცეხველში ჯენჯიანი მარცვალი უფრო სწრაფად იცეხვება, ვიდრე ხელის საცეხველში, რადგან დარტყმა მძიმედ და სწრაფად ხდება. ცეხვის დროს მარცვალი სამჯერ უნდა გადააბრუნონ, რომ ერთ ადგილზე არ ჩაეკრას და გაუცეხვავი არ დარჩეს. მცეხავს დამხმარე ქალი ჰყავს, რომელიც მარცვალს ხელით ან ჯოხით ურევს. ფეხით ცეხვა მომქანცავია, რის გამოც მომუშავეები ერთმანეთს ენაცვლებიან.

ფეხის საცეხველში, რადგან იგი ნაკლები მოცულობისა იყო და მისი კონსტრუქცია ზედმეტ დაწოლას - სიმძიმეს ვერ იტანდა, ბევრი თავთავის ჩაყრა არ შეიძლებოდა.

მეორე ტიპის საცეხველის სახეობაა საინგილოში გავრცელებული ფეხის დინგი.

მოგვყავს ფეხის დინგის აღწერილობა შინამრეწველობის მასალის მიხედვით.

ფეხის დინგისათვის კაკლის, მუხის ან წაბლის ნედლ ხეს ზამთრის მიწურულში ცულით და ჩორკით მოჭრიდნენ, რადგან ხმელის ამოთლა ძნელი იყო. მოჭრილ მორს ერთ ადგილზე გახვრეტავდნენ, საბელს მიუბამდნენ და სასურველ ადგილზე წამოიღებდნენ. დინგს ზოგჯერ ტყეში ამზადებდნენ. მორს გვერდებს ჩაუთლიდნენ, გააბრტყელებდნენ, მერე ნახევარი მეტრის სიღრმეზე გულს ამოჩეხავდნენ, თუ ხე სქელი არ იყო, მაშინ გულს დაახლოებით 40 სმ. სიღრმეზე ამოიღებდნენ. გული ისევე, როგორც დინგის გარეთა ნაწილი, ძირითადად ცულით უნდა გაეთალათ, ხოლი იქ, სადაც ცულით მუშაობა ძნელი იყო, ჩორკს ხმარობდნენ. ჩორკი ღრმა და ვიწრო ადგილების ჩასაჭრელად იყო საჭირო. ცულით ამოღებულ და ჩორკით ჩაჭრილ გულს ეჩოთი გაასუფთავებდნენ. დინგის გულში სატეხით ბუდეს ამოჭრიდნენ. ჩალთუქის ნაყვა დინგის თავით ბუდეში - თოლში ხდებოდა.

ჩალთუქის ამოღების დროს დინგის თავს იჭერდა ჯოხი, რომელიც ბუდეში მაგრდებოდა.

დინგის სამფეხი, რომელზედაც ნაყვა ხდებოდა, ძირითადად მორის გაგრძელებას წარმოადგენდა. შემდეგ კეთდებოდა დინგის ზრო და დინგის კლავი. კლავის შუა ადგილი სატეხით იყო ამოჭრილი და მუხის ხისგან გაკეთებული ზრო შიგ იყო გაყრილი. ნედლი კლავის თავში პერპენდიკულარულად ჩამაგრებული და გაჭედილი იყო ბუნებრივად დამუშავებული ლურჯი ქვა, რომელსაც კევრის ქვას ეძახდნენ (ინგილოურად კევრი(ს) ანუ დინგი(ს) - ქუა). ქვას ისე მჭიდროდ იყო ჩასმული ტარში, რომ მას სხვა გასამაგრებელი საშუალება აღარ სჭირდებოდა. მაგრამ დროთა ვითარებაში თუ ქვა ბუდეში მოძრაობას დაიწყებდა, მას გასამაგრებლად სოლებს - ჩხლინკებს გაუკეთებდნენ. სანაყი ქვა ხელით გათლილს ჰგავდა და საუკეთესოდ ითვლებოდა. ჩალთუქს კანი რომ უფრო ადვილად მოშორებოდა, ქვა ზოგჯერ კბილებიანი იყო. ქვის სიმაღლე 37-40 სმ. ხოლო სიგანე 12 სმ ფარგლებში ტრიალებდა.

ბრინჯის - ჩალთუქის დანაყვა (ცეხვას საინგილოში ნაყვას ეძახიან) ასე ხდება. ბრინჯი ჯერ ილეწება ქოთუქით, რომელიც ჯეკავს ჩალთუქს, მერე მას კევრით მოყეჩავენ - მოაცილებენ ფერფლს და გაანიავებენ, ამის შემდეგ ჩალთუქს დინგში ნაყავენ. დინგში მოთავსებული ერთი ფუთი ჩალთუქი ორ საათში ინაყებოდა. ფეხის დინგი ყველა ეზოში იდგა.

წყლის საცეხველი ღერიანი საცეხველის ერთ-ერთი სახეობაა. წყლის საცეხველის მოძრაობაში მოყვანა და ცეხვა წყლის ენერგიის მექანიკური გამოყენებით ხდება.

წყლის საცეხველი შედგება: კოვზის, წირისთავის, ქვის ან ხის ჯამის - საცეხველის და ღარისაგან. საცეხველის ცენტრალური ნაწილია ძელი/ღერძი, რომლის ერთი ბოლო წყლის ჩასასხმელად კოვზივითაა გათლილი, მეორე კი გამოჭრილია სწორი წირისთავის გასაყრელად. წირისთავის ქვემოთ დგას საცეხველი ჯამი, რომელშიც ხდება ცეხვა. წირისთავთან გაკეთებულია ცეხვის მარეგულირებელი პატარა ფიცარი - ნამორი. კოვზის ტარს ცენტრალურ ნაწილში გაყრილი აქვს ლილვი - საყრდენი, რომელიც ლანდურზეა დამაგრებული.

საცეხველის მოძრაობაში მოსაყვანად კოვზს მიუყენებენ ღელეს ან საგანგებოდ გაკეთებულ ღარს, როდესაც კოვზი წყლით აივსება, ქვემოთ დაიწევს, წირისთავი კი მაღლა ადის, კოვზიდან წყლის გადმოსხმის დროს წირისთავი დასძლევს, დაეცემა საცეხველს და მარცვალს გაცეხვავს.

წყლის საცეხველის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოწყობილობა არის ოთხკუთხედად გათლილი კოვზის ფორმის გრძელი ხე და მასზე ასხმული სხვა ნაწილები.

წყლის საცეხველის გასაკეთებლად, მაგ., კოვზისათვის საუკეთესო მასალად ითვლება წაბლის ხე, რომელსაც საგანგებო შერჩევა სჭირდება. კოვზისათვის "ხახვიანი ხე არ ვარგა, წაბლის ხემ კი ხახვივით იცის გული".

ზოგიერთი ხის მასალა მთვარის ფაზების მიხედვით უნდა მოეჭრათ. წაბლს და მუხას ჭია არ უჩნდება, ამიტომ მთვარეს ყურადღებას არ აქცევდნენ. ხოლო ბლის ან თხმელის ხის მოჭრა ძველ მთვარეზე იყო საჭირო. ხეს კოვზისათვის მაისში ან გვიან შემოდგომაზე მოჭრიან. ხალხური თქმით, "მაისის ხე არ კილავს", შემოდგომის ხე მშრალია და წყალში დიდხანს ძლებს. საკოვზედ შერჩეულ ხეს დალარავენ - დაზომავენ და ცულით ან ბირდაბირით მოჭრიან. მოჭრილ ხეს გამომორავენ, ფართო ძირს და ვიწტო ყელს გაუკეთებენ. გამომორილ ხეს წყალში ჩადებენ. "წყალში ჩადებული ხე კილს არ იჩენს, გამეიხარჩება წყალში და მერე დავხევთ, ცხელ წყალშიც ვატარებთ ძელს და არ კილავს, დუღარეს გადავარებთ, ისიც კარქია".

გამოსათლელად მომზადებულ ძელს ცულით ძირს წაახევენ და გულს ცულის პირით ამოიღებენ. კოვზის კუთხეებს სატეხით ამოჭრიან და პირგვალი ეჩოთი ამოასუფთავებენ (რადგან სიღრმეში ცულით მუშაობა არ შეიძლება).

კოვზის ბალქაშის (იმერეთი) რაფის (ჩოხატ. რ-ნი) დიამეტრი სხვადასხვა ზომის კეთდება. ტარი შუაწელთან თანდათან ვიწროა, ხოლო ბოლო წვრილი აქვს. გათლილი კოვზის სიგრძე დაახლოებით 3მ. და 7 სმ. ტარის სიგრძე 2მ. და 55 სმ.-ია როდესაცკოვზი ამოითლება (სიღრმე 30-35 სმ.) მას გადააბრუნებენ და უკანა ნაწილს ცულით წანაქთულად დაფერდებულად გათლიან. კოვზის ტარის შუა წელს ლილვის გასაყრელად სატეხით ამოჭრიან, ბოლოში ამოტეხავენ და მოკლე წირისთავს კველოს (იმერეთი) ვერტიკალურად დაუყენებენ.

წირისთავისათვის ყველანაირ ხეს ხმარობენ (თხმელა, თუთა, წაბლი, ცხმელა, ხურმა, ბზა, წყავი). კარგია, როდესაც წირისთავი ხმელი ხისაგან არის გათლილი, რადგან დაწოლას იგი განიცდის ვერტიკალურ მდგომარეობაში და თუ სიმაგრე არ ექნა, გაიღუნება. ამასთანავე ნედლი წირისთავი ხმობის დროს შევიწროვდება, იგი კოვზის ტარში თავისუფლად იმოძრავებს და ხელს შეუშლის მის მუშაობას. წირისთავის დიამეტრი 8-10 სმ. ფარგლებში მერყეობს. მისი სიგრძე საცეხველის ქვის სიღრმეზეა დამოკიდებული. ამის გამო წირისთავი კოვზის ტარში ისეა გაყრილი, რომ შესაძლებელია მისი აწევ-დაწევა. თუ ქვა ღრმა არის, წირისთავს ქვემოთ დაწევენ და პირიქით. წირისთავის სიგრძე დაახლოებით 1 მეტრია. როდესაც კოვზი ხმელია, კოვზის ტარის და წირისთავის შეერთების ადგილზე კეთდება ცეხვის მარეგულირებელი დამატებითი ფიცარი - ნამორი. საშვალის ანუ დამატებითი ფიცარის ნამორის სისქე 2 ვერშოკი ან ვერშოკნახევარია, სიგრძე 50 სმ. ნამორი იმ ზომის და იმ სიმძიმისაა, რამდენიც კოვზის გასაწონასწორებლად სჭირდებათ. თუ ცეხის დროს წირისთავს ნამორი არ ყოფნის, დაუმატებენ მეორე ნამორს.

წირისთავის გასაშუალება ხდება მასზე სიმძიმის დაკიდებითაც (მას ჰკიდებენ ქვას, დააჭედებენ ნაჭერს ან ტყვიას გაუკეთებენ), თუ კოვზი ცეხვის დროს რეგულირებული არ იქნა, მაშინ კოვზის ტარი აიწევს მაღლა და გადატრიალდება.

ხის ნაწილების ასხმასთან ერთად საცეხველის სამუშაოდ საჭირო იყო დვიროს, არხის/ღარის, საგდულა/რეგულატორის გაკეთება.

წყლის საცეხველის სახესხვაობა მესხურ-ჯავახური წყლის დინგი ცალკე ნაგებობაში ან წისქვილთან ერთად არის გამართული. ნაგებობის იატაკი ფიცრითაა მოგებული. მისი ცენტრალური ნაწილის შემაღლებულ ადგილზე დიდი მოცულობის ბრტყელი და მრგვალი ქვაა მოთავსებული. ეს ქვა არ მოძრაობს (მისი დიამეტრი 120 სმ.). ქვის გარშემო დამრეცი ფიცრის ღობე ყაისნაღი ქამარი აქვს შემოვლებული, რომელიც ქვაზე დაყრილ გასაცეხვ მარცვალს დაბნევისაგან იცავს. ქვის ცენტრში ჩამაგრებულია ხის მრგვალი ღერძი/ფეხი/ყელი/ბოღოზა, რომელშიც რკინის ღერძია გაყრილი. ღერძის ბოლოზე ქვემოთ ხის ფარფლებიანი ჩარხია გაკეთებული. ღერძის ქვედა ბოლო ჩადგმულია ლითონის ბუდეში, რომელიც ფოლადის წვერით უძრავად დამაგრებულ ქვას ეყრდნობა. ღერძის ბოლოზე ჩამოცმულია ამყოლი ღერძი, ხოლო მის მეორე მხარეზე მრგვალი სანაყი ქვაა წამოგებული. ქვა ტრიალებს ქვედა ქვაზე და მარცვალს კანს აშორებს. წყალს ღარის საშუალებით ღერძი და მბრუნავი ბორბლის ფარფლები მოძრაობაში მოყავს. ფარფლების-ჩარხის ბრუნვა იწვევს რკინის ღერძის-მასთან დაკავშირებული სანაყი ქვის ბრუნვას და მარცვლის სათანადო დამუშავებას.

მარცვლის ნაყვა ასე ხდება. დასველებულ მარცვალს დაყრიან დინგის ქვედა ქვაზე, იქ სადაც დინგის ქვამ უნდა იმოძრაოს. მუშაობის პროცესში მარცვალს ხის ნიჩბით აურევენ, რომ ყველა მარცვალი დაინაყოს. ერთ ჯერზე დინგში ორი კოდი (კოდი=20 კილოს) მარცვალი იცეხვება. ამის შემდეგ მარცვალს მზეზე გააშრობენ და გაანიავებენ. სუფთა მარცვალს იყენებენ კორკოტისათვის, ხოლო სხვა კერძისათვის მას ხელსაფქვავში ფქვავენ.

წყლის საცეხველის სახესხვაობაა მრავალღერძიანი საცეხველი დინგი/დენგი (საინგილი) და თრიმლის წისქვილი (კახეთი).

მოგვყავს წყლის დინგის აღწერილობა მოსე ჯანაშვილის და შინამრეწველობის მასალის მიხედვით.

წყლის დინგს წისქვილთან ახლოს საგანგებო გადმოხურულ ნახევრად ღია სათავსში - ალთი აჩუში აგებენ. დინგის დასამუშავებლად პატარა ღარით მაღლიდან წყალს გადმოიყვანდნენ, წყალი ბორბალზე ისხმებოდა და მას ატრიალებდა, ამის საშუალებით ღერძი მოძრაობდა. დინგს ოთხი ან ექვსი მკლავი აქვს, რომელბიც დიდ და გრძელ ზროშია ჩამაგრებული. ზროს დიდი ჩარხი-ფარი ატრიალებს. მკლავების ბოლოზე რკინის კბილებიანი სალტეა აცმული. ღერძის გასწვრივ მიწაზე დევს თვლებად დაყოფილი სქელი ხე ან მიწაში გაკეთებული ორმოები. მკლავი და თვალი ერთნაირი რაოდენობისაა. თვალში ან ორმოში ჰყრიან ჩალთუქს, ქერს ან თრიმლს (სარაღანს) და ნაყავენ. როდესაც ნაყვის შეჩერება სურთ, მკლავებს ხვრელებში ჩხირებს გაუყრიან და იმ ხეზე დაამაგრებენ, რომელშიაც მკლავებია გაყრილი. ნაყვის დროს ჩალთუქს დროდადრო სჭირდება ჯოხით ამორევა.

წყლის დინგის მრავალი მკლავი ერთდროულად დაახლოებით ხუთ-ექვს ფუთ მარცვალს ცეხვავდა.

დინგის ხანგრძლივი გამოყენებისათვის აუცილებელი იყო წყლის და მარცვლის ნორმალური განაწილება, ამ წესის გაუთვალისწინებლობა ღერძის მკლავის გადამტვრევას იწვევდა. წყლის დინგი ხშირი არ იყო. იგი ამდენიმე ოჯახს საერთო ჰქონდა, ან შეძლებული ოჯახის კუთვნილება იყო და მეზობლები სარგებლობდნენ.


ლიტერატურა:

  • ჯ. რუხაძე, 1981, თეთრიწყარო (რვ. 1), ბოლნისი (რვ. 1)
  • ჯ. რუხაძე, 1982, ხაშურის რაიონი, რვ. 1; რვ. 2
  • თელავის რაიონი, რვ. 3; რვ. 2
  • ყვარლის რაიონი, რვ. 5
  • მ. დუმბაძე, აღმოსავლეთ კახეთის (საინგილოს) ისტორიიდან, თბ., 1953
  • ლ. ბერიაშვილი, მესხური დინგი, „ძეგლის მეგობარი“, 1971, # 24
  • Г. Радде, Хевсурия и Хевсуры, Зап. КОИРГО, XI, вып. II, Тбилиси, 1881
  • ალ. რობაქიძე, თოფის წამლის დამზადება პირაქეთ ხევსურეთში, ანალები, I, 1974
  • მასალები საქართვეოს შინამრეწველობისა და ხელოსნობის ისტორიისათვის, თბ., 1979
  • ნ. კახიძე, მაჭახლის ხეობა, ბათუმი, 1974
  • Кальвент Е., Очерк сельского хозяйства верхней Сванетии, Тифлис, 1911
  • Марр Н. Я. Грамматика чанского (лазского) языка, с. Петербург, 1910
  • ჯ. რუხაძე, ღომის კულტურა დასავლეთ საქართველოში, მსე, ტ. XI, თბ. 1960
  • პ. გუგუშვილი, მარცვლეულის მეურნეობა საქართველოსა და ამიერკავკასიაში, თბ., 1954
  • ალ. ბენდიანიშვილი, აგრარული ურთიერთობანი საქართველოში, თბ., 1965
  • ნ. ბრეგაძე, მთის მიწათმოქმედება დასავლეთ საქართველოში, თბ., 1969
  • Марр Н. Я., Дневник из поездки в Шавшетию и Кларджетию, С. П. 1911
  • ჯ. რუხაძე, ხალხური აგრიკულტურა დასავლეთ საქართველოში, თბ., 1976
  • მიწათმოქმედება და სოფლის მეურნეობის იარაღები, შინამრეწველობის მასალები
  • E. Werth, Grabdstock, Hacke und Pflug, 1954
  • ლ. მოლოდინი, ქართველი ხალხის მატერიალური კულტურის ისტორიიდან (ხალხური ზეთსახდელი იარაღი), თბ., 1963
  • ლ. ნებიერიძე, დასავლეთ ამიერკავკასიის ნეოლითი, თბ., 1972
  • მ. მენაბდე, თ. კიღურაძე, ზ. ქიქოძე, ქვემო ქართლის არქეოლოგიური ექსპედიციის 1976-1977 წლების მუშაობის შედეგები, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიციები, VI, თბ., 1978
  • რ. აბრამიშვილი, ითხვისის არქეოლოგიური ექსპედიციის მუშაობის ანგარიში, ისტორიის ინსტიტუტი სამეცნიერო სესია, მოხსენებთა ანოტაციები, თბ. 1963
  • ი. გაგოშიძე, ითხვისის სამარხი, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე, XXV, თბ.
  • ჯ. რუხაძე, 1959 წ. საველე დღიური, საინგილო
  • შდრ. თ. სახოკია, მოგზაურობანი, თბ., 1980
  • P. Leser, Wastostliche Landwirsohaft, Fastshrift Pablication d’Hommage offerte qu P. W. Schmid, Wien, 1928
  • მ. ჯანაშვილი, საინგილო, ტფ., 1913
  • ჯ. რუხაძე, საცეხველი, საქართველოს ისტორიულ - ეთნოგრაფიული ატლასი, მასალები, მეცნიერება, თბ. გვ. 92-112