კევრი: განსხვავება გადახედვებს შორის
(ახალი გვერდი: <div class="img-thumbnail color-border-dotted pull-right"><center><small>კევრი</small></center>...) |
|||
ხაზი 53: | ხაზი 53: | ||
---- | ---- | ||
'''ლიტერატურა''' | '''ლიტერატურა''' | ||
− | + | ||
[[კატეგორია:კ]] | [[კატეგორია:კ]] | ||
[[კატეგორია:მემინდვრეობა]] | [[კატეგორია:მემინდვრეობა]] |
მიმდინარე ცვლილება 07:04, 29 თებერვალი 2020 მდგომარეობით
კევრი
პურეულის სალეწი იარაღის ტრადიციული სახეობა, ერთი ან ორი ფიცრისაგან შედგენილი, სოლისებური ფორმისა და სათანადო ზომის ხის იარაღი, რომელიც ძირიდან მოკოხილია მაგარი ჯიშის ქვებით (ძირითადად, კაჟით). ებმება ხარები და ცხენი. მზადდებოდა, უპირატესად, ფიჭვის ხისაგან.
კევრი შედგენილობის მიხედვით იყო: ერთფიცრიანი (იმერეთი, ქსნის ხობა), ორფიცრიანი (ქართლი, კახეთი, სვანეთი რაჭა) და იშვიათად - სამფიცრიანი (ქვემო ქართლი, გარეკახეთი). ასხვავებდნენ ორი სახის კევრს: ქართულსა და თრიალეთურს. ქართული კევრი თავიანია, ე. ი. თავაწეული (ქართლი, იმერეთი, კახეთი, რაჭა, სვანეთი), ხოლო თრიალეთური (მესხეთ-ჯავახეთი), ბრტყელი, ოდნავ დახრილი კევრია. ამის გამო კალოზე ლეწვის დროს ქართული კევრი ნამჯას || ბზეს არ იხვეტავდა, თრიალეთური კი იხვეტავდა, რის შედეგადც ლეწვა რამდენადმე ძნელდებოდა.
ქართული კევრის სამუშო პირი მრგვალი, ოთხკუთხა და რომბისებური კოხებით იყო გაწყობილი, ხოლო სწორი და ბრტყელი კოხები თრიალეთურ კევრებს ჰქონდათ. მოსახლეობა უპირატესობას მრგვალკოხიან კევრს ანიჭებდა, რადგან იგი უფრო კარგად ფშვნიდა თავთავს. ამავე დროს მრგვალკოხიანი კევრით გალეწილი ბზე რბილი და წმინდა იყო, რასაც პრაქტიკული თვალსაზრისით, უპირატესობა ჰქონდა. იგი საქონლის საკვებად გამოიყენებოდა.
კევრი შემდეგი თანმიმდევრობით მზადდებოდა: საკევრე ხის შერჩევა და მოჭრა, კევრის დახაზვა და საკოხე ადგილების ამოღება, საკევრე ხის გამოკოპიტება, უღლების || სარტყლების (მესხეთ-ჯავახეთი) დასხმა, კევრის მოკოხვა || მოკაჟვა და გასრულება.
ქართლში, რაჭაში, მესხეთ-ჯავახეთში, სვანეთში კევრს ძირითადად ფიჭვის ხისგან თლიდნენ, ხოლო იმ რაიონებში, სადაც მცენარეულ საფარში ფოთლოვანი კორომები ჭარბობდა, საკევრედ არჩევდნენ წაბლის (იმერეთი), თელის, პანტის, ლეკის (ქსნის ხეობა), იფნის (ალაზნის ხეობა) და ა.შ. ხის ჯიშებს.[1] მაგრამ ხალხი უპირატესობას მაინც ფიჭვის ხისგან გამოთლილ კევრს ანიჭებდა, რადგან ფიჭვი სათლელად ადვილი იყო და კოხებსაც კარგად იჭერდა; ამავე დროს ლეწვისას ხეს ძარღვები || ნახჭები უჩნდებოდა, რაც ხელს უწყობდა თავთავის გაჭრა-დაფშვნეტას.[2]
საკევრე მასალას ოდნავ შეაშრობდნენ (გახმობა არ შეიძლებოდა, რადგან ხმელი ხე კოხებს ვერ დაიჭერდა). შემშრალ ხეს სიგრძეზე, დაახლოებით სამ არშინზე გადაზომავდნენ, აქედან ორ არშინზე მოიკოხებოდა, ხოლო ერთი არშინი, კევრის თავისთვის || ყელისთვის (ქართლი, მესხეთ-ჯავახეთი), || ნავისთვის (რაჭა-ლეჩხუმი) იყო განკუთვნილი. ბამბის ძაფს დანაყილ ნახშირში ან წერნაქში გაავლებდნენ, საკევრე მორის თავსა და ბოლოში გადაჭიმავდნენ და ძაფის დარტყმით საკევრე ხაზებს აღნიშნავდნენ - დაჩილფავდნენ (მესხეთ-ჯავახეთი). შემდეგ, ცულითა და სოლებით ხეს გააპობდნენ. იცოდნენ მისი გახერხვაც. ხეს ბოლოდან ისე შეაპობდნენ, რომ კევრის თავი 18-20 სმ-ით მაღლა ამოხრილი || ამოქანდული (ქართლი) ყოფილიყო.
საკევრე ხის გათლა მსხვილი თავიდან იწყებოდა. საკევრე კოპიტს დიდი საორხელო ხელეჩოთი || ფეხეჩოთი (მესხეთ-ჯავახეთი) || თოხეჩოთი (აჭრა) თლიდნენ. ხელოსანი პირველად კევრის ზურგს გათლიდა, შემდეგ კი სამუშო პირს (რომელიც იკოხება), კევრის თავიდან 50-55 სმ-ზე, 45-49 სმ სიმაღლისა და 5.5 სმ სიგანის საუღლე ადგილს დატოვებდნენ. ლეწვის დროს კევრი და ხვავი ფიცხდება და სალეწ იარაღს სულის მობრუნება სჭირდება. ამიტომ, საკევრე ფიცრებს ხუთი თითის დადებაზე შუაში სატეხით დახვრეტდნენ. ამოღებულ ადგილს კევრის სულის მოსაბრუნებელი ეწოდებოდა.
საბოლოოდ საკევრე ფიცრები სიგრძით დაახლოებით 2, სიგანით 1 არშინი, ხოლო სისქით 5-7 სმ იყო. საკევრე ფიცრებს, ხმარებაში რომ გამძლე ყოფილიყო, ცეცხლის ალზე მოტუსავდნენ. ამის შემდეგ საკოხე ადგილების აღნიშვნის მიზნით, კევრის სამუშო პირს გარდიგარდმო, ან ცერად დახაზავდნენ, ისე, რომ კოხები ერთ რიგზე არ მოხვედრილიყო, თორემ ლეწვისას კევრი თავთავს აიხვეტავდა. იქ, სადაც კოხები || ქვები თავსდებოდა, საკოხეს ეძახდნენ, სვანეთში მას კოხის კოდი ეწოდებოდა. კევრის ლეწვითი უნარიანობისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს კევრის მოკოხვის ტექნიკას და საკოხე მასალას. ცნობილია სამი სახის საკოხე მასალა: კოხი, კოხი-რკინა და რკინა. საქართველოში უმთავრესად კოხით და კოხი-რკინით[3] მოკოხვა დასტურდება.
კევრისათვის შეირჩეოდა მაგარი ჯიშის ცეცხლგამძლე ქვა: კოხი (ქართლ-კახეთი) || კოჟი (რაჭა-ლეჩხუმი) || ქვიები (მესხეთ-ჯავახეთი || კაჟი (იმერეთი). ბორჯომის ხეობაში მოსახოკად ხმარობდნენ შავი ფერის, წყლის ლიპ ქვას. ატენელი მეკევრეები მდ. მტკვირს რიყიდან ეზიდებოდნენ ნაჩვრეტიან ქვას. ქვემო ქართლში გამოიყენებოდა შავი დოშამა (გრძელი) ჩოფურა ქვა. იმერეთში საკოხეში ბრტყელ კაჟებს აწყობდნენ. საგულდაგულოდ არჩევდნენ მესხეთ-ჯავახეთში კოხს, რომელიც შორეული პუნქტებიდანაც მოჰქონდათ, მაგ. ანდრიაწმინდელები შუაკარავის მთიდან ეზიდებოდნენ საკოხე ქვას, რომელიც ხასი იყო და დანასავით ჭრიდა ბზეს. არალელებს წარბასუბნიდან მოჰქონდათ, ტოლოშელებს - არგავიდან, ვალელებს - დიღვირიდან და ა. შ. დგინდება ასეთი ფაქტიც, მაგ. გუჯარეთის ხეობაში (ბორჯომის მუნიციპალიტეტი) კევრი ადგილზე ითლებოდა, ხოლო მის დასახოკად ატენელი და ახალქალაქელი მკოხავები მოდიოდნენ, რომელთაც კოხი თან მოჰქონდათ, რადგან ადგილზე მაგარი ჯიშის ქვა არ იშოვებოდა.[4]
ხმარებაში კევრს კოხები უცვდებოდა და დროდადრო პირის გაკეთება - მოკოდვა ჭირდებოდა. მკოხავები ცხენებით, სოფელ-სოფელ დადიოდნენ, ამოყრილ კოხებს ბუდეში სვამდნენ და პირს უფხავებდნენ, დაკოხილ კევრს წყალს ასხამდნენ, რომ გაჟღენთილი კევრის ფიცრებს კოხებისათვის მოეჭირა. კევრს "დაუბამდნენ" და ასე გადაჰქონდათ კალოზე. ახალ "ხამ" კევრს ზურგზე ხის პატარა ჯვარს დააკრავდნენ, თვალი რომ არ სცემოდა და ბარაქიანი კალო გაელეწა. იცოდნენ ახალ კევრზე თონის პურისა და მარილის დადებაც, რაც დოვლათის მომატების საწინდრად მიაჩნდათ. ახალი კევრის კალოზე გატანის დროს, ვიდრე მას სალეწ ძნაზე შეაყენებდნენ, ქართლში სცოდნიათ დაობებულ პურებზე მისი გადატარება, ხვავის ბარაქიანობის მიზნით.[5]
კევრის დამზადების ხელობით გამოირჩეოდა შემდეგი სოფლები: არალი, ანდრიაწმინდა, ვალე, ჩუნჩხა, ტამალა (მესხეთ-ჯავახეთი); სპერი, კორბოული, არგვეთი, პერევი (იმერეთი); ერედა, იკოთი, ყოჩიანი, ზემობოლი (ქსნის ხეობა) და მეკევრეობით განთქმული ლოკალური მიკრორაიონები: ატენის, ბორჯომის, ვერეს, დიდი ლიახვის ხეობები, რომლის მოსახლეობა თავიანთი ნახელავით ამარაგებდა სამიწათმოქმედო რაიონებს. ამ მხრივ დგინდება, რომ ხის მოხელეობის დარგობრივ სახეს ხშირად განსაზღვრავდა მის მეზობლად მდებარე რაიონებში განვითარებული მეურნეობის დარგები, მაგ., იმ რაიონებისათვის, სადაც მემინდვრეობა მძლავრად იყო განვითარებული, ნაკლებგანვითარებული სამიწათმოქმედო რაიონიდან მოსული ხის მოხელეები ამზადებდნენ სახვნელ, სალეწ და კალოს იარაღებს (გუთანი, კევრი, ცხავი, ფიწალი, ნიჩაბი, არნადი). ეს კარგად ჩანს ბორჯომის, ატენის დიდი და პატარა ლიახვის ხეობების მცხოვრებთა შრომა-საქმიანობის მაგალითზე. შიდა ქართლში განვითარებულ ინტენსიურ მიწათმოქმედებას დიდი რაოდენობით ესაჭიროებოდა სახვნელი იარაღები და კევრები, რომლებიც მარაგდებოდნენ ხის მოხელეობის ისეთი ცენტრებიდან, როგორიც იყო ზემოაღნიშნული ხეობები.
ლეწვა - "ყანის დარბევა" (სულხან-საბა) კალოზე ხდებოდა. კალო ეწყობოდა სახლის ბანზე, ეზოში და ყანასთან ახლოს. საქართველოში ორი სახის კალო იყო: (1) გარეთ || ველისა და ფეხის|| სახლის || დახურული || დაფარული || ბანიანი კალო. ველის კალოზე ყანის გალეწვა კევრით ხდებოდა. იგი შემაღლებულ სანიავო ადგილზე ეწყობოდა (ქართლი, კახეთი, სვანეთი, იმერეთი, რაჭა). (2) დახურული კალოები გავრცელებული იყო მთის ზოლში (ქსნის ხეობა), სადაც ძნა საქონლის ფეხით ითელებოდა.[6]
კალოობისათვის არჩევდნენ მზიან "ფიცხ დღეს", რადგან ამ დროს თავთავი უკეთესად ილეწებოდა. როდესაც შესაფერი ამინდი დადგებოდა, კალოზე ძნას თავთავით შიგნიდან ჩაშლიდნენ. კალოზე ხშირად ორი, სამი, ოთხი კევრი მუშაობდა. მათი რაოდენობა განისაზღვრებოდა იმისდა მიხედვით, თუ რამდენი ურემი ძნა იყო კალოში ჩაშლილი. თუ ცხარე მზიანი დღე იყო, ორი ურემი ძნა გაილეწებოდა, ოღონდაც თავთავი ჭანარი (ნედლი) არ უნდა ყოფილიყო.
კევრში, ჩვეულებრივ, ხარს, მოზვერს ან ცხენს აბამდნენ, კამეჩის შებმა იშვიათი იყო.
კევრი ფართოდ იყო გავრცელებული კხეთში, ქართლში, მესხეთ-ჯავახეთში, ზემო იმერეთში, ქვემო ქართლსა და სვანეთში. შედარებით ნაკლებად იყენებდნენ მას ქვემო იმერეთში, მთიულეთ-გუდამაყარში, თუშეთსა და აჭარაში, იშვიათად კიდევ უფრო გურიასა და სამეგრელოში, სადაც ეს იარაღი ხმარებიდან ამოვარდა მას შემდეგ, რაც საქართველოს გლეხობამ, სავაჭრო კაპიტალის განვითარებასთან დაკავშირებით, უხვმოსავლიანი სიმინდის მოყვანას მოჰკიდა ხელი.
საერთოდ, სალეწი იარაღები ორ ჯგუფად იყოფა: პირველ ჯგუფში შედის რომაული "tribulum", რომელიც ქართული კევრის მსგავსია,[7] მეორე ჯგუფში კი სემიტური წარმოშობის პუნიკური სალეწი იარაღი "plostellum punicum".[8] კავკასიაში იყენებდნენ როგორც tribulum-ს, ისე plostellum punicum-ს.
კევრი tribulum მარტივი აგებულების, თავაწეული, დაკოხილი ფიცარია, ხოლო ჯარჯარა - plostellum punicum - რთულ, შედგენილ იარაღს წარმოადგენს (სწორკუთხა ჩარჩოში გაყრილ ღერძებზე ჭადრაკულად არის განლაგებული ლითონის, იშვიათად ქვის გორგოლაჭები). ჯარჯარას სამუშაო ნაწილი უძრავი კი არ არის, როგორც კევრისა, არამედ მოძრავი გორგოლაჭებია, კევრით ლეწვა სრიალ-ჭრა-ფშვნეტაზეა დაფუძნებული, ხოლო ჯარჯარათი - გორვა-ჭრა-ბეგვაზე. მიუხედავად კონსტრუქციული სიმარტივისა, კევრი tribulum უკეთესად ლეწავს, ვიდრე ჯარჯარა.
როგორც არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მონაცემებით ირკვევა, საქართველოში გავრცელებული ყოფილა მხოლოდ ტრიბულუმის ტიპის სალეწი იარაღი, ე.ი. კევრი. სომხეთში ამ ტიპის სალეწი კამნ,[9] ხოლო აზერბაიჯანში vəl არის ცნობილი.[10]
ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებიდან კევრს იცნობდნენ და ფართოდ იყენებდნენ ჩეჩნები, ავარები, დარგოელები და სხვ.[11]
კევრი ძველთაგანვე ყოფილა ცნობილი იტალიაში, სამხრეთ რუსეთში,[12] მცირე აზიისა და ხმელთაშუაზღვის აუზის ქვეყნებში.[13] უძველესი კევრი (ძვ.წ 1800 წ.) დასტურდება შუამდინარეთში.
კევრი საქართველოს ტერიტორიაზე ადრეული პერიოდიდან ჩანს, მისი ნაშთები ნაპოვნია ძველი იბერიის მიწათმოქმედების ისეთ ცენტრებში, როგორიცაა მცხეთა, ხოვლე, უფლისციხე და ცხინვალი. ხოვლეგორაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული კევრები თარიღდება ძვ. წ-აღ. IX-XI საუკუნით.[14] კევრის ნაშთები, რომლებიც ძვ. წ. VIII-VI საუკუნეებით თარიღდება, ნანახი იქნა აგრეთვე ცხინვალის მახლობლას, სოფ. ოსპირთან.[15] იმავე პერიოდს მიეკუთვნება სამთავროს სამაროვნის კევრი (ძვ. წ.-აღ. VIII-VI სს).[16] უფლისციხეში (გორის რაიონი) აღმოჩენილი კევრი ძვ. წ. I-III სს. განეკუთვნება.[17] 1961 წელს სოფ. კავთისხევთან (კასპის რაიონი) ნაპოვნი იქნა გვიანფეოდალური ხანის კევრი (არქეოლოგი ბ. ჯორბენაძე).
ამ მონაცემების მიხედვით აღმოსავლეთ აქართველოს ტერიტორიაზე კევრების გაჩენა-გავრცელება გვიანბრინჯაოს და ადრეული რკინის ხანას მიეკუთვნება. აღნიშნული პერიოდისათვის "... აღმოსავლეთ საქართველოს მიწა-წყალზე ზის მიწათმოქმედი, მესაქონლე, მეტალურგიაში გაწაფული მეომარი მოსახლეობა".[18] ამავე დროს არქეოლოგიური მონაცემები იმის თქმის საფუძველს იძლევა, რომ ამიერკავკასიის ტერიტორიაზე მოსახლე ტომებმა მიწათმოქმედებაში ხარის გამოყენება გვიანბრინჯაოს ხანიდან დაიწყეს.
განათხარი კევრის აღმოჩენის ყველა შემთხვევაში, მასზე მიცვალებული იყო დასვენებული. მიცვალებულის კევრით დასაფლავების ჩვეულება საერთო მოვლენა ჩანს ამიერკავკასიის ხალხებისათვის.[19] იგი გარკვეულად ეხმაურება წინა აზიის ძველი მოსახლეობის, სირიელების ეთნოგრაფიულ ყოფაში დადასტურებულ კევრზე მიცვალებულის დასვენების წეს-ჩვეულებას. ეს ფაქტი დამოწმებული აქვს ბაღდადის ახლოს XIX ს. 70-იან წლებში ეთნოგრაფ ვეტშტეინს. მისი ცნობით, სირიელები მიცვალებულს დამარხვამდე კევრზე დაასვენებდნენ, რადგან კევრი წმინდა სამეურნეო იარაღია.[20] ამ თვალსაზრისით ყურადღებას იქცევს თეთრი წყაროს რაიონში შუასაუკუნეების [XI-XII სს.] ნამოსახლარ ნაჭივჭავების ეკლესიის ტერიტორიაზე მიკვლეული კევრის მოყვანილობის საფლავის ქვა. "კევრქვის" საფლავის ძეგლად გამოყენება მიცვალებულის კევრზე დამარხვის უძველეს ჩვეულებასთან უნდა იყოს დაკავშირებული.[21]
სპეციალურ ლიტერატურაში ადრე გამოთქმული მოსაზრებით სალეწი იარაღი რომაელთა მონაპოვრად იყო მიჩნეული, რადგან ამ იარაღის გამოყენება რომაელებში ძვ. წ-აღ. II საუკუნით თარიღდება. ბოლო ხანების არქეოლოგიური აღმოჩენების საფუძძველზე ეს მოსაზრება მოძველებულია. როგორც გაირკვა, ამიერკავკასიისა და კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე გვიანბრინჯაოსა და ადრეული რკინის ხანიდან გამოიყენებოდა. ასეთი სიძველის სალეწი იარაღი - ჯერჯერობით იშვიათად გვხვდება,[22] ხოლო კიდევ უფრო ძველი ჩანს ამ იარაღის გამოყენება შუამდინარეთში.[23]
გურამ გასიტაშვილი
ლიტერატურა
- ↑ სტ. მენთეშაშვილი, კევრი, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე, ტ. IX, თბ. 1935, გვ. 78
- ↑ ნ. ბრეგაძე, რაჭა-ლეჩხუმის სამიწათმოქმედო იარაღები, კრებული "საქართველოს ეთნოგრაფიის საკითხები", თბ., 1914, გვ. 176
- ↑ სტ. მენთეშაშვილი, დასახ. ნაშრ., გვ. 81
- ↑ გ. გასიტაშვილი, ხის დამუშვების ხალხური წესები, თბ., 1962, გვ. 61
- ↑ გ. ჯალაბაძე, აღმოსავლეთ საქართველოს სამიწათმოქმედო იარაღების ისტორიიდან, თბ., 1960, გვ. 132
- ↑ გ. ჩიტაია, ქსნის ხეობის ეთნოგრაფიული ექსპედიციის მოკლე ანგარიში, ენიმკის მოამბე, ტ. IV – 3, თბ., 1939, გვ. 287
- ↑ М. Сергеенко, Очерки по сельскому хозяйству Древней Италии, М- Л .,1958, с. 75
- ↑ სტ. მენთეშაშვილი, დასახ. ნაშრ., გვ. 91
- ↑ С. Лицисиан, Очерки Этнографии Дореволюционной Армении,, Труды инститкта этнографии им. миклухо-маклая, т. XXVI, М., 1955, с. 18
- ↑ Народы Кавказа, т. II, М., 1962, с. 63
- ↑ Народы Кавказа, т. II, М., 1962, с. 63
- ↑ D. Zelenin, Russiasche (Ostslavaische) Volkerkund, 1927
- ↑ სტ. მენთეშაშვილი, დასახ. ნაშრ., გვ. 97
- ↑ რ. აბრამიშვილი, დ. მუსხელიშვილი, გ. ცქიტიშვილი, ხოვლეგორაზე 1960 წლის მუშობის შედეგები. იხ.: Итоги полевых археологических исследовании на територии Грузинской ССР, 1960
- ↑ ო. ჯაფარიძე, ქართველი ტომების ისტორიისათვის ლითონის წარმოების ადრეულ საფეხურზე, თბ., 1960, გვ. 21
- ↑ ტ. ჩუბინაშვილი, დასახ. ნაშრ., გვ. 62
- ↑ დ. ხახუტაიშვილი, კლდეში ნაკვეთი ქალაქი, თბ., 1965, გვ. 45
- ↑ საქართველოს არქეოლოგია (სახელმძღვანელო), თბ., 1959, გვ. 188
- ↑ გ. ჯალაბაძე, აღმოსავლეთ საქართველოს სამიწათმოქმედო იარაღების ისტორიიდან, თბ., 1960, გვ. 132
- ↑ Wetzetein, Die Sirishe Dreschtafel. Zeitschift fur Etnologie. Berlin Band, V
- ↑ ალ. ბოხოჩაძე, ახალი ტიპის საფლავის ქვები, თეთრიწყაროს რაიონული გაზეთი ”საკოლმეურნეო გზით, 1956, 27/VI
- ↑ Г. Читая, Этнографияеская выставка Грузии, “Советская Этнография” 1957, № 2
- ↑ A. Salcnev, Agricultura Mesopotamica, Nach Sumerisch-Akkadischen Quellen, Helsinki, 1968