გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

კალანდა: განსხვავება გადახედვებს შორის

(ახალი გვერდი: <big>'''კალანდა'''</big> ---- (ლათინ.: kalendæ ძველ რომში თვის პირველი დღე) კალა...)
(განსხვავება არ არის)

09:14, 18 თებერვალი 2020-ის ვერსია

კალანდა


(ლათინ.: kalendæ ძველ რომში თვის პირველი დღე) კალანდა ტრადიციული გურული და მეგრული ახალი წელია. "კალანდა" წარმოშობით რომაული სიტყვაა და ახალი წლის პირველ დღეს ნიშნავს. ის ძველი სტილით, 14 იანვარს აღინიშნება.

ახალ წელს ეპატიჟებიან მეკვლეს და თვითონაც მიდიან მეკვლედ. მეკვლე არის ადამიანი, რომელმაც ოჯახს სიკეთე და ბედნიერება უნდა მოუტანოს. ტრადიციის მიხედვით, ქართველების მეკვლედ წმინდა ბასილი ითვლებოდა. კალანდობა სწორედ მისი ხსენების დღეს, 14 იანვარს ემთხვევა. წმინდა ბასილის პატივსაცემად, კალანდობას ჩიჩილაკს რთავენ. ჩიჩილაკი თეთრი ფერისაა და ხალხი მას წმინდა ბასილის თეთრ წვერს ამსგავსებს.

კალანდის წინა დღეს ცხემლისჭრა ეწოდებოდა. ამ დღეს ოჯახის წევრი მამაკაცი ტყეში მოჭრიდა ცხემლის ხეს და დაამზადებდა შეშას, შეიტანდა სახლში და დააწყობდა ცეცხლთან ახლოს, გასაშრობად. ცხემლისჭრის დღისთვის ვახშმად ამზადებდნენ ინდაურის ხორცისგან საცივს, ხარშავდნენ კარგად გასუქებული ღორის თავს. საგანგებოდ აცხობდნენ გურულ ღვეძელს და ტკბილ ნაზუქებს.

ბებიები და დედები ამ დღისათვის სპეციალურად შენახულ ჩურჩხელებსა და ტკბილ კვერებს ურიგებდნენ ბავშვებს. საღამოს ანთებდნენ თაფლის სანთლებს და შეუდგებოდნენ ვახშამს. ღვინის სმის დროს ამბობდნენ: "მრავალ ცხემლისჭრა დღეს დაგვასწროს ღმერთმაო". ცხემლისჭრა დღეს უნდა მოემზადებინათ ჩიჩილაკიც. ამ დღეს ტყეში მოძებნიდნენ თხილის სწორ ხეს, ამოარჩევდნენ მისგან საჩიჩილაკე ღეროს და ცოტა ხნით ცეცხლზე გააჩერებდნენ, როცა ხის კანი ტკაცუნს დაიწყებდა, გამოიღებდნენ, შემოაცლიდნენ დამწვარ კანს და იწყებდნენ ჩიჩილაკის დამზადებას. გამზადებულ ჩიჩილაკს სუროს ფოთლებით, ჩურჩხელებითა და სხვადასხვა ტკბილეულით რთავდნენ. ჩიჩილაკს წყალკურთხევამდე ინახავდნენ, შემდეგ კი წვავდნენ ან წყალს ატანდნენ. კალანდობის ღამით დაწყებულ დროსტარებას მეორე დღესაც აგრძელებდნენ. კალანდობის დადგომას დღესაც მხიარულად და სიმღერით ხვდებიან და მთელი ორი დღე ზეიმობენ. კალანდობის მეორე დღეს, 15 იანვარს, გურიაში და სამეგრელოში "კუჩხას" ეძახიან. ამ დღეს ოჯახში მოდის მეკვლე, საჩუქრად მოქვს ტკბილეული და ანთებს ბუხარს. ტრადიციის მიხედვით, მეკვლის მოსვლა გურულ ოჯახს ბედნიერებას მოუტანს. მეკვლე კარებზე სამჯერ დააკაკუნებდა შემდეგი სიტყვებით: "კარი გამიღე!" სახლიდან სამჯერ უპასუხებდნენ: "რა მოგაქვს?". მეკვლე პასუხად ჩამოუთვლიდა: "მშვიდობა, ღვთის წყალობა, ჯანჯუხა, ხაჭაპური, ტკბილეული..." შემდეგ მას კარებს უღებდნენ და იწყებოდა საახალწლო მილოცვები.

კალანდის დადგომამდე ცოტა ხნით ადრე მთელი ოჯახი ფეხზე დგებოდა. მამაკაცები ღორის თავს, საახალწლო კვერს, საახალწლო სანოვაგით დატვირთულ გობს, მორთულ ჩიჩილაკს და ცარიელ ჩაფს აიღებდნენ და მარნისკენ გაეშურებოდნენ. მარანში შესვლისას ოჯახის უფროსი გობს ხმაამოუღებლად დადგამდა მიწაზე, ჩაფს ღვინით გაავსებდა და წმინდა ბასილს ოჯახის ბედნიერებას დაჩოქილი შესთხოვდა. შემდეგ მეკვლე გობიდან კაკალს აიღებდა და წმინდა ბასილს შეეხვეწებოდა, რომ ამ კაკალივით აევსო ოჯახი ყოველივე სიკეთით.

კაკალს გატეხდნენ და, თუ ცარიელი აღმოჩნდებოდა, რაც, გურულების რწმენით, უბედურების მომასწავებელი იყო, მეკვლე ხელმეორედ ეხვეწებოდა წმინდანს, რომ ოჯახი ცარიელი კაკლისთვის არ დაემსგავსებინა. ამის შემდეგ პროცესია სახლისკენ გაემართებოდა.