ტონთიო: განსხვავება გადახედვებს შორის
ხაზი 72: | ხაზი 72: | ||

'''წყარო''' | '''წყარო''' | ||
* დიმიტრი ნარიმანიშვილი, საქართველოს ციკლოპური სიმაგრეები, თბ., 2019 | * დიმიტრი ნარიმანიშვილი, საქართველოს ციკლოპური სიმაგრეები, თბ., 2019 | ||

'''შენიშვნა და ლიტერატურა''' | '''შენიშვნა და ლიტერატურა''' | ||

20:21, 21 აპრილი 2020-ის ვერსია
ტონთიოს ციკლოპური კომპლექსი, ყაურმა-ყალას სახელით პირველად ნახსენები აქვს ლ. მელიქსეთ-ბეგს, თუმცა, მის მიერ წარმოდგენილი აღწერა ძალზე ზოგადია და მხოლოდ მიუთითებს ციხის მდებარეობაზე.[1] დ. ბერძენიშვილს ამ კომპლექსის შესახებ საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია[2] და ასევე, ზედა დასახლებისა და ციტადელის ნახაზი აქვს გამოქვეყნებული.[3]
კომპლექსი მდებარეობს სოფ. ყაურმის ჩრდილოეთით არსებული გორის თავზე. ის შედგება ციტადელის, მის გარშემო არსებული გამაგრებული დასახლებისა და გორის სამხრეთ ფერდზე შეფენილი ვრცელი დასახლებისაგან.
ციტადელის მასიურ, 3.0-3.5 მეტრის სიგანის კედლის დასავლეთის მხრიდან, კუთხეებში და ასევე, ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში, დასტურდება კონტრფორსები. სამხრეთ-დასავლეთის კუთხის კონტრფორსის გვერდით, ციტადელის სამხრეთ ნაწილში, მოწყობილი ყოფილა შესასვლელი, რომლის აღმოსავლეთი ნაწილი თითქოს კიდევ ერთ, მცირე კონტრფორსს წარმოადგენს. აღნიშნული სასიმაგრო ნაგებობა შეიძლება ყოფილიყო "ქვეყნის", ან ტომის ბელადის საცხოვრებელი, რადგან, ის, თავის მხრივ, მდებარეობს ციკლოპური გალავნით გარშემორტყმული დასახლების ცენტრში.[4] იქ მოხვედრა შესაძლებელი იყო დასავლეთის მხრიდან დატოვებული შესასვლელით. აღნიშნულ დასახლებას, გარდა სასიმაგრო კედლისა, ასევე იცავდა ამავე კედლის გარეთ არსებული ქვის ზღუდე, რომელსაც ჩრდილოეთის მხრიდან შემოსდევს თავდაცვითი თხრილი. გორის ჩრდილოეთის ფერდზე დადასტურდა კიდევ ოთხი თხრილი, რომლებიც ზოგ მონაკვეთზე გარდაიქმნება ტერასებად. ქვემოდან, მეორე და მესამე თხრილებს შორის, დაფიქსირდა, შედარებით მცირე, ექვსი ტერასისებური თხრილი, რომლებიც ერთმანეთს არ ებმის და თითქოს ჭადრაკულად არის განლაგებული.
მთის თავზე არსებული გამაგრებული დასახლების შესასვლელიდან დასავლეთით, ზემოდან მეორე თხრილის დასაწყისიდან, ფერდზე ეშვება ქვის ზღუდე, რომელიც გარკვეულ მონაკვეთზე სწორხაზოვნად მიემართება. შემდეგ, ფერდის შუა ნაწილში, მკვეთრად უხვევს ჩრდილოეთით და უერთდება ქვემოდან მეორე თხრილს. ამავე ზღუდიდან ჩრდილოეთით, 60 მეტრში, იკითხება მეორე ზღუდე, რომელიც, პირველის მსგავსად, იწყება ზემოდან, მეორე თხრილის შუა ნაწილიდან, ეშვება ფერდზე და უერთდება ქვემოდან მეორე თხრილს, ამ უკანასკნელის თავიდან 50 მეტრში. თავდაცვითი, ძალზე რთული სისტემა, სრულად ფარავდა კომპლექსთან ჩრდილოეთის მხრიდან მისადგომ მონაკვეთს. აღსანიშნავია, რომ ფერდზე არსებული ოთხივე თხრილი მთავრდება ზედა დასახლების ჩრდილო-აღმოსავლეთით არსებულ კლდოვან ციცაბო ფერდთან, საიდანაც კომპლექსი ბუნებრივად იყო დაცული.
ციტადელისა და ზედა დასახლების სამხრეთით, გორის ფერდზე ფიქსირდება ვრცელი დასახლება, რომელიც თითქოს ორ ნაწილად არის გაყოფილი. პირველი მონაკვეთი იწყება ზედა დასახლებიდან და ვრცელდება გორის ფერდზე, სამხრეთის მიმართულებით. დასახლების ბოლოში, ფერდზე, შეიმჩნევა ტერასისებური წარმონაქმნი. აქედან სამხრეთით, გორის შუა ნაწილში არსებულ მოვაკებულ ადგილს სამი მხრიდან შემოუყვება თავდაცვითი კედელი. მოვაკებულ ადგილზე იკითხება ნასახლარები. ფერდზე და ვაკეზე არსებული დასახლებები იყოფა ტერასისებური წარმონაქმნით, რომელზეც ზევით იყო ლაპარაკი. არ არის გამორიცხული, რომ აღნიშნული ტერასა, შესაძლოა, ყოფილიყო გზა, რომელიც ქვედა დასახლებიდან, ფერდის დასახლების გავლით, ადიოდა ზედა გამაგრებულ დასახლებაში. ქვედა დასახლების დასავლეთით არსებულ კედელში, თითქოს, შეიმჩნევა შესასვლელის კვალი, რომელიც შემოსდევს გორის დასავლეთ ფერდს და ბილიკის სახით უერთდება ქვემოდან მეორე თავდაცვით თხრილს.[5] გორის აღმოსავლეთი და დასავლეთი ფერდები მოფენილია სხვადასხვა ზომის ქვებით, რაც დამატებით სირთულეს წარმოადგენს გორაზე ასვლისას. სამხრეთის და ჩრდილო-აღმოსავლეთი ფერდები წარმოადგენენ კლდოვან მასივს, რაც ამ ადგილებს სრულიად მიუდგომელს ხდის. კომპლექსამდე, კერძოდ კი ზედა დასახლებამდე, ერთადერთი მისასვლელი რჩება ჩრდილოეთის და ჩრდილო-დასავლეთის ფერდი. ეს ადგილი კი საკმაოდ კარგად იყო დაცული აქ არსებული საფორტიფიკაციო სისტემით.
ტონთიო
რეგიონი | ჯავახეთი |
უახლოესი დასახლება | ყაურმა |
აბსოლუტური სიმაღლე | 2103 მ |
მოიცავს | 3.3 ჰა |
კედლის სისქე | 2.5-3.5 მ |
გრძედი | 41.331783° N |
განედი | 43.591272° E |
ტიპი | გამაგრებული დასახლება |
წყარო
- დიმიტრი ნარიმანიშვილი, საქართველოს ციკლოპური სიმაგრეები, თბ., 2019
შენიშვნა და ლიტერატურა
- ↑ ლ. მელიქსეთ-ბეგი, მეგალითური კულტურა საქართველოში, თბ., 1938, გვ. 61-62
- ↑ დ. ბერძენიშვილის აზრით, აღნიშნული გორა შესაძლოა იყოს შუასაუკუნეების წყაროებში მოხსენიებული ტონთიოს მთა, რომელშიც მეფე არჩილს VII საუკუნეში დაუმალავს "საგანძურნი ქართლისა და ჯავახეთისანი" --> დ. ბერძენიშვილი, ნარკვევები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიიდან, ზემო ქართლი-თორი, ჯავახეთი, თბ., 1985, გვ. 94
- ↑ დ. ბერძენიშვილი, ნარკვევები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიიდან, ზემო ქართლი-თორი, ჯავახეთი, თბ., 1985, გვ. 94
- ↑ დ. ნარიმანიშვილი, საქართველოს ციკლოპური სიმაგრეები, თბ., 2019, გვ. 19
- ↑ დ. ნარიმანიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 19