გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

სათხე

უძველესი ხანის დასახლება მდებარებს სოფელ სათხეს თავზე არსებული გორის კრატერისებურ ჩავარდნაში, რომელსაც შემოზღუდავს გორის ნალისებურ თხემზე არსებული ციკლოპური გალავანი. 1991 წელს არქეოლოგიურ გათხრებს სათხის კომპლექსზე აწარმოებდა ქართულ-ამერიკული ექსპედიცია, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენდა მტკვარ-არაქსული ნამოსახლარის შესწავლა და ციკლოპური კედლის დათარიღება. გათხრების შედეგად გამოვლინდა ადრებრინჯაოს ხანის მტკვარ-არაქსული კულტურის ორი სამშენებლო ჰორიზონტი, რომელსაც თითქოს ფარავდა ელინისტური ხანისა და შუა საუკუნეების კულტურული ფენები. ციკლოპური კედლის დასათარიღებლად გაკეთდა ორი თხრილი. ერთ-ერთის გათხრისას გაირკვა, რომ მტკვარ-არაქსის კულტურის კერამიკის შემცველი ფენა შედიოდა კედლის ქვეშ. ამ ფაქტმა დაადასტურა, რომ შესწავლილ მონაკვეთში კედელი ადრებრინჯაოს ხანას არ განეკუთვნება და უფრო გვიან იყო აშენებული. მეორე თხრილის შემთხვევაში კი გამოვლინდა, რომ კედელი კლდოვან მასივზე იყო დაშენებული.[1] გათხრებისას, ზემოდნახსენები პერიოდების გარდა, ასევე, დადასტურდა გვიანბრინჯაო-რკინის ხანის მასალაც.[2] აღსანიშნავია, რომ ნამოსახლარის გარკვეულ მონაკვეთებზე მტკვარ-არაქსის კულტურის შემცველი ფენები სრულადაა დაზიანებული, ჯერ გვიან ბრინჯაოს ხანაში, შემდეგ კი, შუა საუკუნეებში.[3]

ამავე ექსპედიციამ, 1993 წელს, გარკვეული სამუშაოები ჩაატარა ბარალეთის ამაღლების გორაზე. ზედაპირული დაზვერვების შედეგად დადასტურდა ადრე ბრინჯაოს და რკინის ხანის დასახლება, რომელსაც, სავარაუდოდ, თავდაცვითი ნაგებობა გააჩნდა. გაკეთებულ სადაზვერვო თხრილში კი, გარდა ზემოთ აღნიშნული პერიოდებისა, გამოვლინდა შუა საუკუნეების არქეოლოგიური მასალაც.[4]

სათხე

რეგიონი ჯავახეთი
უახლოესი დასახლება სათხე
აბსოლუტური სიმაღლე 1946 მ
მოიცავს 6.3 ჰა
კედლის სისქე 2.5-3.0 მ
გრძედი 41.286552° N
განედი 43.658934° E
ტიპი გამაგრებული დასახლება

სათხეს აეროფოტო

წყარო

  • დიმიტრი ნარიმანიშვილი, საქართველოს ციკლოპური სიმაგრეები, თბ., 2019

ლიტერატურა
  1. B. Isaac, Z. Kikodze, P.L. Kohl, G. Mindiashvili, A. Ordzhonikidze, G. White, Archaeological investigations in Southern Georgia 1993, Iran XXXII, 1994, გვ. 23
  2. E.A. Carson, C.M. Edens, P.L. Kohl, Z. Kikodze, M. Djalabadze, Satkhe Excavations, 1991, (ხელნაწერი ინახება საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთ. ლორთქიფანიძის არქეოლოგიის ინსტიტუტის არქივში), გვ. 1, 9-10
  3. ზ. ქიქოძე, 1993 წელს ჯავახეთში წარმოებული არქეოლოგიური გათხრების ანგარიში (ხელნაწერი ინახება საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთ. ლორთქიფანიძის არქეოლოგიის ინსტიტუტის არქივში), გვ. 1
  4. B. Isaac, Z. Kikodze, P.L. Kohl, G. Mindiashvili, A. Ordzhonikidze, G. White, Archaeological investigations in Southern Georgia 1993, Iran XXXII, 1994, გვ. 26
მოძიებულია „http://caucasology.com/wiki/index.php?title=სათხე&oldid=8646“-დან