გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

ამირანის გორა (მეგალითი)

ამირანის გორა პირველად იხსენიება ვახუშტი ბაგრატიონის "გეოგრაფიაში": "ახალქალაქს ზეით არს ამირანის-გორა, მტკვრის[1] სამჴრის კიდეზე."[2] პირველი, ვინც დაადასტურა გორაზე არსებული საფორტიფიკაციო ნაგებობა, იყო ივ. როსტომაშვილი, რომელსაც აქ დუღაბზე ნაშენი ციხის კედლის ნაშთები უნახავს. ადგილობრივმა ქართველმა როსტომაშვილს უამბო თქმულება, რომლის თანახმად, გორის შიგნით ყოფილა კლდეზე მიბმული ამირანი. როსტომაშვილის აზრით, ამირანის გორის სიმაგრის კედლები გამოყენებული იყო ახალქალაქისა და მისი სასიმაგრო სისტემის აშენებისას. იგი, ასევე, აღნიშნავს, რომ გასაკვირია, თუ რატომ არ იხსენიება ეს ციხე შუასაუკუნეების წყაროებში.[3] 1956-1958 წლებში წარმოებული დაზვერვების შედეგად გაირკვა, რომ ახალქალაქის ამირანის გორაზე ერთიმეორის ქვეშ მოქცეულია ადრებრინჯაოს (ძვ. წ. III ათასწლეული) და გვიანბრინჯაო-რკინის (ძვ. წ. II-I ათასწლეულების მიჯნა) ხანის კულტურული ფენები. აქვე დადასტურდა ამავე პერიოდის სამარხები.[4]

დიმიტრი ნარიმანიშვილმა დაზვერვების შედეგად, ამირანის გორაზე მხოლოდ მშრალი წყობით ნაშენი კონტრფორსებიანი გალავნის დაფიქსირება შეძლო. მას ასევე, შესაძლებლად მიაჩნია, რომ კასტორიუსის რუკაზე დატანილი Caspiae, შესაძლოა იყოს ამირანის გორაზე მდებარე ციკლოპური კომპლექსი. Caspiae-სთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები აქვთ მეცნიერებს. ერემიანი მიიჩნევს, რომ ეს პუნქტი წუნდას უნდა აღნიშნავდეს,[5] ჭილაშვილის აზრით Caspiae ხერთვისის აღმნიშვნელია,[6] ბერძენიშვილი კი ვარაუდობს, რომ რომაული პერიოდის რუკაზე აღნიშნული პუნქტი დღევანდელი სოფ. ხოსპია უნდა ყოფილიყო. მოცემულ მოსაზრებას მკვლევარი ამყარებს ხოსპიას გარშემო არსებული ძეგლების საფუძველზე, რომელთა შორის გამოყოფს ამავე სოფლის თავზე და სოფ. ხორენიას სიახლოვეს არსებულ ციკლოპურ ციხეებს.[7]

ამირანის გორა

რეგიონი ჯავახეთი
უახლოესი დასახლება ახალქალაქი
აბსოლუტური სიმაღლე 1881 მ
მოიცავს 2.8 ჰა
კედლის სისქე 2.5-4.5 მ
განედი 41.397231° N
გრძედი 43.498794° E
ტიპი გამაგრებული დასახლება

ამირანის გორის აეროფოტო

წყარო

  • დიმიტრი ნარიმანიშვილი, საქართველოს ციკლოპური სიმაგრეები, თბ., 2019

შენიშვნები და ლიტერატურა

  1. იგულისხმება მდ. ფარავანი, რომელსაც ასევე უწოდებდნენ ჯავახეთის მტკვარს.
  2. ვახუშტი ბაგრატიონი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა. საქართველოს გეოგრაფია. თ. ლომოურის და ნ. ბერძენიშვილის რედაქციით. თბილისი 1941, გვ. 131
  3. И. Ростомов,  : Ахалкалакскiй уѣздъ въ археологическомъ отношенiи (съ ключомъ къ чтенiю надписей древней Джавахетiи и картой), Сборникъ Матерiаловъ для Описанiя Мѣстностей и Племенъ Кавказа XXV. Изданiе Управленiя Кавказскаго Учебнаго Округа. Тифлисъ, 1898, გვ. 31-34
  4. ტ. ჩუბინიშვილი, ამირანის გორა, თბ., 1963, გვ. 14
  5. С.Т. Еремян, Торговые пути Закавказья в эпоху Сасанидов. По Tabula Peutingeriana, Вестник Древней Истории 1 (6), 1939, გვ. 91-92
  6. ლ. ჭილაშვილი, ქალაქები ფეოდალური ხანის საქართველოში, I, თბ., 1968, გვ. 112
  7. დ. ბერძენიშვილი, ნარკვევები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიიდან, ზემო ქართლი-თორი, ჯავახეთი. თბ., 1985, გვ. 85-86