გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

ეტრატი

20:13, 9 ნოემბერი 2019-ის ვერსია, Cqwito (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: <big>'''ეტრატი'''</big> ---- პერგამენტი, ტყავისაგან დამზადებული საწერი...)

ეტრატი


პერგამენტი, ტყავისაგან დამზადებული საწერი მასალა. საქართველოში X-XI საუკუნემდე სამწიგნობრო ხელოვნებაში გამოყენებულ საწერ მასალას ტყავისაგან ამზადებდნენ. XI საუკუნიდან თანდათანობით ხმარებაში შემოდის ქაღალდი. ეტრატზე შესრულებული უძველესი ქართული ხელნაწერები – პალიმფსესტები V-VIII საუკუნეებით თარიღდება (პალიმფსესტი - ეტრატის ფურცელი, რომელიც ძველი ტექსტის გადაფხეკის შემდეგ ხელახლა არის გამოყენებული საწერ მასალად). ცხოველის (ცხვრი, თხა, ხბო) ტყავისაგან დამზადებულ საწერი მასალას მცირე აზიის ქალაქ პერგამონის მიხედვით პერგამენონი ეწოდა. მისი ქართული შესატყვისია "ეტრატი". იგი ქართულ წერილობით ძეგლებში X საუკუნიდან დასტურდება. პარალელურად გვხვდება "წიგნი ტყავისაჲ" (X ს., XI ს.). სულხან-საბას ეტრატი განმარტებული აქვს, როგორც "ტყავის ქაღალდი, წიგნის ტყავები". ქართულ ხელნაწერებზე დართული ანდერძ-მინაწერების მიხედვით, ეტარატის დასამზადებლად ბატკნის, თიკნის და ზოგჯერ ირმის ტყავსაც იყენებდნენ. საწერი ეტრატისაგან განსხვავებით, ყდის შესამოსად, ძროხის ან სხვა რომელიმე ცხოველის შედარებით სქელ და უხეშ ტყავს ხმარობდნენ. ტყავს რეცხავდნენ, ამუშავებდნენ ნაცრით, ნაცრისა და კირის ნარევი ან კირიანი წყლით, შემდეგ აცლიდნენ ბეწვის და ხორცის ფენას, ამისთვის გამოიყენებოდა სპეციალური ხელსაწყოები – ვარაჩო და დემური. კვლავ რეცხავდნენ და მიღებულ სუფთა დერმას, ჭიმავდნენ ხის ჩარჩოზე. გაჭიმულ დერმას აშრობდნენ და თან ამუშავებდნენ მრგვალპირიანი დანითა და პემზით ერთგვაროვანი გლუვი ზედაპირის მიღებამდე. ეტრატისაგან დამზადებულ ხელნაწერს ორგვარი ფორმა შეიძლება ჰქონოდა. ერთი მათგანი რვეულებად შეკრული და ყდაში ჩასმული ხელნაწერი წიგნი - ფურცლებად დაჭრილ და დაკეცილ რვეულებს შეიცავდა, ხოლო მეორე – გრაგნილი, ერთი მეორეზე გადაკერებული ან მიწებებული ფურცლების დახვევით ანუ გრაგნვით მიიღებოდა. გრაგნილის შემადგენელ ფურცლებს კეფი ერქვა.


ლიტერატურა

  • დ. გოგაშვილი, ეტრატი - საწერი მასალა და მისი დამზადების წესი, მრავალთავი, XX, თბ., 2003.
  • შ. მესხია, საისტორიო ძიებანი ტ. I, 1982.
  • ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ. თბ., მერიდიანი, 2011

მოძიებულია „http://caucasology.com/wiki/index.php?title=ეტრატი&oldid=5965“-დან