გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

დენთი

08:48, 2 მარტი 2021-ის ვერსია, Cqwito (განხილვა | წვლილი)

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

დენთი


ფეთქებადი ნივთიერება. გამოიყენება ცეცხლსასროლი იარაღისათვის. კაჟიანი თოფების ეპოქაში (XVI-XVIII), სანამ ტყვიის განვითარება სრულყოფილ დონეს მიაღწევდა (XIX ს-ის I ნახ. უნიტარული ვაზნა) და დაიწყებოდა მისი ქარხნული წარმოება, საქართველოშიც დენთს ადგილობრივად ამზადებდნენ. დენთის დამზადებისათვის საჭირო იყო - ყინვარი (გვარჯილა), ჩექა (გოგირდი) და ნახშირი. ხევსურეთის ეთნოგრაფიული მასალის მიხედვით ყინვარსა და ნახშირს ადგილზე ამზადებდნენ, ხოლო გოგირდი შემოჰქონდათ. საჭირო ნედლეულის მომარაგებისა და მათი შეზავების შემდეგ, იწყებოდა თოფისწამლის გატეხვა დენგში (ხის ან ქვის დენგი), რაც საკმაოდ შრომატევადი საქმე იყო. თოფისწამლის გატეხვის დროს ხშირად იყენებდნენ ჭაშნიკს, თუ თოფისწამალი არ აკმაყოფილებდა ძირითად მოთხოვნას (ძლიერი და უცაბედი აფეთქება უმნიშვნელო ფერფლით), მას უმატებდნენ გვარჯილას, რითაც წამლის სიფიცხეს ზრდიდნენ. მეტისმეტად ფიცხი წამლის შემთხვევაში კი უმატებდნენ გოგირდს, რაც დაბლა სწევდა სიფიცხეს. თოფისწამალს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვანაირად აჭაშნიკებდნენ, მაგ., სვანეთში ჭაშნიკს ხელისგულზე იდებდნენ, დიდოეთში - მარცხენა ხელის ცერის ფრჩხილზე, ხოლო რაჭაში ამისთვის თეთრ ქაღალდს იყენებდნენ.
ქართული ეთნოგრაფიული მასალით დადგენილია, რომ საქართველოს მთიანეთში თოფისწამალი თითქმის ყველგან (ხევსურეთში, რაჭაში, სვანეთში, დიდოეთში და სხვ) მზადდებოდა. ხოლო რაც შეეხება დიდ ქალაქებს, განსაკუთრებით თბილისს, XVIII საუკუნის 70-იან წლებში თბილისში არსებობდა თოფისწამლის დასამზადებელი სარეწაო, რომელიც ისაია თაყუაშვილს ეკუთვნოდა. სამწუხაროდ, აღა-მაჰმად-ხანის შემოსევისას აღნიშნული ქარხანა მთლიანად განადგურდა. ერეკლე მეორემ 1796 წელს თაყუაშვილს ახალი მიწები (სოლოლაკის მიდამოებში) უბოძა დენთის წარმოებისათვის, მაგრამ ეს ინიციატივა რუსეთის ანექსიამ გააუვნებელყო.


წყაროები


მოძიებულია „http://caucasology.com/wiki/index.php?title=დენთი&oldid=12896“-დან