გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

ახალუხი

11:33, 6 ივლისი 2019-ის ვერსია, Cqwito (განხილვა | წვლილი)

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
ახალუხი

ახალუხი


ქართული ტრადიციული ხალხური ტანსაცმლის უმთავრესი ელემენტი, ჩოხის აუცილებელი ატრიბუტი, პერანგის მაგვარი. იცმევა ჩოხის შიგნით. წელშია გამოყვანილი და ღილკილოებითაა შესაკრავი. მამაკაცები იცვამდნენ ჩოხის შიგნით, ქალები კი - კაბის შიგნით. მასალად გამოიყენებოდა ბამბის, აბრეშუმის და შალის ქსოვილები (ყარამანდულა, სატინი, დიმიკიტონი, ქიშმირი, ხამი, ნაშური ე.წ. შავი ფართლეული და სხვ. ახალოხი ფორმით ჩოხისებურია, საყელო დამდგარი აქვს და გულდახურულია. აქვს სწორი სახელოები, გვერდებში შედგმული კალთებით. ჩოხაზე მოკლეა, გულისპირზე აქვს ჯიბე, ზოგჯერ დასარჩულებულია, სეზონის მიხედვით ბამბაფენილი და დალიანდაგებულია.

XIX ს. II ნახევარსა და XX ს. დასაწყისში საქართველოში მასობრივად გავრცელდა სამი ფორმის ახალუხი:

  1. ქართული ანუ მოკლე ახალუხი, რომელსაც ჰქონდა ნაოჭი და ქართველ გლეხობაში იყო გავრცელებული;
  2. ჩერქეზული ანუ გრძელი და უნაოჭო, რომელსაც თავადები და წარჩინებულები იცვამდნენ;
  3. ქალაქური ანუ დოშლუღიანი, რომელის მომხმარებლები ქალაქის ვაჭარ-ხელოსნები და წვრილი მოხელეები იყვნენ.

ახალუხის უმოკლეს ვარიანტად უნდა ჩაითვალოს სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში გავრცელებული მამაკაცის ტანსაცმლის კომპლექტში ჩაქურა შესული წელამდე სიგრძის ზუპუნა.

ძველად, მამაკაცის ჩასაცმელ საგარეო ფორმად, კავკასიის მასშტაბით, ჩოხა-ახალუხის ერთობა ითვლებოდა. წარჩინებულთა წრეში კი მათ ყოველდღიურად ხმარობდნენ.

ქსნის ერისთავის ანას მზითვის წიგნში (1692-1703 წწ.) ორი ახალუხია ნახსენები. ერთი დარაია ბაბთისა, მისის ოქროს ჯაჭვის თვლებით. ანუკა ბატონიშვილის მზითვის წიგნში (1712წ.) დასახელებულია ცხრა ახალუხი.

საქალო ახალუხების ორი ფორმა გვხვდება:

  1. გრძელი და წინჩახსნილი;
  2. მოკლე და გულდახშული.

გრძელი საქალო ახალუხი მამაკაცის ახალუხის მსგავსია: წელზე მომდგარი, კალთაგანიერი, მაღალი საყელოთი, წინ ჩახსნილი და ღილ-კილოებით შესაკვრელი. სახელოები სწორი, ზოგჯერ ყოშით დაბოლოებული. მეორე ფორმის ახალუხი მოხევე ქალის კომპლექტშია დამოწმებული. ეს არის მოკლე, გულდახშული და უკან ზურგში შესაკვრელი - უსაყელო და გრძელი სახელოებით.

ამ ტიპის საბავშვო ახალუხებს ხევში კონდოლები ერქვათ. ორივე ფორმის საქალო ახალუხები გაფორმების მხრივაც იქცევს ყურადღებას. მთავარ საშუალებებად გამოყენებული იყო ბუზმენტი და ვერცხმკედით მოქსოვილი ყაითანი. ყაითნით ირთვებოდა ახალუხის ნაპირებთან ერთად ნაკერებიც. კალთებზე იცოდნენ აპლიკაციის წესით სხვადასხვა ცხოველის (ჯიხვი, ცხვარი, ირემი) გამოსახვა. ახალუხი ფართოდ გავრცელებული ტანსაცმლის ტიპია და იგი დიდი ხნის განმავლობაში როგორც კაცის, ასვე ქალის შეუცვლელ სამოსს წარმოადგენდა.