გვირგვინი
გვირგვინი
სინონიმი: გვერგვინი
(აქ:) საახალწლო სარიტუალო საგანი. ლეჩხუმური საახალწლო გვერგვი ლერწისგან მოწნულ რგოლს წამოადგენს. ასტრალურ კულტთან გვერგვის კავშირს განსაკუთრებული სიცხადით ამ საგნის გარეგანი გამოსახულება ამჟღავნებს: გვერგვი-წრე, მის ცენტრში მოთავსებული ჯვრით, რომლის წვრილად წათლილი ბოლოები წრის ნაპირისკენ სხივების მსგავსად ეფინება, მნათობი მზის ფორმასა და სხივოსნობას ასახავს. ამ ვითარებას ცხადყოფს აგრეთვე სვანური გირგედის (სალოცავი ხატი) თავისებური გარეგნული გამოსახულება. გირგედ-ი მრგვალი ფორმის ლითონის საგანია ირგვლივ შემოყოლებული ცხრა ცალი მომცრო რგოლით და ამ რგოლებშუა სამყურა მცენარის სახის სამკაულებით.
ქართველების მზის ემბლემა მოწმდება დასავლეთ საქართველოს მოსახლეობაში ე.წ. „კალპიანი ჩიჩილაკის“ სახით. კალპი მზის ისეთივე ემბლემაა, როგორც რაჭველ-ლეჩხუმელების საახალწლო გვერგვი. ამ უკანასკნელის მსგავსად, კალპიც ლერწისგან მოწნული და მცენარეულით შემკული რგოლია. ეთნოგრაფიულ ყოფაში ჩიჩილაკი ბედნიერება-კეთილდღეობისა და დოვლათის სიმბოლური გამოსახულებაა. როგორც ცნობილია, მსოფლიო ხე მრავალ ძველ კულტურულ ხალხში მზესთან იყო ასოცირებული. კალპიანი ჩიჩილაკიც ამგვარ კონცეფციას ასახავს, რამდენადაც აქ მზის სიმბოლო - კალპი მსოფლიო ხის სიმბოლურ გამოსახულებასთან - ჩიჩილაკთან არის შერწყმული და ორივე ერთად (კალპი და ჩიჩილაკი) ზამთრის მზის მობრუნებას მოასწავებს.
ქართველ ხალხში მსოფლიო ხის კონცეფციის ფართოდ გარვცელებაზე მიუთითებს აგრეთვე ეთნოგრაფი ულ ყოფაში დამოწმებული ე.წ. „ბატონების ხე“ და მეგრელების „კელაპტარი“.
შესაძლებელია, მზის ემბლემის საკითხში სვანური გირგედის, რაჭულ-ლეჩხუმური გვერგვ-ისა და გურული კალპი-ს გვერდით ქართული გვირგვინის ამოყენება. გურია-სამეგრელოს და საერთოდ, დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის ხალხური საქორწინო გვირგვინი ლერწისგან მოწნულ რგოლს წარმოადგენდა გვერგვის მსგავსად. განსაკუთრებით საინტერესოა ქართლურ-კახური ნეფე-დედოფლის გვირგვინი, აგრეთვე რგოლის ფორმის, რომელსაც აქვს ოთხი მომცრო ტოტი და რგოლის წინა ნაწილზე გასხივოსნებული ჯვარი. გვირგვინი რძისფერი შუშის მძივებითაა შემკული და მთლიანად ოქროს ან ვერცხლისფერი სირმით არის გადაკრული. თავისი ფორმით, ტოტებით, სამკაულითა და ფერით ქართლურ-კახური ხალხური საქორწინო გვირგვინი მზის გარეგნულ გამოსახულებას, ფერსა და სხივოსნობას ასახავს.
ნეფე-დედოფლის თავზე ამგვარი გვირგვინის დადგმა ოდესღაც მაგიური ზემოქმედების მიზნით ხდებოდა. ახალად დაქორწინებულებს მზის მსგავს საგანს ადგამდნენ იმისათვის, რომ მზის ცხოველმყოფელი ძალა და ნაყოფიერების თვისება ნეფე-დედოფალზე გადასულიყო.
წყარო
- ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ., თბ., მერიდიანი, 2011 წ.