გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

დამღა

09:03, 7 მარტი 2020-ის ვერსია, Cqwito (განხილვა | წვლილი)

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
დამღა გორდა ხმალზე

დამღა


  1. ხელოსნურ ნაწარმზე აღბეჭდილი ხელოსნის, სახელოსნოს მფლობელის ან ხელისუფლების წარმომადგენლის ნიშანი. ძვ. საბერძნეთში განსაკუთრებული ტვიფრით გამოწვამდე იდამღებოდა კერამ. ნაწარმი: კრამიტი, პითოსები და ამფორები. დ. ადასტურებდა, რომ ნაწარმი შეესაბამებოდა სახელმწიფოს მიერ დადგენილ სტანდარტს. ძვ. რომში იდამღებოდა კრამიტი, აგური, იშვიათად ამფორები და მაღალხარისხოვანი წითელლაკიანი კერამიკა. საქართველოში გათხრების დროს აღმოჩენილია ძვ. საბერძნ. სხვადასხვა ცენტრის (სინოპი, როდოსი და სხვ.) დამღიანი ამფორები და კრამიტი (ვანი, ფიჭვნარი, სოხუმი და სხვ.), აგრეთვე რომაული ლეგიონების დამღიანი აგური (ციხისძირი, ბიჭვინთა). კერამიკულ ნაწარმზე გამოწვამდე დატანილი სხვადასხვა სახის ნიშნები საქართველოში გაჩნდა ანტ. ხანიდან. ასეთი ნიშნები აღმოჩენილია ძვ. წ. IV–III სს. კოლხურ ქვევრებზე (დაბლაგომი), ელინისტურ და გვიანდ. ანტ. ხანის კრამიტზე (ვანი, სამადლო, მცხე- თა და სხვ.). ცალკეულ შემთხვევებში გვხვდება ბერძნულწარწერიანი ტვიფრით აღბეჭდილი დებიც. ცნობილია ქ. დიოსკურიის დამღიანი ამფორა (ძვ. წ. II ს.) და ელინისტური ხანის სამეფო სახელოსნოს დამღიანი კრამიტი (ვანი). კრამიტის დადამღვა ფართოდ იყო გავრცელებული შუა საუკუნეებშიც. დამღებზე, ჩვეულებრივ, დაქარაგმებული ასომთავრული წარწერებია. დამღიანი თიხის ჭურჭელი საქართველოში იშვიათია. შუა საუკუნეებში შედარებით ხშირად იდამღებოდა ქვევრები. ეს წესი შემორჩა ეთნოგრაფიულ ყოფაშიც. ლითონის ნაწარმის დადამღვაც ძვ. დროიდანაა ცნობილი. ადრინდელ შუა საუკუნეებში ბიზანტიაში ლითონის სინჯის გარანტირების მიზნით იდამღებოდა ოქროსა და ვერცხლის ნივთები. XVIII ს. მიწურულსა და XIX ს. დასაწყისში თბილისში არსებობდა სამეფო კარის საწარმო სახელოსნო, რომლის ნაწარმზე საგანგებო დამღა იყო დაკრული. საქართველოს მუზეუმებში დიდი რაოდენობითაა დაცული XIX ს. და უფრო გვიანდელი დამღიანი ლითონის ნივთები: ვერცხლის სარტყლები და ჭურჭელი, მოვერცხლილ-მოოქრული იარაღი (თოფები, ხმლები, სატევრები), რკინის ნამგლები, ცულები, წალდები, თოხები და სხვ. საქართველოში გავრცელებულ იარაღზე (თოფები, ხმლები) გვხვდება აგრეთვე სპარს., თურქ. და ევრ. დამღებიც. სასოფლო-სამეურნეო იარაღს ჰქონდა მჭედლის გვარისა და სახელის ინიციალებიანი დამღა. ზოგიერთ მათგანზე გამოსახული იყო ცხოველის ან ფრინველის სხეულის ცალკეული ნაწილები (კურდღლის ფეხი და სხვ.), მზე და მთვარე. მჭედლის დამღა. თაობიდან თაობას გადაეცემოდა. XIX ს-ში ხელოსნური ნაწარმის დამღა ეკუთვნოდა თბილისის სადამღო პალატას და "საოქრომჭედლო სახელოსნოს". ვერცხლისა და ოქროს ნაკეთობებზე, ჩვეულებრივ, აღბეჭდილი იყო ორი დამღა: ერთზე ლითონის სინჯი იყო აღნიშნული, მეორეზე კი – ოსტატის ან საამქროს ნიშანი. ზოგჯერ სინჯიც და ოსტატის ნიშანიც ერთ დამღაზე იყო. 1804–32 თბილისში არსებობდა ოფიციალური სადამღო დაწესებულება. 1848–86 სადამღო საქმეს განაგებდა "თბილისის საოლქო სინჯის პალატა", 1886–96 – "თბილისის სინჯის პალატა", ხოლო 1899– 1917 – ამიერკავკასიის საოლქო სამმართველო (იხ. აგრეთვე სინჯი ). ოფიციალურ დამღებთან ერთად არსებობდა ცალკეულ ოსტატთა დამღებიც.
  2. მრგვალი ან ოთხკუთხა ფორმის პატარა ტვიფრი, რომელიც მონეტის რომელიმე მხარეს ისმება. ძვ. დროიდან დადამღვა სხვადასხვა მიზანს ემსახურებოდა: უცხო ფულის გადაქცევა სახელმწიფო მონეტად, ლითონის ხარისხის გარანტირება, წინამორბედ მმართველთა ფულის გადაქცევა მოქმედ მონეტად და სხვ. საქართველოში მონეტების დადამღვის წესი გაჩნდა თამარ მეფის დროიდან (XII ს. ბოლო) და მოქმედებდა ლაშა გიორგისა და რუსუდანის მეფობის დროსაც (XIII ს. 30-იანი წწ.). შემდეგ კვლავ განახლდა XVIII ს. დასაწყისში.

ლიტერატურა

  • ივ. ჯავახიშვილი, მასალები ქართველი ერის მატერიალური კულტურის ისტორიისათვის, ტ. 3–4, თბ., 1962 წ.
  • თ. აბრამიშვილი, საქართველოს მუზეუმის ქართულ და ბიზანტიურ მონეტებზე მოთავსებული დამღები, ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწ. მუზეუმის მოამბე, 1961 წ.

მოძიებულია „http://caucasology.com/wiki/index.php?title=დამღა&oldid=8084“-დან