გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

თორია

კომპლექსი მდებარეობს სოფ. თორიას თავზე არსებული მთის თხემზე, ყველაზე მაღალ ადგილას. სასიმაგრო კედლები სრულიად არის დანგრეული და დღეისათვის წარმოადგენს წვრილი ქვების გრძივ, მაღალ ზვინულს. კედლების ასეთი შემორჩენილობა მეტყველებს ადგილობრივი მოსახლეობის მიერ საპირე ქვების სამშენებლო მასალად გამოყენებაზე.

კომპლექსი შედგება ციტადელისა და მის სამხრეთით, მთის ფერდზე შეფენილი, ვრცელი დასახლებისაგან. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, იყოფა ორ ნაწილად. პირველი შედარებით ნაკლებ ფართობს მოიცავს. ის ჩრდილოეთით ებჯინება ციტადელს, დარჩენილი სამი მხრიდან კი, შემოზღუდულია გალავნით. აქედან სამხრეთით, მთის შუაწელამდე, შეფენილია დასახლების მეორე ნაწილი, რომელიც ტერასებადაა დაყოფილი. ამ უკანასკნელს აღმოსავლეთიდან ორი ზღუდე იცავდა. პირველი, 200 მეტრის სიგრძისაა, ის იწყება ქვედა დასახლების შუა ნაწილიდან და ადის ზედა დასახლებასთან, სადაც უერთდება ამ უკანასკნელის თავდაცვით კედელს. ხოლო მეორე ზღუდე, 600 მეტრის სიგრძისაა. ის იწყება ქვედა დასახლების ბოლოდან და ადის თხემზე, ციტადელთან, ამ უკანასკნელიდან 70 მ-ის დაშორებით. აქედან ზღუდე რკალისებურად შემოსდევს ციტადელს და მთავრდება მთის თხემზე, ციტადელიდან დასავლეთით, 100 მ-ის მოშორებით. აღსანიშნავია, რომ მთის თავზე, თავდაცვის მიზნით, ამ ზღუდეს გარედან შემოსდევს თხრილი.

პირველ თავდაცვით სისტემასა და ციტადელს შორის, ამ უკანასკნელის დასავლეთით, იკითხება კიდევ ერთი ზღუდე, რომლის სიგრძეც მხოლოდ 100 მეტრს შეადგენს. ციტადელს, აღნიშნული თხრილის და ზღუდეების გარდა, იცავდა მისი ჩრდილოეთის კედლის გასწვრივ არსებული ღრმა თხრილი. როგორც უკვე აღინიშნა, სიმაგრე სრულადაა ჩამოშლილი, თუმცა რამდენიმე ადგილზე მაინც შეიმჩნევა მასიური ქვებით ნაშენი კედლები და კონტრფორსები. კომპლექსამდე მისასვლელი გზა, სავარაუდოდ, ადიოდა მთის დასავლეთი ფერდიდან, რომელიც იწყებოდა დღევანდელი სოფლის ბოლოდან. აქედან მიემართებოდა ჩრდილოეთით, შემდეგ, მთის ფერდის შუა ნაწილში, ის უხვევდა აღმოსავლეთით და მიდიოდა თხემზე მდგარ საყდართან, რომელშიც დადასტურდა ქვის დაუმუშავებელი სტელა. აღსანიშნავია, რომ საყდრის გარშემო იკითხება ქვის წრიული მოყვანილობის გალავნის ნაშთი. აღნიშნული სტელა წრიულ გალავანთან ერთად, შესაძლოა იყოს წარმართული სამლოცველო კომპლექსის ნაშთი, თუმცა, ასევე, არ გამოვრიცხავ, რომ, ის იყო აქ არსებული გზის მაჩვენებელი. სოფლის ტერიტორიაზე ქვის სტელის, ან მენჰირის არსებობაზე ასევე მიუთითებს საბჭოთა დროის ტოპოგრაფიულ რუკებზე დატანილი ნიშანი, რომელიც გამოიყენებოდა მაღალი მონოლითების აღსანიშნავად. ასეა მონიშნული ბარალეთის ამაღლების სვეტი, განძანის და ჭიქიანის (თიქმა-დაში) მენჰირები.

აქვე დავამატებ, რომ მთის თავი წარმოადგენს კრატერისებურ წარმონაქმნს, რომელიც მოიცავს 14 ჰექტარს. ამ ტერიტორიას ადგილობრივი მოსახლეობა დღესაც აქტიურად იყენებს სახნავ-სათესად. კრატერის ცენტრალურ, ყველაზე ჩავარდნილ ნაწილში, შეიმჩნევა წყლის მოგროვების შედეგად წარმოქმნილი ნატბეური თუ ნაჭაობარი. აღნიშნული ტერიტორია მიწათმოქმედებისათვის საკმაოდ ხელსაყრელი უნდა ყოფილიყო და სრულად უზრუნველყოფდა მოსახლეობას საარსებო რესურსით.

თორია

რეგიონი ჯავახეთი
უახლოესი დასახლება თორია
აბსოლუტური სიმაღლე 2086 მ
მოიცავს 4.2 ჰა
კედლის სისქე 2.5-4.5 მ
გრძედი 41.370844° N
განედი 43.581983° E
ტიპი გამაგრებული დასახლება

თორიას რუკა

წყარო

  • დიმიტრი ნარიმანიშვილი, საქართველოს ციკლოპური სიმაგრეები, თბ., 2019
მოძიებულია „http://caucasology.com/wiki/index.php?title=თორია&oldid=8593“-დან