გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

ძობანი

ძობანი

წნელისგან ნაქსოვი შუაცეცხლის თავზე ჩამოკიდებული სათავსო, რომელიც დამბალხაჭოს (და სხვადასხვა სახის შებოლილი პროდუქტის) გამოსაშრობ-შესაბოლად გამოიყენება.

ძობნის დამზადება ძნელი, რთული და შრომატევადია. მასალა - საძობნე წნელი აუცილებლად ტყისა (და არა ველისა ან ბუჩქნარებისა), წვრილი და გრძელი უნდა იყოს, რადგან ხშირ, მაღალ და ფართოფოთლოვან ტყეში მოზარდი შვინდის შტოები უფრო მსხლარტეები იზრდებიან, სიმაღლეში მიდინ და წვრილ გამონაზარდებს იმდენად არ იკეთებენ. ასეთი წნელი უფრო ელასტიურია და იოლად იგრიხება, არ ტყდება მოხმარებისას. ასეთი ელასტიური წნელი კი იმიტომ ჭირდება ძობანს, რომ ის ოვალურად, რთული გეომეტრიული ფიგურის ფორმით იწვნება და სამუშაო მასალა თუ ხელსა და საქმეს ლაღად და ფონედ არ მიჰყვება, ხისტია და წამდაუწუმ ტყდება, ოსტატს ძალიან გაუჭირდება საქმის წარმატებით გასრულება.

დაწვნის პროცესი. ჯერ ძირის ლასტი უნდა მოიქსოვოს, სწორ, ვერტიკალურად დარჭობილი საძირე, შედარებით მსხვილ წნელებზე. მერე ამ ლასტს ოთხივკუთხივ უნდა გაეშვას წნელები, რომლებსაც მორკალავ და კვადრატულ-ოვალურად შეკრავ. ოვალის მოსასოვი წნელები იმ კვადრატებში უნდა აძვრინო ისე, რომ არ გატყდეს. ეს კი ერთობ მოუხერხებელია, რადგან კვადრატები ვიწროა და თუ წნელი წვრილი, მობილური და ნამეტანავდ ელასტიური ან, საჭიროების შემთხვევასა და ადგილებში, დაგრეხილი არ არის, აუცილებლად გატყდება. წვრილი წნელებით ქსოვას კი, შესაბამისად, მასალაც ბევრი უნდა და დროც.

ძობანს წინიდან პატარა ღიობი, საკარე უკეთდება, საიდანაც შესაძლებელი იქნება მასში დაგუნდავებული ხაჭოების (ან სხვა შესაბოლი პროდუქტის) შეწყობა, ხოლო მაღლა, გუმბათის შუაწელში, ორი საკიდელი უკეთდება, რომლითაც ის მაგრდება საცეცხლურის მაღლა ხარიხაზე ისე, რომ მასში მუდმივად შედოდეს ბოლი. რა არის ძობანი და რისთვის არის ის საჭირო? ძობანი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საციქველია იმ ფშაური ოჯახისთვის, ვისაც საქონელი ყავს და დამბალი ხაჭოს კეთება განუზრახავს. ყველა ასეთ ოჯახს აქვს ცალკე მოჩარდახებული ადგილი, სდაც საცეცხლური აქვს მოწყობილი. ამ საცეცხლურში მუდმივად ყრია ღადარ-მღვივარი ყუნჭები (კუნძები), რომელიც დაუსრულებლად ბოლავს. აი, სწორედ იმ ადგილას, სადაც საცეცხლურიდან ეს ბოლი ადის, კიდია ძობანი და მასში ეწყობა ოდნავ-პირამიდულად დაგორგლილი ახალი ხაჭოს კვერები, რომლებიც დაახლოებით ორი კვირის მანძილზე ხმება და იბოლება. შემდგომ შებოლვისა, ამ კვერებს ძობნიდან ჩამოიღებენ, თბილ ნელ-წყალში გარეცხავენ, ერთი-ორი დღის მანძილზე მზეზე გააშრობენ და ჩაალაგებენ თიხის დიდ ქოთანში. ქოთანს მჭიდროდ, ჰერმეტულად მოუკრავენ პირს და გამხმარ-შებოლილი ხაჭოები მძიმე-მძიმედ იწყებენ ობის მოკიდებასა და ლბობას, რასაც, სრულ დავარგებამდე, მაქსიმუმ ორნახევარი-სამი თვე მაინც ჭირდება. მიხეილ ღანიშაშვილი (ინფორმატორი): ,,ის ძობანი, რომელიც ახლა ჩვენს საცეცხლურში კიდია, მეზობლის კაცმა, ოსმანამ, დაუწნა და საჩუქრად მოუტანა დედას ამ ოცდაათიოდე წლის წინათ. მაგიერში დედამ მას ულამაზესი, ფშაური, ფერად-ყვავილებით დაშიბული წინდები უსახსოვრა. დროთა განმავლობაში ძობანი დაძველდა, მოირყა, ძირი დაუსუტდა, რადგან საცეცხლურიდან მუდმივად ადენილი ბოლო და ღადარის ალი მას, რა თქმა უნდა, აზიანებდა. ცხადია, რომ ძობანი შესაცველი გახდა. დედასაც არაერთხელ გაუგონებია, ირიბად, ჩემთვის, რომ რა კარგი იქნებოდა, რომ ახალი ძობანი გვქონოდაო. დრო და მოცლა უნდა ყველაფერს. აქამდე ვერ გადავდე ორიოდე დღე ამ ფრიად საჭირო საქმისთვის. კვირის დასაწყისიდან კი ვიარე წნელობა. ვჭერი, ვასუფთავე, მოვზიდე, ვქსოვე და აჰა, საქმის ბოლოშიც გავედი. ჩვენ ძველ ძობანში, რომელიც საშუალო ზომისად ითვლება, 20-25 ხაჭოს კვერი თუ მოთავსდებოა. ეს ახალი ძობანი კი უფრო დიდია, 1 მეტრი სიგრძისა და 70 სმ-დე სიგანისაა, ხოლო თაღი 20 სანტიმეტრამდე სიმაღლისაა და მასში, წესით, ორმოცამდე ხაჭოს კვერი თავისუფლად უნდა დაეტიოს. სამუშაო პროცესის ეტაპებს შიგა-და-შიგ ფოტოებს ვუღებდი, რომ დაინტერესებულ ადამიანს, მონათხრობთან ერთად, ვიზუალური წარმოდგენაც შექმნოდა, თუ რა და როგორ კეთდება. მე ვქმენ, ძვირფასო მკითხველო, შეფასება კი შენთვის მომინდია!

=

აქვე მინდა შემოგთავაზოთ ჩემი ერთი ძველი ლექსი სახელწოდებით "ძობანი", რომელიც ამ სამიოდე წლის წინ დავწერე და გამოვაქვეყნე ფეისბუქში:

ძობანი

ბევრს არც გაუგავ, არც იცის, არც შაუძლიან ცნობანი, სინამდვილეში რა არი ძირგამომჭვარტლულ ძობანი?

ძობანი საციქველია, როგორც ტაფანნი, ქობანი, შვინდის წნელებით ნაქსოვი, თაღოვნად შანაღობანი.

ჰკიდავის საცეცხლურის თავს, დიდის საუნჯის მგრძნობარი, ცეცხლთან და ბებრის მაჯასთან საუკუნებრივ მძმობარი.

ძობანში უყვარსთ ფშავლებსა ხაჭოს კვერების წყობანი, ძობანში ხდება მთელ ზაფხულ იმათ შაბოლვა-ხმობანი.

ძობანში სხედან კვერები, დიდიც აქვთ ამაყობანი, სანამდე ქვევრის კედლებთან მაუწევსთ არშიყობანი.

ეხლა რო დამბალ ხაჭოსი ბევრს უხარიან ძღვნობანი, ძობანიც უნდა იცოდენ და ძობნის ქება-მკობანიც.

ლექსად რო იწერებიან ათასგვარ უჭკუობანი, აჰა, ისწავლეთ, ჰიმნია, საძობნე მუსიკობანი.“ – 23.04.2020 წ.

წყარო : მიხეილ ღანიშაშვილი

მოძიებულია „http://caucasology.com/wiki/index.php?title=ძობანი&oldid=8910“-დან