ბუკი
ბუკი
- ღოროტოტო (ქართლი) საყვირი (რაჭა) სანკერ (სვანეთი) ოყე (სამეგრელო) - თავის დროზე იგი როგორც სასიგნალო საკრავი თითქმის ყველა კუთხეში იყო გავრცელებული. ბუკი-სანკერ შემორჩენილი იყო უკანასკნელ ხანებამდე სვანეთში. ეს არის სპილენძის საყვირი, დაახლოებით 1.5-2 მ. სიგრძისა, კონუსის ფორმის გაგანიერებული ბოლოთი. თავზე ჩასმულია (ჩადუღებულია) ჩასაბერი მუნდშტუკი. ბუკის მეგრული სახეობა ოყე ხისა იყო. ბუკი სამხედრო-სასიგნალო საკრავია. მშვიდობიანობის დროს ბუკით მოუხმობდნენ ხალხს (სოფელს, თემს) შესაკრებად. ბუკი არ წარმოადგენს სამუსიკო საკრავს. იგი გამოსცემს მხოლოდ ერთ ბგერას, მაგრამ სხვადასხვა რიტმული ფიგურაციით. აქვს მხოლოდ სასიგნალო და არა ესთეტიკური ფუნქცია. ქართული წერილობითი წყაროების მონაცემების მიხედვით, „ბუკი“ მოიხსენიება XI ს-დან. იყო სასიგნალო სახმაურებელი საკრავი, მაუწყებელი ლაშქრობის, ზეიმის, დარბაზობის, ნადირობის. ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით, სამეგრელოში სააღდგომო ლიტანიას წინ ორი მებუკე მიუძღოდა. უკრავდნენ აგრეთვე ნათლისღების დღესასწაულზე წყალკურთხევის ლიტანიობის დროსაც.
- მორისაგან გამოთლილი სკა, გეჯა (გურია, იმერეთი);
- დიდი ზომის მრგვალი კუნძი.
წყარო
- ვ. ახობაძე, ქართული (სვანური) ხალხური სიმღერების კრებული, 1957 წ.