ფარაგა
ფარაგა
სინონიმი: ფარაგი
სადიაცოს ნაწილი, გულისპირი, გულ-მკერდზე ასაფარებელი მოქარგული საცმელი. იკვრებოდა საყელოსთან ღილ-შატით. ფარაგა შედგებოდა ნაწილებისაგან, რომელთაც ერქვა: ზიკი, სამწყვეტლო, ჭრელა, პირთსაკერება, სანაფთულე, სადიაცოს კანჭი. ფარაგა სადიაცოს ცენტრალური ნაწილია და ამიტომაც ყველაზე მეტადაა სემკული. იქარგებოდა შალისა და აბრეშუმის ფერადი მძივებით, ვერცხლის სირმით, ოქრომკედით, ვერცხლის სამკაულებით (ხევსურეთი, ფშავი, თუშეთი).
თუში ქალის, პერანგს ზემოდან ასაფარებელი გულისპირი. ქართული საისტორიო მწერლობა მას მონაზვნის სამოსელად იცნობს, მხოლოდ ნ. ხიზანიშვილი ათანაბრებს მას საგულესთან. ფარაგის მასალად გამოიყენებოდა მაუდი, ხავერდი, სატინა. ძველებური ფარაგა ორგვარი იყო: გვამიანი და ზოლტებიანი. ფარაგა ქალის ზედატანს მთლიანად ფარავდა. XIXს. ბოლოსა და XXს. თუშეთში ფართოდ გავრცელდა ზოლტებიანი ფარაგა. კისერთან მომდგარი და მუცელს ჩაცილებული კალთები ზურგში ერთმანეთს “ზოლტყურებით” და “ყულფებით” უკავშირდებოდა. კისერში დასამაგრებლად დამინანქრებულ ან დასევადებულ ვერცხლის ღილებს ხმარობდნენ. დიდი ყურადღება ექცეოდა ფარაგას მორთულობას. თუ შიგ ჩასაცმელი პერანგის საყელო მოუქარგავი იყო მაშინ საგანგებოდ დაგრეხილი ყაჭით ან ბუზმენტით თუ სხვა ნაქარგით დამშვენებულ მაუდის ან აბრეშუმის პატარა ყელსახვევს - ყიმჭა || ყემჭაი გამოიყენებდნენ. შემდგომში იგი ფარაგას ნაწილადაც უქცევიათ. სადა ფარაგა ეკეთა გათხოვილ ქალს და ქვრივს. გასათხოვარის ფარაგა კი უხვი სამკაულით იყო მორთული. განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ტოვებდა გრძლად დაშვებული სხვადასხვაგვარი ძეწკვების წყება. მოხმარებული სამკაულებიდან ზოგიერთს მაგიურ-აპოთროპული დანიშნულებაც ჰქონდა.