გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

ბანდარი

06:14, 20 აგვისტო 2020-ის ვერსია, Cqwito (განხილვა | წვლილი)

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
ბანდარი

ბანდარი


საქალო და სამამაკაცო გრძელი სკამი სვანეთში. საქალო ბანდარი უმთავრესად მთლიან ხეში გამოთლილი მარტივი კონსტრუქციის - ნავისებური მოყვანილობის სკამია. სკამის წაწვეტილ თავთან მრგვალად ამოკვეთილია ფილის ჩასადგმელი. ოჯახის უფროსი ბანდარის ფილის ჩასადგმელთან იჯდა. აქვე თავსდებოდა ბედნიერ დღეს ლემზირების და სხვათა საზელი ვარცლი ("ჯარ"). ბანდარი სტუმარ ქალთა საპატიო სასხდომიც იყო. იგი ერთგვარ მსგავსებას ამჟღავნებს თუშურ სადიაცო მერხთან, რომელზედაც ამოკვეთილი - "ამობანკული" იყო კროჭი (მცირე ყუთი) ან რაიმე ჭურჭლის ჩასადგმელი. ხალხის რწმენით, "ლამარია ლიფანესათვის" (24 დეკემბერი) განკუთვნილი ტაბაგი და ფიჩქი, რომელზედაც ლემზირებს და ლობიან პურებს აწყობდნენ, მრგვალი უნდა ყოფილიყო. იმ შემთხვევაში, თუ ოჯახში ერთი ფიჩქი იყო და მიცვალებულთა სულებისათვის იყენებდნენ, მაშინ ლამარია ლიფანესათვის განკუთვნილ სუფრას ქალების "ბანდარის" მომრგვალებულ ნაწილზე შლიდნენ. სუფრასთან დიასახლისი ლოცულობდა და ლამარიას ოჯახის კეთილდღეობას ევედრებოდა. ლოცვის შემდეგ ლამარიასათვის განკუთვნილ სანოვაგეს ქალები შეექცეოდნენ. იხ.: ასკამი.


წყაროები

  • ვ. ბარდაველიძე, სვანურ ხალხურ დღეობათა კალენდარი, ახალი წლის ციკლი, 1939 წ.
  • ლ. ბედუკიძე, სვანური ავეჯი, სსმმ. ტ. XXXVI-B, 1982 წ.