გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

ნართული ეპოსი

08:59, 24 აგვისტო 2020-ის ვერსია, Cqwito (განხილვა | წვლილი) (მომხმარებელმა Cqwito გვერდი „ნართებული ეპოსი“ გადაიტანა გვერდზე „ნართული ეპოსი“ გადამისამარ...)

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

ნართული ეპოსი


კავკასიის ხალხთა ეპოსი. უფრო სრულად არის წარმოდგენილი ოს, ადიღე და აფხაზ ხალხებთან. ცნობილია ბალყარების, ყარაჩაელების, ინგუშებისა და ჩაჩნებისთვისაც. მისი გამოძახილი ისმის სვანების და სხვა ქართველი მთიელების და დაღესტნის ხალხურ შემოქმედებაში. ტერმინი "ნართი" ეპოსის გმირთა საერთო სახელწოდებაა. ეპოსი ჰეროიკულია, გამსჭვალულია სიმამაცის კულტით, მოგვითხრობს გმირთა შორეულ ლაშქრობებსა და საგმირო საქმეებზე. ნართული ეპოსის გენეზისი საბოლოოდ არ არის დადგენილი. მას საფუძვლად უნდა დადებოდა ძვ. ალანური ეპიკური ციკლი, რომლის ფესვები სკვითების ეპოქამდე (ძვ. წ. VII-IV სს) აღწევს. ეპოსის ეროვნული ვარიანტები მდიდრდებოდა ადგილობრივი ფოლკლორის ხარჯზე.

ნართული ეპოსი აღმოცენდა გვაროვნული წყობილების ნიადაგზე, როდესაც ჯერ კიდევ ცოცხლობდა მატრიარქატის გადმონაშთები. ეპოსმა შეიწოვა მომდევნო საზოგადოებრივი ფორმაციების დამახასიათებელი ელემენტები, მაგრამ საუკუნეებს გამოატარა და დღემდე მოიტანა დიდი მხატვრული სიძლიერით და დამაჯერებლობით შექმნილი ბრძენი ქალის — სათანას სახე. ეპოსი თავის ცხოველმყოფელობას დღემდე ინარჩუნებს. ოსეთში, ყაბარდოში, ადიღეში, აფხაზეთში დღესაც ცხოვრობენ მთქმელები, რომლებიც მღერიან სიმღერას ნართებზე. ოსთა და ადიღეთა თქმულებების ჩაწერა XIX საუკუნის შუა წლებიდან დაიწყო, სხვა ეროვნული ვარიანტებისა — მოგვიანებით. აფხაზთა თქმულებები ნართებზე მხოლოდ 1930-იან წლებში გახდა ცნობილი. პირველად საბჭოთა პერიოდში გამოიცა შეკრებილი ტექსტები ორიგინალურ ენაზე და რუსული თარგმანი. ნართული ეპოსი თარგმნილია გერმანულ, ფრანგულ, ინგლისურ ენებზე.


ლიტერატურა:

  • В. Абаев, Нартский эпос. «Известия Сев. Осетинского научно-исследовательского института», 1945, т. 10, в. 1
  • А. И. Алиева, Адыгский нартский эпос, Москва-Нальчик, 1969
  • А. А. Аншба, Вопросы поэтики абхазского нартского эпоса, Тб., 1970
  • У. Б. Далгат, Героический эпос чеченцев и ингушей. Исследование и тексты. М., 1972
  • Ш. Х. Салакая, Абхазский нартский эпос, Тб., 1976
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, გვ. 320, თბ., 1984