გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

შაორი

05:13, 24 აპრილი 2020-ის ვერსია, Cqwito (განხილვა | წვლილი)

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

ვახუშტი ბაგრატიონი შაორის ციხეს შემდეგი სიტყვებით აღწერს: "შაორის მთის თხემსა ზედა დგას ციხე დიდროვანის ლოდითა ნაშენი"[1] სამეცნიერო ლიტერატურაში, შაორის შესახებ, პირველ ცნობას გვაწვდის ივ. როსტომაშვილი.[2] მეგალითური კომპლექსი მდებარეობს ჯავახეთში, ფარავნის ტბის ჩრდილო-დასავლეთით, შაორის მთის წვერზე. კომპლექსი ორი ნაწილისაგან შედგება და მთის ორ, მაღალ და დაბალ წვერზეა გაშენებული. "ზედა ციხე" მდებარეობს მთის მაღალ წვერზე. მისი კედლები ნაგებია მშრალი წყობით, აქვე უხვად არსებული ფილაქვების გამოყენებით. კედლის ქვედა ნაწილის სისქე ზოგ შემთხვევაში 4.5 მეტრია, სიმაღლე კი ხუთ მეტრს შეადგენს. შიდა სივრცეში სიმაგრეს მიშენებული აქვს სათავსოები, რომლებიც ერთ, ან ორ სართულად იყო განლაგებული. აქვე კიბის ნანგრევები ყოფილა შემორჩენილი, რომლის მეშვეობით კედელზე ასვლა იყო შესაძლებელი.[3]

1895 წელს, შაორის კომპლექსის ზედა ციხე, ე. ლალაიანს მოუნახულებია. მის სომეხ გამყოლს ციხის ერთ-ერთ სათავსოში ადრე უნახავს უიარაღო, უქუდო და ტანსაცმლით მუხლებამდე შემოსილი ადამიანის ქანდაკება, რომელსაც ორივე მხარეს ჰქონია წარწერა. ლალაიანის გამყოლს და მის ქართველ თანამგზავრს აღნიშნული წარწერის ასოები ვერ ამოუცნიათ. ლალაიანის დროს ქანდაკება უკვე დაკარგული ყოფილა.[4]

ზედა ციხეს მხოლოდ ერთი შესასვლელი აქვს აღმოსავლეთიდან, აქვე ყოფილა აღმართული ერთი მენჰირი. აქედან, დიდი ფილაქვებით მოგებული განიერი გზა, სერპანტინად მიემართება მთის დაბალი მწვერვალისკენ, სადაც მდებარეობს "ქვედა ციხე".[5] გზის გასწვრივ დადასტურებულ მოედნებზე რამდენიმე მენჰირი ყოფილა აღმართული. აქვეა შემორჩენილია სხვადასხვა ზომის სათავსოები.[6]

შაორის ორივე სიმაგრე წარმოადგენს ციკლოპური წყობით ნაშენ გალავანებს, რომელთა შიგნით არსებული სათავსოები მიდგმულია თავდაცვით კედელზე. ქვედა ციხის დასავლეთით არსებულ ვაკე ადგილზე მთავრდება ზედა ციხიდან ჩამომავალი გზა. აქედან ის ბილიკის სახით იწყებს მთის სამხრეთ ფერდზე დაშვებას. გაივლის ჯერ კომპლექსის გარე გალავანს და მიუყვება მთის სამხრეთ-დასავლეთ ფერდს.[7] მთის ძირთან ბილიკი ფართოვდება და კვლავ ქვებით მოგებულ გზად გარდაიქმნება, თუმცა ის მხოლოდ 50-60 მეტრის სიგრძეზეა შემორჩენილი. მთის ძირში, სადაც ჩამოდის საბოლოოდ ბილიკი, დადასტურდა ნამოსახლარის კვალი. გ. ნარიმანიშვილი აღნიშნავს, რომ შაორის მთის ძირში, ჩრდილოეთის მხრიდან მდებარეობდა კომპლექსის ქვედა კარიბჭე. აქედან, აღმოსავლეთის ფერდის გავლით, ადიოდა ძირითადი გზა ქვედა ციხესთან არსებულ მინდორზე.[8] არ არის გამორიცხული, რომ შაორის მეგალითურ კომპლექსზე ორი გზა ადიოდა, რაც, შესაძლოა, ასევე მიუთითებდეს კომპლექსის გამოყენებაზე სხვადასხვა დროს.

გ. ნარიმანიშვილის მიერ გამოთქმული ვარაუდის თანახმად, შაორის კომპლექსი შეიძლება საკულტო დანიშნულების ყოფილიყო. ასევე, მკვლევარი გარკვეულ მსგავსებას ხედავს ზურტაკეტის და თრიალეთის ძვ. წ. II ათასწლეულის დასაწყისის ყორღანებსა და შაორის კომპლექსს შორის, რის გამოც, სამუშაო ჰიპოტეზის დონეზე, შესაძლებლად მიაჩნია ამ უკანაკნელისა და შუაბრინჯაოს ყორღანების თანადროულობა.[9] აღსანიშნავია, რომ შაორის მთაზე არსებულ სიმაგრეებს არ გააჩნია კონტრფორსები. ეს შეიძლება მიუთითებდეს ქრონოლოგიურ სხვაობაზე სხვა სიმაგრეებთან მიმართებაში. თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ კონტრფორსების არარსებობა, საკულტო დანიშნულების ნაგებობების ერთგვარი ინდიკატორიც შეიძლება იყოს.

შაორის კომპლექსი, როგორც ჩანს, წარმოადგენდა დიდ საკულტო ცენტრს, რომელიც აბულის ციკლოპურ კომპლექსთან ერთად აერთიანებდა გარკვეულ "ქვეყანას"[10] და სავარაუდოდ, მასში შემავალ სხვა, მცირე პოლიტიკურ ერთეულებს.

შაორი

რეგიონი ჯავახეთი
უახლოესი დასახლება ტამბოვკა
აბსოლუტური სიმაღლე 2760 მ
მოიცავს 5.0 ჰა
კედლის სისქე 2.0-2.5 მ
გრძედი 41.485168° N
განედი 43.746044° E
ტიპი რელიგიური/საკულტო ნაგებობა[11]

შაორის აეროფოტო

წყარო

  • დიმიტრი ნარიმანიშვილი, საქართველოს ციკლოპური სიმაგრეები, თბ., 2019

ლიტერატურა


  1. ვახუშტი ბაგრატიონი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, საქართველოს გეოგრაფია, თ. ლომოურის და ნ. ბერძენიშვილის რედაქციით. თბ,. 1941, გვ. 43
  2. И. Ростомов, Ахалкалакскiй уѣздъ въ археологическомъ отношенiи (съ ключомъ къ чтенiю надписей древней Джавахетiи и картой), Сборникъ Матерiаловъ для Описанiя Мѣстностей и Племенъ Кавказа XXV, Изданiе Управленiя Кавказскаго Учебнаго Округа, Тифлисъ, 1898, გვ. 31-34
  3. გ. ნარიმანიშვილი, სიახლენი თრიალეთის კულტურაში თბ., 2009, გვ. 46-48
  4. ლ. მელიქსეთ-ბეგი, მეგალითური კულტურა საქართველოში, თბ., 1938, გვ. 71-72
  5. ლ. მელიქსეთ-ბეგი, დასახ. ნაშრ., გვ. 71
  6. გ. ნარიმანიშვილი, სიახლენი თრიალეთის კულტურაში თბ., 2009, გვ. 48-49
  7. გ. ნარიმანიშვილი, თრიალეთის ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარები, საქართველოს და კავკასიის ისტორიის და არქეოლოგიის საკითხები, თბ., 2012, გვ. 136-137
  8. იქვე, გვ. 137
  9. გ. ნარიმანიშვილი, სიახლენი თრიალეთის კულტურაში თბ., 2009, გვ. 51
  10. დ. ნარიმანიშვილი, საქართველოს ციკლოპური სიმაგრეები, თბ., 2019, გვ. 16
  11. გ. და დ. ნარიმანიშვილების მიხედვით
მოძიებულია „http://caucasology.com/wiki/index.php?title=შაორი&oldid=8653“-დან