გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

ჩიტიფაფობა

ჩიტიფაფობა


საქართველოს სხვადასხვა მხარეში ფრინველებისაგან ყანების დაცვის მიზნით ყველიერის კვირაში ჩიტიფაფობას აწყობდნენ. რაჭაში ეს ჩვეულება შემდეგნაირად ტარდებოდა:

დიასახლისი ამზადებდა პურის ან სიმინდის ფქვილის ფაფას. გარედან ბავშვი ეძახდა:

– დედა, რას აკეთებო?

– ჩიტიფაფასო, – უპასუხებდა დედა.

– ვის და ვის აჭმევო?

– შენ და შავლესაო და ჩიტების გამრეკსაო.

– რას და რას ურთავო?

– ერბო-ხაჭოსაო.

– ჩიტები სად არიანო?

– მაღლა ახოსაო, იქა ჭამენ, იქა სვამენ, იქ მიუტანთ ულუფასაო.

ამის შემდეგ დედა გაატანდა ჯამებით ფაფას ბავშვებს, რომლებიც მას წააცხებდნენ ხეებსა და ღობეებზე, თან ამბობდნენ:

– ეს ბეღურას, ეს შაშვს, ეს თოხიტარას, ეს ჩხიკვსაო...

ფრინველებს ფაფა უნდა ემყოფინებინათ და ნათესებისთვის აღარ ევნოთ. ბავშვები სახლში ბრუნდებოდნენ და თვითონაც შეექცეოდნენ ფაფას. ჩიტიფაფობის რიტუალს ატარებდნენ აგრეთვე მთიულეთში, ფშავში, ხევსურეთში, ხევში, ქართლსა და კახეთში.

ხევში ამ დღეს ფაფას, კვერებსა და ხინკალს ამზადებდნენ. შეღამებულზე, ცაზე ვარსკვლავების გამოჩენისას, ბავშვებს გარეთ გაიყვანდნენ. ისინი ვარსკვლავებს შეხედავდნენ და იძახდნენ:

– ეს ჩემი ვარსკვლავია, ეს ჩემიო!

სახადის ადვილად მოსახდელად აქვე ასეთ წესს ასრულებდნენ: ბავშვებს ხელზე რამდენიმე წვეთ თბილ რძეს დააწვეთებდნენ, თითქოს ვარსკვლავებია მოფენილიო. ამ დღეს ლოცულობდნენ იოანე ნათლისმცემლის სახელზე, რომელიც სახადის განმგებლად მიაჩნდათ.

ფშავში დიდმარხვაში, აღების შემდეგ ორშაბათს აღნიშნავდნენ თაგვ-ჩიტთუქმს. ამ დღეს არ მუშაობდნენ, უქმობდნენ, რომ ჩიტებსა და თაგვებს მოსავალი არ გაეფუჭებინათ, ამზადებდნენ ფაფას. ბავშვი ბანზე ავიდოდა და დედას ერდოდან ჩასძახებდა:

– დედავ, რასა იქმ?

– ჩიტთა ფაფასაო.

– ჩიტნი რაღასაო? – სხვათა ყანასაო...

შემდეგ ბავშვი კართან მივიდოდა. დედა ფაფას მიაწოდებდა და ჩიტებს დაუდებდნენ საჭმელად. ამავე დროს ბავშვები ჯოხებზე შეაბამდნენ ჩვრებისაგან გაკეთებულ ჩიტების და თაგვების გამოსახულებებს, სახლს შემოურბენდნენ, ჯოხს დაბლა სცემდნენ და იძახდნენ:

– ანგელოზო, შინ შემოდი, თაგვო, ჩიტო, კარში გადიო!..

წაიღებდნენ იმ ჯოხებს და სხვის ერდოში ჩააგდებდნენ ან სოფლის გარეთ გაიტანდნენ და სხვა სოფლის ადგილში დატოვებდნენ. ამ დროს იმ სოფლის ბავშვები ამათი სოფლისაკენ მოდიოდნენ იგივე მიზნით. შეხვდებოდნენ ერთმანეთს და ატყდებოდა ჩხუბი. ვინც დამარცხდებოდა, იმათი სოფლის ადგილებში აღმოჩნდებოდა ჩიტებისა და თაგვების გამოსახულებანი. დაახლოებით ასევე სრულდებოდა ეს ჩვეულება მთიულეთში.


წყარო