გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხოვლეს ნამოსახლარი

01:01, 28 მარტი 2021-ის ვერსია, Cqwito (განხილვა | წვლილი)

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

მთავარი გვერდი

ხოვლეს ნამოსახლარი მდებარეობს კასპის რაიონში (შიდა ქართლი, აღმოსავლეთ საქართველო), სოფ. ხოვლეს მახლობლად, მისგან ჩრდილო-აღმოსავლეთით ორიოდე კმ. დაშორებით. ბორცვს, რომელიც სამოსახლოდ ყოფილა გამოყენებული ადგილობრივი მოსახლეობა "ხოვლეგორას" უწოდებს.

ძეგლზე არქეოლოგიური კვლევა-ძიება ჩატარდა 1954-1961 წწ. ნ. ბერძენიშვილის მიერ. გათხრილია გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის ნამოსახლარი და კერამიკოსთა სახელოსნო უბანი.

არქეოლოგიური თვალსაზრისით ხოვლეს ნამოსახლარი შეიცავს ორ კულტურულ ფენას, რომელთაგან ერთი ხასიათდება შავი, ლეგა და ზოგჯერ წაბლისფრად გამომწვარი კერამიკული ნაწარმით, ხოლო მეორე წითლად გამომწვარი ჭურჭლით. თავის მხრივ, ეს ფენები ძირითადი სამშენებლო პერიოდების მიხედვით დანაწევრებულია რვა სტრატიგრაფიულ ჰორიზონტად. ძეგლის თარიღი დ. მუსხელიშვილის მიერ ძვ.წ. XV-IV სს. განისაზღვრა.

I კულტურული ფენა მოიცავს ხუთ ჰორიზონტს, II-სამ ჰორიზონტს:

  • ხოვლე VIII - ძვ.წ-აღ. XV ს;
  • ხოვლე VII - ძვ.წ-აღ. XIV ს;
  • ხოვლე VI - ძვ.წ-აღ. XIII ს;
  • ხოვლე V - ძვ.წ-აღ. XII-X სს;
  • ხოვლე IV - ძვ.წ-აღ. IX-VII სს;
  • ხოვლე III - ძვ.წ-აღ. VI ს;
  • ხოვლე II - ძვ.წ-აღ. V ს;
  • ხოვლე I - ძვ.წ-აღ. IV ს.

ხოვლეს ნამოსახლარი

ქვეყანა საქართველო
რეგიონი შიდა ქართლი
მუნიციპალიტეტი კასპის
ადგილის დასახელება ხოვლეგორა
აბსოლუტური სიმაღლე 750 მ
განედი 41.910654° N
გრძედი 44.247005° E
Google Plus კოდი W66W+7R Khovle
პერიოდი
  • ძვ.წ. II ათასწლეულის II ნახევრი. გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანა.
  • ძვ.წ. I ათასწლეული. ანტიკური ხანა
ტიპი ნამოსახლარი

III (ძვ.წ-აღ. VI ს) ჰორიზონტი გარდამავალ პერიოდად არის მიჩნეული, სადაც ძველი - შავლეგა და ახალი-წითელი კერამიკა გვერდიგვერდ დაახლოებით ერთიდაიმავე ინტენსივობით თანაარსებობს.

ხოვლეს მასალების მიხედვით გორაზე ცხოვრება უწყვეტი ყოფილა და ნამოსახლარის ფენები ერთმანეთის გაგრძელებას და განვითარებას წარმოადგენენ. თავდაპირველად მოსახლეობა გორის თხემზე დასახლებულა და სამოსახლოსთვის ირგვლივ თხრილი და კედელი შემოუვლია.

ძვ.წ-აღ. XV-VII სს. (VIII-IV ჰორიზონტი) საცხოვრებელი სახლები ძირითადად სწორკუთხა, ერთოთახიანი ნაგებობებია, რომლებსაც აქვთ ქვითა და ტალახით ნაგები საფუძველი, თიხატკეპნილი იატაკი და ორივე მხრიდან თიხით შელესილი ძელური კედლები. უკანა კედლის მარცხენა კუთხეში ღუმელია გამართული, მარჯვენა კუთხეში საკურთხეველი. ნაგებობებში ტიხრები ორივე მხარეს თიხით შელესილი წნულითაა ამოყვანილი. ბანური გადახურვა კედლის ხის სვეტებს ეყრდნობოდა.

შენობებში აღმოჩენილია მარცვლეულის შესანახი ორმოები, მარცვლეული, მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის ძვლები, რაც იმას მოწმობს, რომ ხოვლეს მოსახლეობა მისდევდა მიწათმოქმედებასა და მესაქონლეობას.

ხოვლეზე მოპოვებული მასალის უდიდეს ნაწილს თიხის ჭურჭელი წარმოადგენს, რომელიც თითო-ოროლა გამონაკლისის გარდა მთლიანად სამეთუნეო ჩარხზეა დამზადებული.

ძვ.წ-აღ. XII-X სს ხოვლეს ჩრდილოეთით ბორცვის ძირთან გაჩნდა სოფელი. ამ დროის საცხოვრებელ სახლებში ერთი ნაწილი ცხოველთა სადგომადაა გამოყენებული.

ძვ.წ-აღ. IX-VII სს ხოვლეგორელებს ერთი საერთო ბოსელი ჰქონიათ, რომელიც მიშენებულია გორის სოფლისგან გამომყოფ კედელზე და რომელიც სულ ცოტა ოც სულ საქონელს დაიტევდა. ბოსლის იატაკი მოგებულია ფილაქვით. ამავე პერიოდში ნამოსახლარზე შეუქმნიათ ერთი საერთო სალოცავიც - 2 მ სიმაღლის ქვით ნაგები მასიური სვეტი.

ძვ.წ-აღ. VI საუკუნიდან ხოვლეგორელთა ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გარდატეხა ხდება. ამ პერიოდში დასახლება საკმაოდ სცდება ბუნებრივი გორის ფარგლებს და მას ღრმა თხრილთან ერთად ქვის დიდი და განიერი გალავანი ევლება. საცხოვრებელი სახლები რამდენიმე ოთახისგან შედგება და ნაგებია ფლეთილი ქვით ტალახის ხსნარზე, დაახლოებით 1 მ. სიმაღლეზე, შემდეგ კი ტკეპნილი თიხით და ალიზის აგურით. ასევეა ნაგები სახლები სოფელშიც. ორივეგან დარჩენილია ძველებური ღუმელი ოთახის კუთხეში. საცხოვრებელ სახლში ჩნდება შუა ცეცხლი.

საცხოვრებელი ნაგებობიდან საკულტო ნაგებობა ცალკე გამოიყო.

IV ჰორიზონტში (ძვ.წ-აღ. IX-VII სს), მისი ბოლო ფაზიდან როგორც გორაზე, ისე სოფელში ჩნდება წითლად გამომწვარი კერამიკა, რომელიც ამ ჰორიზონტში თითო-ოროლა სახით გვხვდება.

III ჰორიზონტში (ძვ.წ-აღ. VI ს) წითლად გამომწვარი კერამიკა უკვე საკმაოდ ინტენსიურადაა წარმოდგენილი და შავ და ლეგა ნაწარმთან ერთად თითქმის თანაბარი რაოდენობითაა.

II ჰორიზონტში (ძვ.წ-აღ. V ს) წითლად გამომწვარი კერამიკა აშკრად ჭარბობს და გაბატონებულია.

ხოვლეს წითლადგამომწვარი ჭურჭელი არ ამჟღავნებს არანაირ გენეტიკურ კავშირს მის წინამორბედ შავ და ლეგა ჭურჭელთან. პირიქითაც კი, ტექნოლოგიური სხვაობის გარდა, ჩნდება სრულიად ახალი ფორმები: გრეხილსარტყლიანი ქვევრები, დერგები, ქილები, "სამტუჩა" და მილიანი ხელადები და სხვა. ამასთან ერთად წითლად გამომწვარი ჭურჭელი მისი წინამორბედი და თანადროული შავლეგა ჭურჭლისგან განსხვავებით სადაა და არა აქვს არავითარი ორნამენტი (იშვიათი გამონაკლისის გარდა).

წითლად გამომწვარი კერამიკის გაჩენა ხოვლეზე ახალი ეთნიკურ ელემენტის შემოჭრასთან არის დაკავშირებული, რომელმაც თან ახალი კულტურული ნაკადი შემოიტანა. IV ჰორიზონტი (ძვ.წ-აღ. IX-VII სს) არ იძლევა რაიმე კატასტროფის ან ძალდატანების არავითარ საბუთს. ამიტომ მიჩნეულია, რომ ხოვლეზე მოხდა ახალი ეთნიკური ელემენტის არა ძალდატანებითი შემოჭრა, არამედ საკმაოდ ინტენსიური, მაგრამ მაინც ინფილტრაცია. ამას მოწმობს როგორც ადგილობრივი კერამიკის თანაარსებობა, ისე ძველი ყოფაცხოვრებითი ტრადიციების არსებობაც (სამშენებლო ტრადიცია, საცხობი ღუმელები).

წითლად გამომწვარ კერამიკასთან დაკავშირებული ახალი ეთნიკური ელემენტის შემოჭრა ხოვლეზე სამხრეთიდან - ურარტუდან ივარაუდება. ხოვლური და ურარტული კერამიკის მსგავსება მხოლოდ ფორმალური ანალოგებით არ ამოიწურება. ტექნოლოგიური თვისებებითაც ეს ჭურჭელი ერთნაირია: დაწმენდილი თიხა, მაღალხარისხოვანი თანაბარი გამოწვა, წითელი კეცი, გაპრიალებული და წითლად შეღებილი ზედაპირი. თუმცა კი საკუთრივ ურარტული ცენტრებიდან მომდინარე ეს კერამიკა მაინც უფრო მაღალხარისხიანი ნახელავია. ამასთან ერთად, კარმირ-ბლურის გათხრების დროს აღმოჩნდა ხოვლურის სრულიად ანალოგიური კერამიკული ძაბრი და ჩარხი.

ხოვლეში დამოწმებულია წითელკეციანი კერამიკის დამზადების ის წესი, რომელიც ასხვავებს ურარტულ კერამიკას ბერძნული ან რომაული მსგავსი (წითელკეციანი) კერამიკისგან.

ხოვლე III პერიოდში (ძვ.წ-აღ. VI ს) აბორიგენულ მოსახლეობაში ხდება იმ ეთნიკური ელემენტის ინფილტრაცია, რომელიც თავის დროზე ურარტული კულტურის ორბიტაში იყო მოქცეული.

ხოვლე II (ძვ.წ-აღ. V ს) პერიოდში, უფრო სწორად ხოვლე III-ის ბოლო ფაზიდან ისევ ჩნდება ახალი კულტურული ელემენტები, რომლებიც ურარტუს უკვე აღარ უკავშირდება. ეს არის პირველ რიგში ჩაიდნისებური ჭურჭელი. ასეთ ჭურჭელს ვხვდებით აქემენიდურ სამყაროში, რომელიც პოლიტიკურად და კულტურულად სხვასთან ერთად ურარტუს სახელმწიფოს მემკვიდრეც იყო.

ჩაიდნისებური ჭურჭლის სხვადასხვა ვარიანტები (ჩვეულებრივი, მოხატული და მოჭიქული) დადასტურებულია სუზაში და აქემენიდური სამყაროს სხვა ცენტრებში: პერსეპოლისში, პასარგადში. ამ ტიპის ჭურჭელი სწორედ არქაული აქემენიდური კერამიკისთვის არის დამახასიათებელი. აქემენიდურ სამყაროსთან ურთიერთობის მაჩვენებელია ხოვლეზე ძირწვეტიანი ქილების აღმოჩენაც, რომლებიც ასევე სუზადან და პერსეპოლისიდან არის ცნობილი.

ხოვლე II-ის მონაცემების საფუძველზე ურთიერთობები აქემენიდურ სამყაროსთან კულტურული და სავაჭრო კავშირებით უნდა აიხსნას.

კიროსის მიერ (ძვ.წ-აღ. 559-530 წწ) აქემენიდური ერანის სახელმწიფოს შექმნამ და განსაკუთრებით დარიოსის (ძვ.წ-აღ. 522-486 წწ) ცნობილმა ადმინისტრაციულმა რეფორმებმა დიდად შეუწყო ხელი ვაჭრობის განვითარებას. კომერციულ ურთიერთობაში ჩაება ისეთი ქვეყნები, რომელთაც ადრე არავითარი აღებ-მიცემა ერთმანეთში არ ჰქონიათ. ძვ.წ-აღ. VI-V საუკუნეებში სავაჭრო ურთიერთობის მოცულობამ გადააჭარბა ყველაფერს, რაც კი ძველი აღმოსავლეთის ამ სფეროში მანამადე იყო ცნობილი და რაც განსაკუთრებით დამახასიათებელია - სავაჭრო ურთიერთობა ძვირფასი საგნების გარდა (რომლითაც ისაზღვრებოდა ადრინდელი ურთიერთობა) შეეხო ჩვეულებრივ, ყოველდღიურ პროდუქციასაც.

ასეთ ვითარებაში ძნელი არ იყო აქემენიდურ კერამიკას ამიერკავკასიაშიც გასცნობოდნენ და მისი მიბაძვით ადგილობრივი ჭურჭელი დაემზადებინათ. ამას უნდა ადასტურებდეს ხოვლეს II ჰორიზონტში (ძვ.წ-აღ. V ს) აღმოჩენილი ქვის ჭურჭლის ერთადერთი ფრაგმენტიც. ქვის ჭურჭლის წარმოება აქემენიდურ ეპოქაში ფრიად გავრცელებული იყო.

ხოვლეს ნამოსახლარი II პერიოდის ბოლოს მტრის შემოსევის შედეგად ინგრევა. ამას მოწმობს ნგრევის კატასტროფული ხასიათი, ნანგრევებზე დამოწმებული ქვის დიდი ბირთვები და ე.წ. სკვითური ისრისპირები, რომლებიც აღმოჩნდა: ნანგრევი კედლების თავზე, თხრილის პირზე გალავნის I სარტყლის გარეთა ტერასაზე და მიწის იმ ფენაში რომელიც ბორცვის შემომსაზრვრელი ფილაქნების მოპირკეთებას ეფარა.

ხოვლე I-ის მატერიალური კულტურა ბორცვის მხოლოდ თხემზე და ფერდის ერთ მონაკვეთში მეტად უსახურად და ფრაგმენტულადაა წარმოდგენილი. ამასთან ერთად, ხოვლე I როგორც ზედა ფენა, რომელიც ბორცვს ფარავდა, ყველაზე მეტად არის დაზიანებული. ამ ფენის წითლად შეღებილი ჭურჭელი დეგრადირებული სახისაა. როგორც ჩანს, გამანადგურებელი ნგრევის შემდეგ ხოვლე I ინერციით განაგრძობს ცხოვრებას.

ხოვლეს ნამოსახლარის სამხრეთით 0,5 კმ-ზე მდებარეობს ხოვლეს კერამიკოსთა სახელოსნო უბანი. შესწავლილია სამი პერიოდის სახელოსნოები: ძვ.წ-აღ. IX-VIII, VII-VI და V-IV სს.

ყოველ სახელოსნო უბანზე აღმოჩნდა ქურა, ხელოსნის სამუშაო ქვის მაგიდა, თიხის შესანახი (გასაფუებელი) ორმოები, წყლის შესანახი დერგები და ხელოსნის საცხოვრებელი სახლი. აქ გამოვლენილი ქურები ერთმანეთთან დაკავშირებულნი არიან გენეტიკურად, მაგრამ განსხვავდებიან კონსტრუქციულად.