გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

ალადასტური

20:15, 8 სექტემბერი 2019-ის ვერსია, Cqwito (განხილვა | წვლილი)

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
ალადასტური

ალადასტური


ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი ვაზის ჯიში. გავრცელებულია ქვემო იმერეთის და გურიის რაიონებში. სამეურნეო დანიშნულებით საღვინე მიმართულებისაა. ალადასტურისგან დაყენებული ღვინო მაღალი ხარისხისაა, ხასიათდება ლამაზი შეფერვით, ალკოჰოლისა და მჟავიანობის ჰარმონიული შეფარდებით, კარგი სხეულითა და ჯიშური არომატით. ყურძნის გადამწიფებისას ალადასტურის პროდუქცია გამოიყენება მაღალხარისხიანი, ნახევრად ტკბილი ღვინოების დასამზადებლად.

ალადასტური, როგორც ბოტანიკური ნიშნებით, ისე აგრობიოლოგიური თვისებებით კოლხეთის ვაზის კერის ტიპური წარმომადგენელია. ამის დამადასტურებელია ვაზის ძლიერი ზრდა და მაღალ ხეებზე ახოხების დიდი უნარი, ფოთლის დანაკვთულობა და შებუსვის ინტენსივობა, მარცვლის კანის სისქე და კონსისტენცია, ყურძნის გვიან დამწიფება და სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლიობა. ალადასტური ჩამოყალიბებულია კოლხეთის ეკოლოგიურ პირობებში და იგი გავრცელდა ძირითადად ზემო გურიისა და ქვემო იმერეთის ტერიტორიაზე. როგორც ისტორიულად, ისე ამჟამადაც იგი ფართო ნარგავების სახით მხოლოდ ამ მხარეშია წარმოდგენილი. ალადასტურის მცირეოდენი ნარგავები გვხვდება აგრეთვე შუა იმერეთსა და სამეგრელოს მთიან რაიონებშიაც.