გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

ბატონები

09:21, 7 ივლისი 2019-ის ვერსია, Cqwito (განხილვა | წვლილი)

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
წითელ-ბატონების საბოდიშოდ გაშლილი ტაბლა (ბრაილაშვილის მიხედვით)

ბატონები


ქართული კულტურა მდიდარია ბავშვთა დაავადებების შესახებ ცოდნის თვალსაზრისით. ისინი ძველ ქართულ სამედიცინო წყაროებში XIII საუკუნიდან მოიხსენიება, მაგრამ მდიდარი ეთნოგრაფიული მასალა ცხადყოფს, რომ ქართველები ამ დაავადებებს უფრო ადრეც იცნობდნენ. ბავშვთა ინფექციურ დაავადებებს მთაში „ანგელოზებს“, „ბატონებს“, „ბედნიერს“, „სახადს“ უწოდებდნენ. სიმძიმის მიხედვით განასხვავებდნენ დიდს, პატარას, თათრულსა და ქართულ, მამრობითი და მდედრობითი სქესის დაავადებებს. მაგალითად, მამრობითი სქესის დაავადებად ითვლებოდა - ყვავილი; დიდი ბატონების კატეგორიას მიაკუთვნებდნენ შავ ჭირსა და ქოლერას.

საქართველოში „ბატონები“ ღვთის წინაშე ერთხელ მოსახდელ ვალდებულებად მიაჩნდათ. „ღვთის ვალის“ არსის ცოდნის მიუხედავად ყველა „ბატონების“ მოხდის აუცილებლობას ვერ ხედავდნენ, ცალკეულ დაავადებათა თავისებურებების გათვალისწინების გამო, მაგ. ყვავილს ძალიან ერიდებოდნენ. იცოდნენ, რომ ამ სენით დაავადებული იშვიათად გადარჩებოდა და თუ გადარჩებოდა - დამახინჯდებოდა. ამის გამო ავადმყოფის იზოლაციას ახდენდნენ. აუცილებლობის შემთხვევაში მხოლოდ ცხენით შეიძლებოდა მიმოსვლა, რადგან მთიელები თვლიდნენ, რომ „ცხენის ფეხს ავადმყოფობა არ აჰყვებოდა“. წითელას კი არ ერიდებოდნენ, რადგან იგი ყვავილთან შედარებით „მსუბუქ“ დაავადებად იყო მიჩნეული. წითელა ბავშვს იშვიათად ურთულდებოდა, ამიტომ ხშირად ავადმყოფთან ჯანსაღი მიყავდათ სახადის დროულად მოხდის მიზნით. ვისაც „ბატონები“ არ შეხვდებოდა, მას ღვთისგან დაწუნებულად მიიჩნევდნენ. ბატონების მიერ დატოვებული რაიმე ფიზიკური ნაკლი უარყოფითად არ აღიქმებოდა. ქალი, ნაყვავილარის გამო, გათხოვების ჟამს არ უნდა დაეწუნათ. თუმცა ეს წესი ხშირად ირღვეოდა. საქართველოს ზოგიერთი კუთხის ეთნოგრაფიული მონაცემებით „ბატონები“ მხოლოდ მონათლულ ბავშვებს ემართებოდათ.

მთიელთა გადმოცემით „ანგელოზების მობრძანებას“ უმეტესად სიზმრით იგებდნენ. წითელას ანგელოზები - წითლებში გამოწყობილი ბავშვის სახით ყავდათ წარმოდგენილი, ყვავილი - თეთრებში გამოწყობილი, ცხენზე ან ქორზე ამხედრებული ქალის ან მამაკაცის სახით. ბატონები და-ძმანი არიან, რომელთაც ჰყავთ ბატონების დედა ან მამიდა. საერთოდ მამიდა განსაკუთრებით აქტიურია ბატონებთან დაკავშირებულ რწმენა-წარმოდგენებსა და წეს-ჩვეულებებში. ავადმყოფ ბავშვს მამიდასთან სიახლოვე განსაკუთრებულ სიამოვნებას ანიჭებს.

ანგელოზებს ოჯახი მხიარულად ხვდებოდა. ავადმყოფს სუფთა საწოლში მოათავსებდნენ, ჭრელ-ჭრულ „ფლასებს“ დაუფენდნენ - ანგელოზებს წითელ-ყვითელი ფერები უყვართო და საგანგებო სუფრასაც გაუშლიდნენ. ფშავ-ხევსურეთში აცხობდნენ ქერისა და ჭვავის ფქვილისაგან, კარაქით გაპოხილ კოჭობებს (კვერებს). მათ სამ დღეში ერთხელ ახალგამომცხვარით ცვლიდნენ. ისინი ღვთისთვის იყო განკუთვნილი. ხევში, ნათლისმცემლის სახელზე გამომცხვარ მტრედის ფორმის კვერებს დებდნენ. წითელას დროს ფანჯრებზე წითელ ნაჭრებს ჩამოაფარებდნენ, ხოლო ყვავილის დროს - თეთრი ფერისას. ბატონებს, რომლებიც „გაზაფხულზე მობრძანდებიან“, განსაკუთრებით უყვართ ია და ვარდი, ამიტომ საწოლის ახლოს ან ოთახის კუთხეში მუდმივად იდგა ყვავილების თაიგული. ავადმყოფის საწოლთან ანთებდნენ „ბაზმებს“ - დანაყილი ნიგვზისგან დამზადებულ პატარა სანთლებს ან უბრალოდ სამ ან ხუთ კარგად გამომწვარ კაკალს. კაკალი წვის დროს სასიამოვნო სურნელს გამოსცემს, რაც ბატონებს განსაკუთრებით სიამოვნებთ. კაკლის ხეს ბატონების დროს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. მაგალითად, რაჭაში, თითქმის ყველა ეზოში დგას ბატონების კაკალი, რომელზედაც ჯვარი ჰკიდია. მისი გაყიდვა არ შეიძლება და ნაყოფი მხოლოდ მისმა გვარმა უნდა მოიხმაროს. ოჯახის წევრები ანგელოზების გართობას ცდილობდნენ, ფანდურს უკრავდნენ, ბავშვებს აცეკვებდნენ, სნეულს ალერსიანად ექცეოდნენ, არ აწყენინებდნენ, ცდილობდნენ მისი ყოველი სურვილის დაკმაყოფილებას. ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ეს სურვილები თავად ანგელოზების სურვილებს წარმოადგენდნენ.

ბატონების დროს ოჯახში იკრძალებოდა ყოველგვარი ხმაური, ჩხუბი, ტირილი, თოფის გასროლა. ოჯახის წევრის სიკვდილის შემთხვევაშიც კი არ იტირებდნენ: „ანგელოზებს არ ესიამოვნებათ და გაწყრებიანო“. უფრო მეტიც, ბატონებით გარდაცვლილი ითვლებოდა ანგელოზების მიერ წაყვანილად. ამიტომაც იკრძალებოდა ბატონებით გარდაცვლილთა გლოვა. არ შეიძლებოდა ტირილი, შავების ჩაცმა. მათი დაკრძალვა მუსიკით და იავნანით ხდებოდა. ამბობდნენ: ანგელოზებს სიმშვიდე უყვართო. არ შეიძლებოდა ოთახის დაგვა, ნემსის და ჩხირის ხმარება - ანგელოზებს თვალები დაეჩხვლიტებათო, დათრობა - ანგელოზებს მთვრალი ეჯავრებათო, სანთლის დანთება - ანგელოზებს სანთლის ფეხები აქვთ და დაუდნებათო, იკრძალებოდა მწარე და მლაშე საკვების დამზადება. ავადმყოფი ბავშვის მშობლები „ერთად არ დაწვებოდნენ“. ყოველივე ამის დარღვევა იწვევდა ბატონების გაბრაზებას - ეს აისახებოდა ბავშვის მდგომარეობის გაუარესებაზე. ამ დროს ტარდებოდა მობოდიშების რიტუალი - დიდ სინზე აწყობდნენ ტკბილეულს, წითელ კვერცხებს, ყვავილებს, საწოლს ჩოქვით შემოუვლიდნენ და ანგელოზებს ევედრებოდნენ პატიებას, გულის მობრუნებას. კრიზისის დროს ავადმყოფის დედა, ბებია და მამიდა შიშვლდებოდნენ და საწოლის გარშემო ცეკვავდნენ. შიშველი ქალის დანახვაზე ანგელოზები მხიარულდებოდნენ, ბავშვიც ხშირად იცინოდა და კრიზისიდან გამოდიოდა.

ქართლში იყო ასეთი წესი, რომ კრიზისის დროს დედა წელს ზევით შიშვლდებოდა, მუხლის ჩოქვით საწოლს უვლიდა, მკერდს მიწაზე მიათრევდა და თან ამბობდა: დედამიწავ, შენი დედაც გავხდები, ოღონდ ჩემი შვილი კარგად მიმყოფეო. ყველაფრის ჩათავების შემდეგ აცილებდნენ ბატონებს. იშლებოდა პატარა სუფრა ტკბილეულით, ბატონებს მადლიერებით მოიხსენიებდნენ და სიმღერით გაჰქონდათ გარეთ. ზოგჯერ გზაჯვარედინზე ტოვებდნენ, რომ გამვლელს წაეღო და ანგელოზებიც (ბატონებიც) კარგი ხასიათით გაჰყოლოდნენ მას. იოანე ნათლისმცემელი და წმინდა ბარბარე ითვლებიან ბატონების მფარველად.

ეთნოგრაფიული მასალებიდან ცნობილია, რომ „ბატონების სამყოფელი, ბატონების ბაღი მშვენიერ კუნძულზეა გაშენებული, სადაც თაფლის მდინარეები და რძის ნაკადულები გადმოედინება. კუნძულის ნაპირებს ლურჯი ზღვა კოცნის, ზედ ეფრქვევა მზის ოქროთი დაფერილი დაუსრულებელი ბრჭყვიალა სხივები. ბაღში იზრდება ადამიანის თვალთაგან ჯერ კიდევ უნახავი ყვავილები, რომლებიც ნაზ ღეროებზე მსუბუქ თაიგულებს ქმნიან. აქვეა საუცხოო სასახლეები, რომელთა გარშემო ძვირფასი მარგალიტების მსგავსი ნაპერწკლები იფრქვევა“. "იავნანა, ვარდო ნანა, იავ-ნანინაო ბატონები მობრძანდნენ, იავ-ნანინაო, მობრძანდნენ და გაგვახარეს, იავ-ნანინაო, ბატონების მამიდასა, იავ-ნანინაო წინ გავუშლი ხალიჩასა, იავ-ნანინაო."


წყარო

სურ.: