გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

ისარი

10:39, 8 თებერვალი 2020-ის ვერსია, Cqwito (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: <big>'''ისარი'''</big> ---- მშვილდით სასროლი. ისრის შემადგენელი ნაწილებ...)

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

ისარი


მშვილდით სასროლი. ისრის შემადგენელი ნაწილებია: ზრო, თბე (ფრთა), კილო და ისრისპირი. სულხან-საბა ასახელებს ცხრა სახის ისარს: საყალნო - ფრთე დაბალი და პირ-წვრილი, რომელსა ყიფჩაღნი და თურქნი იქონებენ; სარჩა - ზომიერი ისარი, ფრთე-მობრტყე და პირმობრტყე; ქეიბური - მისგან უგრძესი პირ-დიდი და ფრთე-მაღალი; ქიბორჯი - ისარი სარჩის მსგავსი პირ-განპებული, მომცრო; ბოძალი - ისარი ქეიბურის მსგავსი პირ-დიდი განპებული; ყოდალი - ისარი სარჩის ტოლი სამფრთოსანი, უპირო, წვერ-მრგვალი; ღრჯა - ყოდალისა უგრძესი, წვერ-მწვეტი ჯვარედად ჩხირ-დასხმული; სეფქა - ფრთე-მაღალი, გრძელი, გრკალ-შემობმული; გეზი - უფრთო, უპირო ისარი; წინწკიტელა - ყრმათა ისარცუდასა ჰქვია. სამალი - არს ღარი რკინისა სატყორცებელი და ისარი მტკაველზედ მეტი, მის ღარით სასროლი. და ბოლოს აღნიშნავს "სხვანიც რამ ისარნი არიან რომელსამე ბორბალად უწოდებენ და სხვასა სხვასა..." ქართულ ისტრიულ წყაროებში დასახელებულია ისრის სხვა სახეობებიც, მაგალითად - უტევანი (სწრაფ და შორს გასატყორცნი ისარი), ასევე წამლიანი ისარი, მოწამლული ისარი, პირალმასი ისარი, ჩალხისა ისარი და ა.შ. საქართველოში აღმოჩენილი ყველაზე უძველესი ისრის პირები ზედა პალეოლითის ხანას მიეკუთვნება და ძვლისგანაა დამზადებული, ნეოლით-ენეოლითში ჩნდება კაჟისა და ობსიდიანის, ხოლო მოგვიანებით სპილენძის, ბრინჯაოსა და რკინის ისრისპირები. ამ პერიოდის ისრის ზროები არ არსებობს მათი ორგანული წარმოშობის გამო.

ისრის ზროს სიგრძე დამოკიდებული იყო მშვილდის ზომაზე, საშუალოდ იგი 50-75 სმ-მდე მერყეობდა. ისრის პირებს მრავალნაირი ფორმა ჰქონდა - პირგანპებული, რომბისებური, პირმობრტყო, ფოთლისებური და სხვ. ასეთი მრავალსახეობა მიუთითებს, რომ ისინი სხვადასხვა დანიშნულებისათვის გამოიყენებოდა, ზოგი - ძვირფასბეწვიან ცხოველზე სანადიროდ (რომ ტყავი არ დაზიანებულიყო), ზოგი სათევზაოდ, ზოგი აბჯრის გასახვრეტად, ზოგიც სასწავლოდ და ა.შ. მაგ. ბრტყელპირიანი ისარი რომელსაც სულხანსაბა სარჩას უწოდებს, გამოიყენებოდა თევზაობის დროს, გასროლისას ისრის ბოლო (კილო) მშვილდზე ან საბამზე თოკით იყო გამობმული. ისარი ქეიბური კი იხმარებოდა დიდ ცხოველზე სანადიროდ, რათა მსხვერპლი სისხლისაგან უცებ დაცლილიყო და ა.შ. მრავალფეროვანია ასევე ისრის ზროზე ფრთების განლაგებაც. არსებობდა ორ, სამ და ოთხფრთიანი ისრები მაგ., ყოდალი - სამფრთიანია. განასხვავებდნენ აგრეთვე დაბალ და მაღალფრთიან ისრებსაც მაგ. სეფქა - ფრთა-მაღალია, საყალნო - ფრთა-დაბალი და ა.შ.


მოძიებულია „http://caucasology.com/wiki/index.php?title=ისარი&oldid=7235“-დან