გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

ლუდი

20:38, 20 აგვისტო 2020-ის ვერსია, Cqwito (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: <big>'''ლუდი'''</big> ---- ნაკლებალკოჰოლური სასმელი, რომლის დამზადების...)

ლუდი


ნაკლებალკოჰოლური სასმელი, რომლის დამზადების ტრადიციები უძველესიდან არსებობდა საქართველოში, განსაკუთრებით მის მთიან ნაწილში - ხევსურეთში, მთიულეთ-გუდამაყარში, ხევში, თუშეთში, ფშავში და შიდა ქართლის მთისწინეთში. ლუდის სამშობლოდ მიჩნეულია შუამდინარეთი, რომლის დამზადების კულტურა მესამე ათასწლეულისათვის უკვე ძალზე განვითარებული ჩანს. საქართველო, როგორც წინა აზიის კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული ქვეყანა, ადრე უნდა გასცნობოდა ლუდის დამზადების წესებს. ამ მოსაზრების დამადასტურებელი ფაქტებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ურარტუს არქეოლოგიური გათხრებისას მიკვლეული თიხის ჭურჭელი, რომელშიც ლუდისათვის საჭირო, ფეტვისა და ქერის დაალაოებული მასა იყო მოთავსებული. საქართველო, როგორც ხორბლეული კულტურების წარმოშობის ერთ-ერთი უძველესი ეპიცენტრი, ადრიდანვე იყო შემზადებული ლუდისათვის საჭირო ნედლეულის წარმოებისათვის. ლუდის კულტურა უაღრესად გამოიკვეთა საქართველოს მთიანეთში გავრცელებული სალოცავი ჯვარხატების სარიტუალო დღესასწაულებთან დაკავშირებით. ამ მიმართულებით ჩატარებული ნებისმიერი სარიტუალო ქმედება სრულდებოდა ლუდის თანხლებით და იგი მიღებული იყო როგორც წმინდა სასმელი. საქართველოს მთაში, მეტ-ნაკლები ინტენსივობით, ბოლო დრომდე შემორჩა ლუდის დამზადების ტრადიცია. ეს განსაკუთრებით ითქმის თუშეთის შესახებ, სადაც ზაფხულის დღესასწაულებზე ასულ მოსახლეობას ვალადა აქვს მორიგეობით გასწიოს შულტობა ე. ი. დაამზადოს ლუდი და მასპინძლობა გაუწიოს სტუმრებს. ასეთმა წესმა განაპირობა ის, რომ დღესასწაულმა შემოინახა ლუდი, ხოლო ლუდმა განამტკიცა დღესასწაულის სარიტუალო პრაქტიკა.

იღებენ ქერის ალაოს,სვიისა და წყლისაგან მიღებული ტკბილის ალკოჰოლური დუღილით. ზოგიერთი ხარისხის ლუდის მისაღებად ქერის ალაოს ნაწილობრივ ცვლიან ბრინჯის, სიმინდის ან ქერის ფხვნილით, აგრეთვე შაქრით. ლუდის მიღების ტექნოლოგიური პროცესის ძირითადი სტადიებია: ქერის, ალაოსა და ლუდის ტკბილის დუღილი ლუდის საფუვრით; დადუღება (დამწიფება); გაფილტვრა და ჩამოსხმა. ალაოს მისაღებად ქერს წმენდენ, ახარისხებენ, ალბობენ, აღივებენ. შემდეგ მწვანე ალაოს აშრობენ, აცლიან ღივებს და აყოვნებენ. ლუდის ტკბილის მისაღებად ალაოს აპრიალებენ, აქუცმაცებენ და წყალში ურევენ, მიღებულ მასალაში განსაზღვრულ ტემპერატურაზე მიმდინარეობს ფერმენტაციული პროცესები, რომელთაგან ძირითადია სახამებლის დაშაქრება, რომლის დამთავრების შემდეგ მასალას ფილტრავენ და გამჭვირვალე ტკბილის სვიასთან ადუღებენ საჭირო სიმკვრივის ნარევის მიღებამდე. შემდეგ ტკბილს აცლიან სვიას, წმენდენ და აცივებენ. ტკბილს ადუღებენ ლუდის სპეციალური საფუვრით. სადუღარ აპარატებში (ტემპერატურა 5-9 °C, დროის ხანგრძლივობა -7-8 დღე-ღღამე), რის შედეგად მიიღება მჭვანე ლუდი, რომელსაც დასადუღებლად და დასამწიფებლად გადიტანენ დახურულ ცილინდრულ ჭურჭელში, ე.წ. ტანკში (დროის ხანგრძლივობა 21-90 დღე-ღამე, ტემპერატურა 0-2 °C). აქ ლუდი გაჯერდება ნახშირორჟანგით, იწმინდება და იღებს საჭირო გემოს. საბოლოოდ ლუდს ფილტრავენ, შემდეგ კი ჩამოასხამენ.

ლუდს საქართველოს მთაში ადუღებენ კერძო მოხმარებისთვის, მაგრამ მისი მასშტაბური ხასიათი სრულყოფილად წარმოჩნდა ჯვარ-ხატებთან არსებულ სალუდეებში, სადაც ლუდის წარმოებას ფართო ხასიათი ჰქონდა. ჯვარის სალუდე წარმოადგენდა ქვის ნაგებობას, სადაც მოთავსებული იყო დაახლოებით 500-600 ლიტრის ტევადობის სალუდე ქვაბები (იხ. ქვაბი ლუდის), რომლებიც შეკერილნი იყვნენ სპილენძის ფირფიტებისგან და უძრავად იყო ჩაშენებულნი საცეცხლეს კედელში. მთიელებს სახატო მიწებზე მოჰყავდათ ქერი, აკეთებდნენ მისგან ფორს, ხარშავდნენ, ფილტრავდნენ, კაზმავდნენ სვიით და აფუებდნენ საკოდეში. ლუდის დადუღების ინვენტარში შედის სალუდე ქვაბი, ლუდის დასაყენებელი კოდი, ლუდის სისწვენის მოსაკავებელი - ლათბა, ისარნა, ქვაბიდან სისწვენის ამოსაღები კოში, ტარკოშა. ლუდის საწყაო ტუჩიანი და სახელურიანი ხის ჭურჭელი ჩხუტი, ლუდის გასაფილტრი - თხის ბეწვისგან დამზადებული ხაკის ტომარა და ამ პროცესთან დაკავშირებული იარაღები კედები, პირსაკრავები, მალახა, ასევე კოჭობი და სასმისების სახეობანი.


წყარო:

  • ა. ლეკიაშვილი, ქართველ მთიელთა მეურნეობის ისტორიიდან (საკანდიდატო დისერტაცია), 1953
  • ე. ნადირაძე, ქართული ლუდი, 2011
  • ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი, პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ., თბ., მერიდიანი, 2011

მოძიებულია „http://caucasology.com/wiki/index.php?title=ლუდი&oldid=10515“-დან