გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

საუცოდინარო

02:36, 7 ივნისი 2021-ის ვერსია, Paata (განხილვა | წვლილი)

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

საუცოდინარო


იგივე - საარიცო; საღვთო სალოცვილი; ამ დღეს ღმერთს ევედრებიან შენდობას იმ ცოდვებისას, რომელიც წინაპართ ჩაუდენიათ, მაგრამ თავად არ იციანოდნენ „საუცოდინაროს ძალო და მადლო, ვიცოდეთ და არ ვიცოდეთ, მაინც მოგვიხდინე ბედნიერებაო“; ეს ლოცვა იკითხება განსაკუთრებულ ჭურის თავზე, რომელსაც აგრეთვე საარიცო ანუ საუცოდინარო ჰქვია.

სამგრელოში, ,,საუცოდინარო“ მეტად საპატიო სალოცავად ითვლებოდა. მას ჰქონდა საკუთარი ქვევრის ღვინო, რომელსაც ვერავინ მიეკარებდოდა. ღვინოს შემოდგომით ჩაასხამდნენ. საუცოდინაროს ნააღდგომევს ასრულებდნენ. საამისოდ საგანგებო დღე და რიცხვი არ იყო დათქმული. სალოცავი დღის არჩევანი ოჯახის უფროს მამაკაცზე იყო დამოკიდებული. საუცადინაროს ერთ წელიწადს გოჭით ან ბატკნით იხდიდნენ, მეორე წელს კი თევზით. ამასთანავე უნდა დაეკლათ მამალი, ზედ ქვევრის თავზე ისე, რომ მამლის სისხლი ქვევრში ჩასულიყო. აცხობდნენ აგრეთვე ყველიან კვერებს. დილით ოჯახის უფროსი დიასახლისი გამომცხვარ კვერებს წაიღებდა მუხის ხესთან, დაიჩოქებოდა და დაილოცებოდა: ,,იცი და არ იცი ძალო, მადლო, გთხოვთ თუ რამე შევცოდე და დავაშავე ჩემი უცოდინრობით, შეგვაძლებიო შენი ლოცვით“. ლოცვის დასასრულს კვერს იქვე შეჭამდა და სახლში გამობრუნდებოდა. იმავე დღეს, შუადღისას, ოჯახის უფროსი მამაკაცი ხონჩაზე დაალაგებდა შემწვარ გოჭს, მამლის თავს, ყველიან კვერებს, საკმეველს. ხონჩას ანთებულ სანთლებს მიაკრავდა და საუცოდინაროს ქვევრთან მიიტანდა. თვითონ იქვე დაიჩოქებდა, ხონჩას მარჯვნივ ატრიალებდა და თან ღმერთს ევედრებოდა, მიუტევოს მას მისი ყოველი უვიცობით ჩადენილი და მისი ოჯახი დაიფაროს ყოველგვარი ბოროტებისგან. შემდეგ ქვევრს ახდიდა, ღვინოს ხაპით ამოიღებდა, დაილოცებოდა და შესვამდა. საკმეველს ნაკვერჩხალზე დაწვავდა, ცოტას დანაყრდებოდა და ხონჩიანად სახლში ბრუნდებოდა, სადაც სუფრას გაშლიდნენ და სადილობდნენ. ხონჩაზე დალაგებულ სანოვაგეს რძლებს არ აჭმევდნენ, ოჯახში დაბადებულებს კი შეეძლოთ მისი მირთმევა. საუცოდინარო საარიციო სალოცავი იმერეთშიც იცოდნენ. ამ დღეს ღმერთს ევედრებოდნენ იმ ცოდვების შენდობას, რომელიც წინაპართ ჩაუდენიათ, მაგრამ თავად არ იცოდნენ. (იოსებ შენგელია).


ლიტ.: 1. ვუკოლ ბერიძე. „სიტყვის კონა იმერულ და რაჭულ თქმათა“; Беридзе В. Грузинcкiй (картскiй) глоссарiй. С.-Петербургъ, 1912. 2. ს. მაკალათია, სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია, თბ. 1941,