გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

ბოსლობა

ბოსლობა


  1. (სვანური: ბოსლობ, ბემღუ, ლიღმესარი) — ნაყოფიერების და გამრავლების ღვთება ბოსელის კულტთან დაკავშირებული მოძრავი ხალხური დღეობა (იხდიდნენ იანვარსა ან თებერვალში) დასავლეთ საქართველოში. ძველად საქართველოს ყველა კუთხეში უნდა ყოფილიყო გავრცელებული. საბოსლო წეს-ჩვეულებათა შესრულების მიზანი იყო საქონლის და შინაური ფრინველის გამრავლება-სისაღე, მარცვლეულისა და ღვინის მოსავლის გადიდება, ყანა-ვენახების დაცვა უამინდობისა და სოფლის მეურნეობის მავნებელთაგან. ბოსლობის მთავარი აქტი სრულდებოდა ბოსელში. ქვემო რაჭაში სადღესასწაულოდ მეტწილად სამ ლობიოსგულიან „განატეხს“ (სარიტუალო პური) აცხობდნენ: ერთს ძროხებისათვის, მეორეს ხარებისათვის და მესამეს „ვენახის მისალოცავად“. გამოცხობის წინ „ძრობის განატეხზე“ დააწებებდნენ ცომისაგან გაკეთებულ „ჯიქანს“, ხოლო „ხარის განატეხზე“ — სახვნელისა და უღლის გამოსახულებას. ვენახის მისალოცავ „განატეხს“ მტევნებიანი ვაზის ფორმა ჰქონდა. შეღამებისას „ძროხის“ და „ხარის“ განატეხები, ერთი ხელადა ღვინო და ანთებული სანთელი ბოსელში შეჰქონდათ იმდენ უმ კვერცხთან ერთად, რამდენი ხარიც იყო ბოსელში, სადაც ოჯახის უფროსი ხარსა და ძროხას შუბლზე სანთლით თმას შეუტრუსავდა, ტანზე კვერცხს გადაუსვამდა. ღვინოს, პურსა და კვერცხს შემოატარებდნენ ხარებს ბოსელში მყოფთაგან ყველა ჭიქა ღვინოს შესვამდა, იქვე შეჭამდნენ პურს და საქონელს დალოცავდა. კვერცხებს ბაგაში ინახავდნენ პატარა ბიჭებისთვის, რომლებიც მეორე დღეს "იპოვნიდნენ" და შეჭამდნენ. ამ რიტუალს ოჯახში ასრულებდნენ მამაკაცები (რაჭა, ლეჩხუმი, სვანეთი);
  2. თუშ-ფშავ-ხევსურეთში დედათა წესის დროს ქალების ბოსლად გასვლა.