გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გარმონი

ქართული გარმონი. ოსტატი კ. ბაღდასაროვი

გარმონი


სინონიმი: გარმონიკა

კლავიშიან-პნევმატური ინსტრუმენტი. შედგება კორპუსის, საბერველისა და კლავიშიანი მექანიზმისაგან. საბერველი მზადდება გოფრირებული მუყაოსაგან, რომელსაც ორივე მხრიდან გადაკრული აქვს თხელი, მყარი ქსოვილი. ყველაზე რთული ელემენტია სახმო ნაწილი. იგი შედგება ლითონის თხელი ფირფიტისაგან, რომელზეც დამაგრებულია ლითონის „ენები“. ერთი ჟღერს საბერველის გაწევისას, მეორე - შეკუმშვისას. ბგერის სიმაღლე დამოკიდებულია „ენის“ ზომებზე (სიგრძე, სიგანე, სისქე). რაც უფრო მოკლე, ვიწრო და თხელია „ენა“, მით მაღალია მის მიერ გამოცემული ბგერა: „ენიანი“ ფირფიტები მიმაგრებულია ხის რეზონატორზე. მის კედლებში ნახვრეტებია ჰაერის გასატარებლად, რომელსაც სარქველი აქვს დაფარებული.

შემსრულებლიდან მარჯვნივ კორპუსის გრიფზე მიმაგრებულია ე.წ. მელოდიური სარქველი, მარცხენაზე - ბანის.

გარმონის უამრავ სახეობაში ძირითადად ორი ტიპი გამოიყოფა: 1) გაწელვა-შეკუმშვისას ყოველი ღილაკი სხვადასხვა სიმაღლის ბგერებს გამოსცემს; 2) გაწელვა-შეკუმშვისას ბგერის სიმაღლე არ იცვლება. გარმონის პროტოტიპი კონსტრურებულ იქნა 1822 წელს გერმანელი ოსტატის კ.ფ. ბუშმანის მიერ ბერლინში. ვენელმა ოსტატმა კ. დემიანმა დაუმატა მზა აკორდთა რიგი აკომპანემენტისათვის, რომელთაგან თითოეული გამოიცემოდა მარცხენა ხელის თითით ერთ კლავიშზე დაჭერით (1829 წ.). საკრავი მალე გავრცელდა ევროპის ქვეყნებში.

გარმონი||გარმონიკა რუსეთში შევიდა XIX ს-ის 30-40-იანი წლებიდან და სწრაფად იწყო გავრცელება იმპერიაში შემავალ სხვა ხალხებშიც. რუსმა ოსტატებმა დაიწყეს მისი საშემსრულებლო საშუალებების გაფართოება რუსული ხალხური სიმღერის კილოებრივი და წყობის თავისებურებების გათვალისწინებით. შეიქმნა სხვადასხვა სისტემის გარმონიკები, რომელთაც სახელები ერქმეოდათ იმ ქალაქების მიხედვით, სადაც მზადდებოდა - ტულის, ლივნის, სარატოვის, ვიატკის, სმოლენსკის და სხვა. XIX ს-ში გარმონი ფართოდ გავრცელდა ჩრდილოეთ კავკასიასა და დაღესტანში. იგი შემოიტანეს რუსმა ჯარისკაცებმა. ეს საკრავი კავკასიაში მალე აიტაცეს და ეროვნული მუსიკის შესაბამისად შეუცვალეს წყობა. ზოგან იმდენად დამკვიდრდა (მაგალითად, დაღესტნის ხალხებში), რომ ეროვნული საკრავის მნიშვნელობა შეიძინა. შეიქმნა ეროვნული ფოლკლორისათვის დამახასიათებელ ბგერათრიგებთან მეტ-ნაკლებად შესაბამისი ე.წ. „აზიური გარმონი“. „აზიური გარმონი“ ვიატკის ერთრიგიანი გარმონიკის მსგავსი აღნაგობისაა. მარჯვენა კლავიატურისაგან განსხვავებით, „აზიურ“ გარმონზე გაწევა-შეკუმშვის დროს ბგერის სიმაღლე იგივე რჩება. ბანის კლავიატურა შედგება 12 ღილაკისაგან, რომლებიც წყვილებადაა განლაგებული ორ რიგად. თითო წყვილში ერთი ღილაკი გამოსცემს ძირითად ბგერას, მეორე - მის შესაბამის სამხმოვანებას. ორივე რიგში განსხვავებული ჰარმონიული ფუნქციის მქონე აკორდებია.

საქართველოში გარმონი გავრცელდა XIX ს-ის ბოლო ოცწლეულში „ბუზიკას“ (დამახინჯებული რუსული „музыка“) სახელწოდებით. მალე შეიქმნა „აზიური“ გარმონის მსგავსად ქართული გარმონი „ბუზიკა“ || „წიკო-წიკო“ სრულიად თავისებური ხმოვანებით. XX ს-ის II ნახევრიდან გარმონის ადგილი დაიჭირა აკორდეონმა, მაგრამ აღმოსავლეთ საქართველოს მთაში, განსაკუთრებით თუშეთში, იგი შეუცვლელი დარჩა. აქ ჩამოყალიბდა გარმონის სიმღერებისა და სოლო დასაკრავების შესრულების თავისებური სტილი. შეიქმნა გარმონის დასაკრავები - პროგრამული ხალხური მუსიკის ნიმუშები („ანიკოს ტირილი“, „წოვა ქალის ტირილი“ და სხვა). გარმონზე სრულდება საცეკვაოები, მისი თანხლებით სიმღერები, მაგრამ ესენი ტრადიციული ჟანრებისაგან განსხვავებულია. გარმონი გამოყენებულია ანსამბლშიც, განსაკუთრებით დამკვიდრდა ყოფაში გარმონისა და რიტმული საკრავის დოლის დუეტი ე.წ. დოლ-გარმონი, განსაკუთრებით ცეკვების თანხლებისათვის.