გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გიტარა

კლასიკური გიტარა

გიტარა


(ესპ. La guitarra, ბერძ. Κιθάρα) - სიმებიანი ჩამოსაკრავი სამუსიკო ინსტრუმენტი. შედგება წელში გამოყვანილი კორპუსისა და ბრტყელი დეკებისაგან. ზედა დეკას შუაში სარეზონანსო ღრუ აქვს, ყელზე - ლითონის საქცევები. თავზე სიმების დამჭერი მოქლონებია. გიტარას თავდაპირველად ჰქონდა ნაწლავებისაგან დამზადებული სიმები, შემდეგ ლითონისა და სინთეტიკური მასალისაგან დამზადებული.

გიტარის წარმოშობის საკითხი დადგენილი არ არის. ცნობილია, რომ XIII ს-ში გიტარას ოთხი ორმაგი სიმი ჰქონდა. XVIII ს-ში იტალიაში, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში და მოგვიანებით ამერიკაში გავრცელდა ესპანური გიტარები, რომელთაც 5 ორმაგი სიმი ჰქონდა. განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა გიტარამ XVIII ს-ის შუა ხანებიდან. ამ დროისათვის იყო გიტარები 6 ცალფა სიმიანი კვარტულ-ტერციული წყობით, თუმცა გაუმჯობესების ცდები გრძელდებოდა. საყოველთაოდ მიღებული გახდა ექვსსიმიანი გიტარა.

საშემსრულებლო საშუალებები მდიდარი და მრავალფეროვანია. ბგერა არის ძლიერი, კარგად ეხამება ადამიანის ხმას და სხვა სიმებიან საკრავებს. ბევრ ქვეყანაში იგი ეროვნულ, ხალხურ საკრავად იქცა.

არსებობს ვერსია, რომ გიტარა საქართველოში შემოიტანეს იტალიელმა მუსიკოსებმა.

ევროპული მუსიკის საქართველოში ფართოდ გავრცელებას დიდად შეუწყო ხელი თბილისში საოპერო თეატრის გახსნამ. არიები და სხვა მუსიკალური ნაწყვეტები, ცალკეული მოტივები მალე აიტაცა ხალხმა. ეს მელოდიები საქართველოში გასამხმიანდა, ქართული ელფერი შეიძინა. XIX ს-ის 80-იანი წლებიდან გიტარა ფართოდ იწყებს გავრცელებას როგორც რუსული ქალაქური რომანსის სააკომპანემენტო საკრავი. ქალაქური რომანსის ლირიკულ ხასიათს, კუპლეტურ ფორმას, მარტივ ჰარმონიულ სტრუქტურას კარგად მიესადაგა გიტარის აკომპანემენტი. ქართველ არისტოკრატთა სალონებში დიდი მოწონება ჰქონდა დღესასწაულებსა თუ სალხინო სუფრაზე. ქალაქურ და საოჯახო მუსიკალურ ყოფაში, მოგვიანებით სოფლებში, განსაკუთრებით ქუთაისში და საერთოდ, დასავლეთთ საქართველოს ბარის რეგიონებში შვიდსიმიანი გიტარა გახდა პოპულარული. გიტარამ დიდი ადგილი დაიჭირა ქართულ მუსიკალურ კულტურაში.

ამ მხრივ საგანგებოდ უნდა აღინიშნოს აკაკი წერეთლის ლექსზე შექმნილი ვარინკა წერეთლის (ბარბარე სპირიდონის ასული მაჭავარიანი-წერეთლისა - 1874-1948) სიმღერა „სულიკო“, რომელმაც უდიდესი აღიარება და სიყვარული მოიპოვა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. „სულიკო“ აკაკი წერეთლის ლექსზე შეიქმნა XIX ს-ის 90-იან წლებში როგორც სოლო სიმღერა გიტარაზე, 1899 წ. ჩაწერეს ფირზე, ხოლო 900-იან წლებში კი ნოტებზე გადაიტანა კოტე ფოცხვერაშვილმა. სიმღერა მალე გავრცელდა და გახალხურდა.


ლიტერატურა

  • გ. თუშიშვილი, გიტარის სამყაროში, 1989 წ.

მოძიებულია „http://caucasology.com/wiki/index.php?title=გიტარა&oldid=4102“-დან