გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თეზი

ციკლოპური სიმაგრის შესახებ პირველი ინფორმაცია იოაკიმოვს გამოუქვეყნებია.[1] შემდგომ პერიოდში კომპლექსის ქვედა კედელი ნახსენები აქვს ე. თაყაიშვილს.[2] გარკვეულ ინფორმაციას იძლევა მელიქსეთ-ბეგიც,[3] თუმცა ერთ-ერთი პირველი, ვინც ვრცლად აღწერა და შემდეგ არქეოლოგიური გათხრები აწარმოვა, იყო ბ. კუფტინი. ამავე პერიოდში, ვ. წილოსანის[4] მიერ, გაკეთდა ზედა ციხის გეგმა და კომპლექსის ჭრილები. 1998 წელს კი თრიალეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ სრულად მოახდინა კომპლექსის აზომვა, ასევე, შედგა სრულყოფილი აღწერილობა.[5]

ციკლოპური კომპლექსი მდებარეობს ამავე დასახელების სოფლის ჩრდილო-დასავლეთით, მდ. ქციის მარცხენა ნაპირას არსებული კანიონის თხემზე და ფერდზე.[6] ის შედგება სამი ნაწილისაგან: (1) ქვედა რკალისებური ზღუდის, (2) შუა გამაგრებული ტერასის და (3) ზედა სიმაგრისგან.[7] ციტადელი -ზედა ციხე, აშენებულია ქციის ღრმა ხევის და მის მარცხენა შენაკადს შორის არსებულ კონცხზე.[8] ეს უკანასკნელი შედგება სამი ძირითადი - ჩრდილოეთის, დასავლეთის და სამხრეთის მასიური კედლებისაგან. აღმოსავლეთის კედელი შედარებით ვიწროა, რაც განპირობებული უნდა იყოს აქ არსებული კლდოვანი ქარაფით. დასავლეთის მხრიდან სიმაგრეს გააჩნია სამი მასიური მომრგვალებული კონტრფორსი. ჩრდილოეთის კონტრფორსებს შორის კედელში დატანილი ყოფილა ციხეში შესასვლელი. მეორე შესასვლელი მოწყობილია სამხრეთის კედელში. აღსანიშნავია, რომ კიდევ ერთი კონტრფორსი შემორჩენილია ჩრდილოეთის კედელთან.[9][10] ციტადელს დასავლეთის მხრიდან ებჯინება სავარაუდო დამატებითი თავდაცვითი კედლები,[11] რომლებიც სრულადაა დანგრეული.

კუფტინის მიერ ზედა ციხეზე ჩატარებული გათხრები დაზვერვით ხასიათს ატარებდა. თხრილი გაკეთდა სიმაგრის შიდა სივრცეში სამხრეთის შესასვლელთან. გათხრებისას გამოვლინდა ქვის დიდი ფილებით მოგებული იატაკი და სუსტი კულტურული ფენა, რომელშიც დადასტურებული კერამიკა შუა საუკუნეებს განეკუთვნებოდა. ანალოგიური მასალა დადასტურდა იატაკის ფილების მოხსნის შემდეგაც.[12] აღსანიშნავია, რომ მომდევნო წლებში სოფ. ავრანლოსა[13] და ციკლოპური კომპლექსის ჩრდილოეთით არსებულ მინდორზე გაითხარა გვიანბრინჯაო-რკინის და ანტიკური ხანის სამარხები. აღნიშნულ მინდორზე და მის აღმოსავლეთით არსებულ გორაზე დადასტურდა ადრებრინჯაოს მტკვარ-არაქსული კულტურისა და გვიანბრინჯაო-რკინის ხანის დასახლებები.[14][15]

თეზი

რეგიონი ქვემო ქართლი
უახლოესი დასახლება ავრანლო
აბსოლუტური სიმაღლე 1642 მ
მოიცავს 0.7 ჰა
კედლის სისქე 2.5-7.0 მ
გრძედი 41.662650° N
განედი 43.883969° E
ტიპი გამაგრებული დასახლება

თეზის აეროფოტო

წყარო

  • დიმიტრი ნარიმანიშვილი, საქართველოს ციკლოპური სიმაგრეები, თბ., 2019

ლიტერატურა და შენიშვნა

  1. А. Иоакимов, Выписка из Дневника Археологических Работ на Цалке, Известия Кавказского Общества Истории и Археологии. т. I, вып. 1, Тифлис, 1882, გვ. 8
  2. Е. Такаишвили, Археологическiя экскурсiи, разысканiя и замѣтки, Тифлис, 1913, გვ. 45
  3. ლ. მელიქსეთ-ბეგი, მეგალითური კულტურა საქართველოში, თბ., 1938
  4. ვლადიმერ ლევანის ძე წილოსანი (1885-1973), ცნობილი ქართველი არქიტექტორი და მხატვარი
  5. G. Narimanishvili, G. Mindiashvili, N. Shanshashvili, L. Akhalaia, G. Chanishvili, Sh. Melikidze, A. Tevzadze, B. Glurjidze, Cyclopean Structure in Trialeti, National Cultural Heritage Program, Tbilisi, 1998
  6. G. Narimanishvili, Archaeological investigations in Trialeti, In: P. Avetisyan and A. Bobokhyan (eds.), Archaeology of Armenia in Regional Context, Proceedings of the International Conference dedicated to the 50th Anniversary of the Institute of Archaeology and Ethnography, Held on September 15-17, 2009 in Yerevan, 2012, გვ. 89
  7. ლ. მელიქსეთ-ბეგი, დასახ. ნაშრომი, გვ. 57-58
  8. G. Narimanishvili, J. Amiranashvili, M. Kvachadze, N. Shanshashvili, Archaeological site at Avranlo, In: G. Gamkrelidze (ed.), Rescue Archaeology in Georgia, The Baku-Tbilisi-Ceihan and South Caucasus Pipelines, Tbilisi, 2010, გვ. 383
  9. Б. Куфтин, Дневник 1940 года (ხელნაწერი ინახება საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქივში), გვ. 14-15
  10. გ. ნარიმანიშვილი, თრიალეთის ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარები, საქართველოს და კავკასიის ისტორიის და არქეოლოგიის საკითხები, თბ., 2012, გვ. 135
  11. Б. Куфтин, Дневник 1940 года (ხელნაწერი ინახება საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქივში), გვ. 16
  12. იქვე, გვ. 40-43
  13. Б. Куфтин, Археологические раскопки 1947 года в Цалкском районе, Тбилиси, 1948, გვ. 10-26
  14. G. Narimanishvili, J. Amiranashvili, M. Kvachadze, N. Shanshashvili, Archaeological site at Avranlo, In: G. Gamkrelidze (ed.), Rescue Archaeology in Georgia, The Baku-Tbilisi-Ceihan and South Caucasian Pipelines, Tbilisi, 2010, გვ. 386
  15. N. Shanshashvili, Sites of the Kura-Araxes Culture in Trialeti, In: G. Gamkrelidze (ed.) Rescue Archaeology in Georgia, The Baku-Tbilisi-Ceyhan and South Caucasus Pipelines, Tbilisi, 2010, გვ. 161-164
მოძიებულია „http://caucasology.com/wiki/index.php?title=თეზი&oldid=8640“-დან