გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჟინი ანთარი

ჟინი ანთარი


ჟინი ანთარი ღვთაების სახელია, რომლის მიმართ სამეგრელოში სრულდებოდა კულტმსახურება. მას მსხვერპლად სწირავდნენ მამალს, ციკანს…. და შესთხოვდნენ სასურველ ამინდს, ჯანმრთელობას, ოჯახში სიკეთესა და ბარაქას. ჟინი ანთარისადმი ლოცვას აღავლენდნენ მეხის დაცემის შემდეგაც….

სამეგრელოში განსაკუთრებით ეშინოდათ ჟინიშის ანუ მეხის. თუ საქონელს მეხი დაეცემოდა, ითვლებოდა, რომ ჟინი ანთარი გაუწყრა ოჯახს და სასჯელი მოუვლინა მეხის სახით. ამ დროს ატარებდნენ სპეციალურ რიტუალს, მეხდაცემულ საქონელს პატრონი ხელს არ ახლებდა, არც წუხდა მის გამო. ამ დროს მხოლოდ მოიყვანდა ხოლმე ოჯახი მახვამალს ანუ მლოცველს, რომელიც ახლოს მიდიოდა მეხდარტყმულ საქონელთან, დაკლავდა ციკანს, ხარშავდა რძეში და თვითონვე ჭამდა, თან სპეციალურ ლოცვას ატარებდა, შესთხოვდა ჟინი ანთარს, რომ ეპატიებინა ოჯახისათვის და აღარ ყოფილიყო გამწყრალი მათზე. შემდეგ მეხდაცემულ საქონელს სხვა ადამიანს დაამარხვინებდა, რომელიც არ მიეკუთვნებოდა დაზარალებულ ოჯახს.

ჟინი ანთრის სალოცავად მეხდაკრულ ხესთან, ციკანთან ერთად მიჰქონდათ ხოზოკვარი - რიატუალური კვერი. ჭვავის ან ხორბლის ფქვილგარეულ სიმინდის ცომს შუაში ჩაუდებდნენ ყველს, წააგრძელებდნენ და ბოლოში თითისტარისებურად წაწვეტებულს რძეში ხარშავდნენ. ხოზოკვართან ერთად რძეში ხარშავდნენ სამ ან ხუთ, მომცრო ყველიან კვერს, რომელიც ვარსკვლავების სიმბოლო იყო.

დიდ მარხვაში კერაზე აცხობდნენ დიდ მჭადს, რომელსაც ოჯახის უფროსი დადებდა ტაბლაზე და დაილოცებოდა: "ჟინი-ანთარი, პატჷნი გომორძგვილი! ჩქიმი ორინჯი სი ამიშინი! ოშ-ოშო გჷშაპჭოფუნდეე დო მუთას მააკორდჷდასჷნი, უხაფუ დო ხაფილც ვა იშებჩინენდეე" - ზეციერო ანთარო, ბატონო გამარჯვებულო! ჩემი საქონელი შენ ამიშენე (გაამრავლე)! ასობით რომ ვიჭერდე და არაფერი აკლდებოდეს, უშობელსა და ხბოიანს ვერ ვარჩევდე ისე.

ეს იყო ძველ სამეგრელოში და აფხაზეთში გავრცელებული კულტი. აფხაზეთში მას აითარი ერქვა. ივანე ჯავახიშვილის აზრით მეგრული ჟინი ანთარი თავისი მნიშვნელობით შეესატყვისება ასევე ხევსურულ ანატორის და სწორედ ეს ხევსურული ანატორი იყო ანთარისა და აითარის უძველესი, სრული სახე.

ივ. ჯავახიშვილის აზრით სწორედ ანატორისგან ანუ აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთიდან გავრცელდა ეს კულტი დასავლეთ საქართველოში ჟინი ანთარის და აითარის სახელებით. სულ თავიდან კი, ისევ და ისევ ჯავახიშვილის აზრით, ჟინი ანთარიც, აითარიც და ანატორიც ბერძნული ღვთაების - აპატურის ან აპატურიასგან შესაძლოა რომ წარმომდგარიყო.