გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სადღვებელი

კარაქის დღვება მუხრანში. დიმიტრი ერმაკოვის ფოტოდან

სადღვებელი


ხის ან თიხის ჭურჭელი. თავისი ფუნქციით დაკავშირებულია რძის ინტენსიურ მეურნეობასთან, კერძოდ, კარაქის დამზადებასთან. იგი სამი სახისაა: სადღვებელი, ჩხუტ-ბრუნელი და ვარია. სადღვებელი - თიხის ჭურის ფორმის მსგავსი ჭურჭელია, შუაზედ მსხვილი სახურავი და ძირი ვიწრო. აქვს ორი ხელი ცალი გვერდიდად - ზემოთ და ქვემოთ. დღვების პროცესში სადღვებელს ძირში უგებენ რბილ საყრდენს. დღვების დროს ამოძრავებენ ზევით-ქვევით, მარჯვნიდან მარცხნივ. დღვებავენ რძეს, მაწონს, ნაღებს. სადღვებლის ორი ტიპია დადასტურებული: ერთყურიანი და ორყურიანი. დადასტურებულია ბარის, ნაწილობრივ მთიან ზოლში. ჩხუტ-ბრუნელი - შედგება ორი ნაწილისაგან (ჩხუტი და ბრუნელი). ჩხუტი წარმოადგენს მთლიანი ხისგან დამზადებულ გულამოღებულ ცილინდრული ფორმის ჭურჭელს. ბრუნელი შედგება ორი გადაჯვარედინებული კეტისაგან, რომელთა ცენტრში გაყრილია ხის ტარი. დღვების პროცესში ჩხუტი ვერტიკალურად დგას, ხოლო მბრუნელს მდღვებავი ხელით ამოძრავებს ჩხუტში ქვევიდან ზევით. განკუთვნილია უმი რძის შესადღვებად. დამოწმებულია თუშეთში, რაჭაში, აჭარაში, მიღმა ხევსურეთსა და არხოტში. ვარია - განკუთვნილია დიდი მასშტაბის მეურნეობის წარმოებისათვის. ვარია დამზადებულია მთლიანი ხის ტანისაგან (ცაცხვი, თელა), თავსა და ბოლოში ჩადგმული აქვს ხის ფიცარი და გადაჭირებულია სალტეებით. ვარიის ტანი შუაწელთან ამოჭრილია ოთხკუთხედად, სარქველად გამოყენებულია სერა (იხ.). დღვების პროცესში ვარია ჰორიზონტალურად, თოკით ჩამოიკიდება ჭერზე, თავ-ბოლოში ორი კაცი მიუდგება და მოჰყავთ მოძრაობაში (წინ და უკან). შესაძლებელია ერთმაც აწარმოოს მუშაობა. იგი განკუთვნილია ნაღების შესადღვებად. დამოწმებულია ბუდე ხევსურეთში, აჭარაში, მესხეთში, სპორადულად რაჭასა და ქართლში.