გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჩალიანხევის სამაროვანი

მთავარი გვერდი

ჩალიანხევის სამაროვანი მდებარეობს სიღნაღის რაიონში, მდინარე ივრის მარცხენა სანაპიროზე, ჩალიანხევის ბორცვების ჩრდილო-აღმოსავლეთ ფერდის ძირში (კახეთი, აღმოსავლეთ საქართველო). აღნიშნულ ტერიტორიაზე სამაროვანი გათხრილია ორ უბანზე. აქედან გამოქვეყნებულია მხოლოდ ერთი - "ჩალიანხევის სამაროვანი A”.

1976 წელს ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ ჩატარებული საველე-არქეოლოგიური კვლევის შედეგად (ხელმძღვანელი კ. ფიცხელაური) ჩალიანხევის “A” სამაროვანზე გაითხარა გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის 16 სამარხი.

სამარხები მიწის თანამედროვე ზედაპირიდან სხვადასხვა სიღრმეზე მდებარეობდა და სამ იარუსად იყო განლაგებული. I - ზედა სართულის სამარხები (სამ. #1,7,9,11) მიწის თანამედროვე ზედაპირიდან 0,25-0,40 მ.-ის სიღრმზე იყო განლაგებული და ძლიერ იყო დაზიანებული ამ ფართობზე წლების განმავლობაში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შედეგად. II იარუსის სამარხები შედარებით ღრმად 0,70-1მ.-ის სიღრმეზე გაითხარა (სამ. #2,4,6,8,10,13,15). ეს ფენა შედარებით უკეთ იყო შემონახული, თუმც რიგ შემთხვევებში სამარხები აქაც დაზიანებულია მოგვიანო პერიოდში გამართული (I ფენის) სამარხებით. III იარუსის სამარხები გამართული იყო 1,20-1,80მ.-ის სიღრმეზე და ყველაზე უკეთ იყო დაცული (სამ. # 3,5,12,14,16). სამაროვანზე სამივე იარუსის სამარხების ერთმანეთზე განლაგების შემთხვევა არ დადასტურებულა. I ფენის #3 სამარხი ფრავდა III ფენის NE კუთხეს. სხვაობა მათი იატაკების დონეებს შორის 1,20 მ.-ია. II ფენის #6 სამარხის N და NW კუთხე დაზიანებული იყო I ფენის #7 სამარხით. I ფენის #9 სამარხი ფარავდა II ფენის #8 სამარხს. სხვაობა მათი იატაკების დონეებს შორის 0,50 მ.-ია. I ფენის #11 სამარხი ფარავდა II ფენის #10 სამარხს, II ფენის #13 სამარხი კი III ფენის #12 სამარხს. სამივე იარუსის სამარხები მიწაყრილიანი ორმოსამარხებია. ყველა სამარხი ინდივიდუალური და ინჰუმაციურია. მიცვალებულები დაკრძალულნი იყვნენ მარცხენა ან მარჯვენა გვერდზე, მოხრილი კიდურებით, თავით N ან NW მიმართულებით. ინვენტარი განლაგებული იყო მიცვალებულის თავთან, გულ-მკერდის წინ, უფრო ხშირად კი ზურგს უკან. რამდენიმე შემთხვევაში თიხის ჭურჭელი აღმოჩნდა ჩონჩხის ქვეშ (სამ. # 3,5,8,10). სავარაუდოდ, ასეთ სამარხებში მიცვალებულები დაკრძალულნი იყვნენ სარეცელზე. #14 და #16 სამარხებში ჩონჩხზე, თიხის ჭურჭელზე და იატაკზე დაფიქსირდა ტყავის ანაბეჭდები. როგორც, ჩანს მიცვალებულს ქვემოთ დაფენილი და ზემოდან გადაფარებული ჰქონია ტყავი. ინვენტარის გარდა, სამარხებში აღმოჩნდა საქონლის ძვლები (ძირითადად წვრილფეხა). #12 სამარხში, რომელიც კენოტაფს წარმოადგენდა დადასტურდა ოთხი ცხვრის ჩონჩხი. ბატკნის სრული ჩონჩხი აღმოჩნდა #3 სამარხშიც. ამავე სამარხში მიცვალებულის თავთან ახლოს იდო მსხვოლფეხა საქონლის თავის ქალა.

ნივთიერი მასალიდან ყველაზე მრავალრიცხოვანია თიხის ჭურჭელი. საბრძოლო იარაღი ბრინჯაოს ორი შუბისპირით არის წარმოდგენილი. ორივე შუბისპირი მთლიანადსხმულია მასრზე ორი სამანჭვლე ნახვრეტითა და ორი რელიეფური სალტით. ამ ტიპის შუბისპირები გავრცელებულია მთელს აღმოსავლეთ საქართველოში, მაგრამ ძირითადად კახეთის ტერიტორიისთვის არის დამახასიათებელი. ამ იარაღის თარიღს კ. ფიცხელაური ძვ.წ. XIII-X სს.-ით განსაზღვრავს [ფიცხელაური კ.1973], რ. აბრამიშვილის თვალსაზრისით კი მათი ქვედა ქრონოლოგიური თარიღი ძვ.წ. XIV საუკუნეა. ძვ.წ. XIII საუკუნიდან ბრინჯაოს შუბისპირები მასრაზე ორი რელიეფური სარტყლით თრელის სამაროვანზე (იხ. თრელის გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის სამაროვანი, ტაბ. V,XIV,XXI) ჩნდება და არსებობას ძვ.წ. IX ს. ჩათვლით განაგრძობს აბრამიშვილი რ. 1980, გვ. 86-158. ჩალიანხევის “A” სამაროვანზე ბრინჯაოს შუბისპირი მასრაზე ორი რელიეფური სალტით აღმოჩნდა I იარუსის #11 სამარხში (ტაბ.X) და II იარუსის #10 (ტაბ.VIII-IX) სამარხში. ამ ორ იარუსთან შედარებით არქაული იერი აქვს III იარუსის თიხის ჭურჭელს. არქაულობით გამოირჩევა 1,80 მ.-ის სიღრმეზე მდებარე #16 ორმოსამარხი (ტაბ.XV). აქ დადასტურებულ თიხის ჭურჭელს (ორი ჯამის გარდა) აქვს შავად ნაპრიალები ზედაპირი და დამზადებულია წმინდა თიხისგან. (ძეგლის გამომქვეყნებლის ლ. კობაიძის ინფორმაციით, ზედა ორი იარუსის სამარხებში შავპრიალაზედაპირიანი თიხის ჭურჭელი არ გვხვდება). ჩალიანხევის სამაროვნის თარიღი ძვ.წ. II ათასწლეულის II ნახევრის ფარგლებში ექცევა. ლ. კობაიძე I იარუსის სამარხებს ძვ.წ. XI ს.-ით ათარიღებს, II იარუსის სამარხებს ძვ.წ. XIII ს.IIნახ.- XII ს.-ით, III იარუსის სამარხებს კი ძვ.წ. XIV ს.IIნახ.–XIII ს. I ნახევრის ფარგლებში აქცევს.


ლიტერატურა

ჩალიანხევის სამაროვანი

ქვეყანა საქართველო
რეგიონი კახეთი
მუნიციპალიტეტი სიღნაღი
ადგილის სახელწოდება ჩალიანხევის ბორცვები
გრძედი
განედი
პერიოდი ძვ.წ. II ათასწლეულის II ნახევრი. გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანა

ტაბულები