გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ერბო

(გადმომისამართდა წურულ ერბო-დან)
ერბო

ერბო


გადამდნარი კარაქი. უფრო მეტად გავრცელებულია აღმოსავლეთსა და სამხრეთ საქართველოში.

კარაქის ერბოდ გადადნობა ხევსურეთში - "კარაქთ დაძირების", ფშავში - "ერბოს გადადნობის", ხევში - "კარაქის გადნობის", თუშეთში - "კარაქის გამოდნობის", მთიულეთ გუდამაყარში - "კარაქის გარჩევის" სახელით არის ცნობილი. ერბოს მომზადებისას გადღვებილ კარაქს ქვაბში ნელ ცეცხლზე გადაადნობდნენ, გაწურავდნენ და იმავე ქვაბში ჩააბრუნებდნენ. დროდადრო წყალს ან რძეს (რძე "კარაქის ძირისად" იყო კარგი) ჩაუმატებდნენ და კვლავ ცეცხლზე შემოდგამდნენ. როცა ადუღდებოდა ქერის, სვილის ან სიმინდის ფქვილს ჩაყრიდნენ (4 კგ. კარაქზე ერთ მუჭ ფქვილს). ქერის ფქვილი ერბოს კარგად "წურავდა", სვილისას - ძლიერი, მსუყე ერბო გამოჰყავდა. დაახლოებით ერთი საათის დუღილის შემდეგ კასრებში გადაასხამდნენ. მეორე ხერხით, სითხეს აადუღებდნენ ქაფის დაკარგვამდე. გადმოდგმულსა და შენელებულს მარილს მოაყრიდნენ, წყალს აპკურებდნენ და თან ურევდნენ. ერთ-ორ საათს ქვაბში თავდახურულს ამყოფებდნენ. როცა ერბო "დაიწკრინტებოდა" (მთიულეთი) და კარაქის ლექი ქვაბის ფსკერზე დაილექებოდა, საერბოე კასრში გადაწურავდნენ. როგორც წესი "ერბო ზეთს მაიდგამს" და იმას "წურულ ერბო ჰქვიან" (ხევსურეთი). მოზრდილი ადამიანისთვის წლიურად ფუთნახევარ ერბოს ანგარიშობდნენ. ერბო გამოიყენებოდა ყველა სახის ხინკლის (გარდა ხორციანისა) ამოსაწებად, კერძებში - ჩასახრაკ-ჩასაშუშად, ქადისკვერების ამოსავლებად, ხავიწის დასამზადებლად, სტუმრებთან ჯამით სუფრაზე ჩასადგმელად და სხვა. ერბო ფულის მაგივრობას სწევდა და ძირითადად მასზე იცვლებოდა ხევსურთათვის საჭირო საქონელი. საქართველოს მთიანეთში ერბოს გამოიყენებდნენ სარიტუალო მიზნებისთვისაც. პირველ შედღვებილ ერბოს ცალკე შეინახავდნენ და იმით დამზადებულ ქადას არყის ზედაშესთან ერთად ხატში მიიტანდნენ ძროხების "შესახვეწად", ხევისბერი "ჯვარად გასჭრიდა" ერბოს და დაამწყალობებდა: "წყალობა მოგცეს ამ ხატმაო, რისაც კარზე მახვედ, წყალობა გამოგაყოლოს კაცისაო, საქონლისაცაო. შენ იყოს მწყალობელი და შენი ოჯახისაო" (ხევსურეთი). ამ ერბოთი დამზადებულ ქადას, აგრეთვე, გაიხმარდნენ დღეობებზე სტუმრის პატივსაცემად.


ლიტერატურა

  • ლ. კაიშაური, მთიულეთის დარგობრივი ლექსიკონი, 1967
  • გ. ჩიტაია, ხევსურული სახლის „სენე“, ანალები, I, 1947

მოძიებულია „http://caucasology.com/wiki/index.php?title=ერბო&oldid=5926“-დან