გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დოღი

09:55, 6 იანვარი 2020-ის ვერსია, Cqwito (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: <big>'''დოღი'''</big> ---- შდრ.: მარულა საქართველოში დოღი (ხევსურეთში „ც...)

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

დოღი


შდრ.: მარულა

საქართველოში დოღი (ხევსურეთში „ცხენნი“, „ცხენდოღვი“, თუშეთში „სადგინი“ და სხვა), მიცვალებულის ხსოვნის პატივსაცემად გამართული ცხენ-მხედართა შეჯიბრება, გავრცელებული იყო ხევსურეთში, ფშავში, თუშეთში, მთიულეთში, გუდამაყარში, ხევში, სამეგრელოში, აფხაზეთში და სხვაგან. ხევსურეთში დოღი იმართებოდა გვიან გაზაფხულსა და ზაფხულში; მონაწილე ცხენების რიცხვი კენტი იყო (5-იდან 35-მდე). მათ საგანგებოდ უვლიდნენ და კვებავდნენ; ძუა-ფაფარი დაწნული და ფერადი ძაფებით შეკრული ჰქონდათ, თავ-კისერზე მძივღილით გამართული საფაფრე და საშუბლე ეკეთათ. უნაგირით მხოლოდ „სულის ცხენი“ (მიცვალებულისათვის დაკურთხებული) იყო შეკაზმული. დოღის ანუ „ცხენრბოლების“ დღეს ტაბლის დალოცვის შემდეგ რიგში დაწყობილი მხედრები „სულის ცხენის“ წინამძღოლობით სამჯერ შემოუვლიდნენ ფარდაგზე გაშლილ მიცვალებულის „ტალავართ“ (სამოსელს) და გაემართებოდნენ მიცვალებულის ნათესავების სოფლებისაკენ. „ჭირის პატრონის“ ნათესავი მხედრებს ტაბლას უდგამდა. ბოლო ტაბლიდან მხედრები „ჭირის პატრონის“ სოფელში ბრუნდებოდნენ. აქედან იწყებოდა ნამდვილი შეჯიბრება. თუ შორი გზა ჰქონდათ გამოსავლელი, მათ „მეგობრები“ — სხვა მხედრები ცვლიდნენ. გამარჯვებულ მხედრებს „ჭირის პატრონის“ სოფელში ჯილდოს (საქონელი, იარაღი, ტანსაცმელი და სხვა) ურიგებდნენ.


ლიტერატურა

  • ბალაური მ., მაკალათია ნ., მიცვალებულის კულტი არხოტის თემში, "მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის", 1940, ტ. 3
  • ოჩიაური ა., მიცვალებულთა კულტი როშკასა და უკვენახადუს თემებში, "მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის", 1940, ტ. 3
  • ხიზანაშვილი (ურბნელი) ნ., ეთნოგრაფიული ნაწერები, "მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის", 1940, ტ. 2
  • Элашвили Б. И., Традиции грузинской народной физической культуры и современность, Тб., 1973
  • გიორგაძე დ., ელაშვილი ვ., ქსე, ტ. 3, გვ. 629, თბ., 1978

მოძიებულია „http://caucasology.com/wiki/index.php?title=დოღი&oldid=6437“-დან