გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

აბჯარი

Abjari.jpg

აბჯარი


საქართველოში აბჯარს უძველესი დროიდან ხმარობდნენ. თრიალეთში არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოაჩინეს ბრინჯაოს მუზარადისა და ფარაგის ნაშთები (ძვ. წ. III ათასწლეული), ლილოსა და კაჭრეთში ბრინჯაოს მრგვალი ფარები, სამთავროში — ბრინჯაოს სარტყლები. ვანში აღმოჩენილი ანტიკური ხანის სამარხში დაკრძალულ მეომარს ბრინჯაოს საბარკული და საწვივე ეცვა. ჰეროდოტეს ცნობით, მოსინიკებს ტყავის მუზარადი ეხურათ და ქსოვილის კვართი ემოსათ. მოსხებს დაწნული, ხარიტყავგადაკრული, ფათალოს ფურცლისებრი ფარები ჰქონდათ, სხეულს კი სელის კვართით იცავდნენ. ხალიბებსაც სელის კვართი ეცვათ. თავსარქმელად ხესაც იყენებდნენ. ხის მუზარადი ეხურათ მოსინიკებს, ტიბარენებს, კოლხებს. ბერძნული მითის მიხედვით, კოლხეთის მეფე აიეტს ღვთაება არესისაგან ნაბოძები ჰქონდა ოთხჯიღიანი ოქროს მუზარადი. საქართველოში ნადავლ საჭურველს, მათ შორის მუზარადებს, სალოცავებს სწირავდნენ. მაგ., ქუცნა ამირეჯიბს ჯალალედინის მუზარადი მრავალძალის ეკლესიისათვის შეუწირავს (ამჟამად ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ინახება). ქართველ მეომრებს თავსარქმელად მუზარადი, ჩაფხუტი და ჩაჩქანი ჰქონდათ. ძლიერი დარტყმის შესასუსტებლად ჩაჩქანქვეშ თუშურ ქუდს იხურავდნენ, მუზარადქვეშ — სვანურს. ტერმინი "აბჯარი" შუა საუკუნეების დასაწყისიდან საერთოდ საჭურველს აღნიშნავდა. შუა საუკუნეების მიწურულში "აბჯრის" შინაარსი "იარაღმა" ჩაანაცვლა და "აბჯარში" მხოლოდ თავდაცვითი საჭურველი იგულისხმებოდა. აბჯარი საქართველოს მთაში, სადაც მას თითქმის უკანასკნელ დრომდე ხმარობდნენ, ფართო გაგებით თავდასაცავი და შესატევი საჭურვლის ერთ "ტანს" (ერთ კომპლექტს) აღნიშნავდა. მასში შედიოდა მუზარადი ან ჩაჩქანი, ჯაჭვის პერანგი ან ჯავშანი, სამკლავები, ფარი, ხმალი, დაშნა, ურსა (დანა), საჩერნე, საბარკული, საცერული, შემდეგ — თოფიც, დამბაჩაც, მასრებიც და საპირწამლეც.


ლიტერატურა

  • კ. ჩოლოყაშვილი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, გვ. 48, თბ., 1975
  • კ. ჩოლოყაშვილი, ქართული საბრძოლო იარაღები. ფარი, ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწ. მუზეუმის მოამბე, ტ. 18B, 1954
  • კ. ჩოლოყაშვილი, ქართული საჭურველი. ჯაჭვი, ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწ. მუზეუმის მოამბე, 1956
  • კ. ჩოლოყაშვილი, ქართული საჭურველი. ჩაჩქანი, ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწ. მუზეუმის მოამბე, ტ. 19A, 21B, 1957
  • ივ. ჯავახიშვილი, მასალები ქართველი ერის მატერიალური კულტურის ისტორიისათვის, ტ. 3-4, 1962