ათეშგა
ათეშგა
ცეცხლის საგზებელი. მდებარეობს ქალაქ თბილისში, კლდისუბანში (გომის ქ. N3). ნაგებობაში მოხვედრა გომის I ჩიხიდან, საცხოვრებელი სახლის ეზოდან არის შესაძლებელი.
სახელწოდება ათეშგა მომდინარეობს სპარსული სიტყვიდან „ათეშგაჰ“ (სპარსული „ათეშ“ — ცეცხლი და „გაჰ“ — ადგილი) ცეცხლის საგზებელ ადგილს ნიშნავს. ტრადიციულად „ათეშგაში“ ცეცხლის დასანთებად მხოლოდ ხეხილის შეშას იყენებდნენ, რომელიც წვის დროს სასიამოვნო სურნელს გამოჰყოფდა.
არქიტექტურა
ათეშგა აგურით არის ნაგები. იგი იყო კუბის ფორმის ნაგებობა ტრომპებზე დაფუძნებული ნახევარსფერული, ამჟამად ჩამოშლილი გუმბათით. ნაგებობის კუთხეები პილასტრებით იყო ფლანკირებული, ფასადები კი, აღმოსავლეთ ფასადის გარდა, ორთაღედით იყო მორთული. იგი გაფორმებული იყო ფლანგებზე ნახევარწრიული ნიშებიანი კედლის მაღალი სამ თაღედით და შუაში დატანილი თარაზული შესასვლელით, რომელსაც თავზე ჰქონდა თაღოვანი ლუნეტი. ინტერიერის ოთხივე კედელში დატანილი იყო მუზარადის ფორმის თაღით შეკრული თითო მართკუთხა ნიშა. ტრომპებზე დაფუძნებული გუმბათი აგურის წრიული ლავგარდანით იყო შემოზღუდული. მიუხედავად იმისა, რომ „ცეცხლის ტაძრები“ საქართველოს სხვადასხვა მხარეში იყო აგებული, ის მხოლოდ თბილისში შემორჩა.
დღემდე შემორჩენილი ნაგებობა, სავარაუდოდ, XVII საუკუნეში გადაეხურა ცეცხლის ტაძარს. იგი აგურის კუბურ მოცულობას წარმოადგენს. ფასადები თაღოვანი და შეისრულთაღოვანი ნიშებით იყო დანაწევრებული (მათი ფრაგმენტები აღმოსავლეთითა და დასავლეთით არის შემორჩენილი). ინტერიერის ოთხსავე კედელზე შეისრულთაღოვანი ნიშებია. შენობა გუმბათით იყო გადახურული. გუმბათზე გადასვლა ტრომპების მეშვეობით ხორციელდებოდა, რომელთაგან ორია მოღწეული.
ისტორია
III–VII საუკუნეებში, სასანიანთა დინასტიის მეფობის ხანაში ირანი ძალით ცდილობდა აღმოსავლეთ საქართველოში ირანული სახელმწიფო რელიგიის, ზოროასტრიზმის დამკვიდრებას. ამ დროს ზოროასტრიზმი საქართველოში ქრისტიანობის უძლიერესი კონკურენტი იყო.
თბილისში ადრინდელ ქრისტიანულ ხანაში ზოროატრიზმის გავრცელებაზე ცნობები უხვად შემოგვინახა ქართულმა წერილობითმა წყაროებმა, რომელთა მიხედვითაც, ამ სარწმუნოების მიმდევარნი თბილისში ცხოვრობდნენ. ქართველობა ცვალებადი წარმატებით, მაგრამ განუწყვეტლივ იბრძოდა ზოროასტრიზმის დანერგვის წინააღმდეგ. ამ ბრძოლის კვალი კარგად ჩანს იმდროინდელ ქართულ წერილობით წყაროებში (წმინდა შუშანიკის და ევსტათი მცხეთელის მარტვილობები, ლეონტი მროველის, ჯუანშერის ცნობები). ამ ბრძოლის მიუხედავად, საქართველოს ქალაქებსა და ზოგან სოფლადაც არსებობდა ზოროასტრიზმის მიმდევარი მოსახლეობა.
თბილისში საქალაქო ცხოვრების დაწყებისთანავე ზოროასტრიზმის გაძლიერებისათვის ხელშემწყობი პირობები შეიქმნა IV–VI საუკუნეებში, როდესაც ქართლი ირანის გავლენის სფეროში მოექცა. მეფის კარზე ქრისტიან ეპისკოპოსთან ერთად მოგვთა მეთაურიც იმყოფებოდა, რომელსაც ქართული საისტორიო წყაროები „სპარსთა ეპისკოპოსს“ უწოდებენ. თბილისში განსაკუთრებით გაძლიერდა ცეცხლთაყვანისმცემელთა პოზიციები, როდესაც იგი სპარსთა მარზპანის რეზიდენცია გახდა, თუმცა ამ რელიგიამ ფეხი ვერ მოიკიდა საქართველოში, რადგან მისი ზოგიერთი რიტუალი მიუღებელი იყო ქართველი ადამიანისათვის, თუნდაც დასაფლავების წესი. VIII–IX საუკუნეებში თბილისს თავი შეაფარა არაბთაგან დაპყრობილი ირანიდან დევნილ ზოროასტრიზმის მიმდევართა ერთმა ნაწილმა. ამის უეჭველი საბუთია თბილისში, კლდისუბანში დღემდეშე მორჩენილი ცეცხლის ტაძრის — „ათეშგას“ ნაშთები.
XVIII საუკუნის 20-იან წლებში შენობაში ფუნქციონირებდა მეჩეთი. ს. კაკაბაძე წერს: „არსებული მოსაზრების თანახმად, ათეშგა 1724 წლიდან თბილისში გაბატონებული თურქების მიერ გადაკეთდა მეჩეთად, ან მის ფუძეზე იქნა აშენებული მეჩეთი და 1735 წელს თურქების თბილისიდან განდევნისას ნადირ-შაჰის მიერ დანგრეული ორი მეჩეთიდან ერთ-ერთად ეს ნაგებობა უნდა ვიგულისხმოთ“. შარდენის 1673 წლის თბილისის ჩანახატზე ათეშგა დაბალყელიანი სფერული გუმბათით დასრულებულ კუბს წააგავს, რომელსაც ირგვლივ შემოზღუდული თავისუფალი ფართობი აქვს. ტურნეფორის 1700 წლის ჩანახატზეც იგი დაახლოებით ასევე გამოიყურება; დღევანდელი ნაგებობის საერთო სახეც ასეთია, ანუ შენობამ ისისავარაუდო გადაკეთებამდე და შემდგომ არსებით სხვაობას არ გვაძლევს. ალბათ, უნდ ავიფიქროთ, რომ შენობის ფუნქციური დანიშნულების შეცვლა მნიშვნელოვანი გადაკეთების გარეშე მომხდარა და იმდენად მცირეხანს გაგრძელებულა, რომ თავდაპირველი სახელწოდების დაკარგვა ან შეცვლაც არ გამოუწვევია. წინა საუკუნის უხუცესთა გადმოცემით, „მას, ვითარცა სიძველის ძეგლს, ქართველი მეფეები მფარველობდნენ“, – წერს თ. კვირკველია.
პლატონ იოსელიანის ცნობისა და შემორჩენილი ფოტოების მიხედვით ირკვევა, რომ XIX საუკუნეში ათეშგას გუმბათი ისე ჰქონია, რომ კიბეები სახლსა და ათეშგას შორის შექმნილ ბაქანზე ადიოდა. გრ. გაგარინის ჩანახატის მიხედვით, შენობას აგურისავე გალავანი აქვს, ისევე როგორც შარდენის ჩანახატზე. მოგვიანებით შენობა საწყობად, ხოლო XIX საუკუნეში საცხოვრებლად ყოფილა გამოყენებული.
წყაროები
- გურამ ყიფიანი, ძველი თბილისის ზოროასტრული ტაძარი; რედ. რამინ რამიშვილი; ილიას სახელმწიფო. უნივერსიტეტი, ICOMOS საქართველო, თბ., 2009 წ.;
- საქართველოს ძველი ქალაქები. თბ., 2006 წ.