ანგელოზები
ანგელოზები
(ბერძ. ἄγγελος „ანგელოს“ — მაცნე). ღვთის ნების აღმსრულებელი და გამომცხადებელი წმინდა, უსხეულო (უხილავი) და უკვდავი სულები. ხანდახან ხილულ სახესაც იღებენ. აქვთ გონება, ნება და ძალმოსილება. განიყოფებიან ცხრა დასად.
ბიბლიაში მოხსენებული ანგელოზთა ცხრა დასი სამ იერარქიად იყოფიან:
სერაფიმნი, ქერუბიმნი, საყდარნი უფლებანი, ძალნი, ხელმწიფებანი მთავრობანი (საწყისნი), მთავარანგელოზნი და ანგელოზნი.
მთავარანგელოზები:
- მიქაელ მთავარანგელოზი — დადგენილია ანგელოზთა დასის მთავრად. მისი სახელი ებრაულად ნიშნავს: „რომელი ვითარცა ღმერთი“ - მძლეველი ყველა მტრული ძალისა. მიქაელ მთავარანგელოზისადმი ლოცულობენ დემონურ ცთუნებათა დროს.
- გაბრიელ მთავარანგელოზი — სიმტკიცე (ძალი) ღვთისა — ღვთის საიდუმლოს კეთილი მაცნე, უფლის ყოვლადძლიერების მახარებელი და მსახურია. ხატებზე გაბრიელ მთავარანგელოზს გამოსახავენ სამოთხის რტოთი, რომელიც ყოვლადწმიდა ქალწულს მიართვა, ხშირად მას ცეცხლოვანი ლამპარი უჭირავს ხელში.
- რაფაელ მთავარანგელოზი — ღვთიური მკურნალი, სნეულებათაგან ადამიანთა დამხსნელია.
- იეგუდიელ მთავარანგელოზი — ღვთის დიდებას ნიშნავს.ის ადიდებს უფალს, განამტკიცებს და შუამდგომლობს მოღვაწეებს.
- სელაფიელ მთავარანგელოზი — მლოცველს ნიშნავს. იგი ადამიანებს უხილავად შეეწევა ლოცვისას.
- ურიელ მთავარანგელოზი - ღვთაებრივი ცეცხლი და ნათელი, განმანათლებელი.
- ვარახიელ მთავარანგელოზი — კურთხევის ანგელოზს ნიშნავს. ადამიანებისთვის ღვთიური მოწყალების გამომთხოველია.
- იერომიელ მთავარანგელოზი — ნიშნავს ღვთისკენ ამაღლებას. იგი საღვთო სიყვარულის აღმძვრელია. ხატებზე გამოისახება სასწორით ხელში.
წყარო
- წმიდანთა ცხოვრება, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.