გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

აპოხტი

აპოხტი


ხმელი ხორცი. სულხან-საბას განმარტებით: "შაშხი პოხილი//მსუქანი ხორცია, ლორი მეტად პოხილი, ყაღი კი მჭლე". ფშავ-ხევსურულ და მთიულეთ-გუდამაყრული მასალით, საპოხი ყველანაირი ცხიმის - ქონის აღმნიშვნელია. აჭარულ-ლაზურში "აპოხტი" ქათმის შაშხია, სვანურში - "აპეხტ" ღორის შაშხს ნიშნავს, საქონლის შაშხს კი კენჭ ეწოდება. აპოხტის ნაირსახეობაა თუშური ყაღი. იგი მზადდება ცხვრის, ძროხის, თხის, ნადირის ხორცისგან. სააპოხტე ფერცხლებს, მკერდს, დაჭრიდნენ დიდ ან პატარა გრძელ ნაჭრებად. 3-4 დღე მარილწყალში ამყოფებდნენ და შემდეგ გაკიდებდნენ მზეზე, სანიაოზე. მას შემდეგ, რაც ხორცი გამოშრებოდა, გახმებოდა - "გაყაღდებოდა", შეინახავდნენ. მეორე ხერხით მარილს მოაყრიდნენ და მშრალად ჩადებდნენ ქვაბში, ხის ჭურჭელში ან გუდაში, 3-4 დღის შემდეგ კი გაკიდებდნენ გასაშრობად. "ვეფხისტყაოსანში" შაშხის იდენტურ სიტყვად ხმელობაა ნახმარი, რაც იუსტინე აბულაძის განმარტებით არის "დამარილებული ანუ დაშაშხული ხორცი შესანახად გამომხმარი". ტარიელი ამბობს: "მუნ გვიმასპინძლოს ასმათმან, მას უც ხორცისა ხმელობა". ზამთრის საკვების დამზადების მსგავსი წესები ცნობილია კავკასიის სხვა ხალხებშიც.


წყარო