გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აქადი

აქადი (𒌵 URIKI) - ქალაქი ძველ შუამდინარეთში, რომლის ნაქალაქარი დღემდე არაა აღმოჩენილი. შუამდინარეთში ჩვ.წ-მდე მესამე ათასწლეულის დასასრულისთვის აქადი ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო იყო, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა მთელი შუამდინარეთის ცივილიზაციის, ამ უძველესი კერის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ცხოვრების ჩამოყალიბებაში.

აქადი ანუ შუმერულად აგადე თავდაპირველად ქალაქს, ხოლო მოგვიანებით ქვეყანას ეწოდა, რომლის ადგილმდებარეობა დაზუსტებული არ არის, სავარაუდოდ იგი უნდა არსებულიყო სიფარის (ახლანდელი აბუ-ჰაბა, ბაღდადის სამხრეთ-დასავლეთით) მახლობლად. ის ბაბილონის სემიტური მოსახლეობის ერთ-ერთი უძველესი ცენტრი იყო.

ჩვ.წ-მდე XXIV საუკუნეში აქადი სარგონ დიდის (აქადელის) უზარმაზარი სახელმწიფოს დედაქალაქი გახდა, მისი სახელი სამხრეთ შუამდინარეთის მთელ ჩრდილოეთ ნაწილს ერქვა.

ნიფურში ენლისის ტაძრის წინ მდგარი სარგონის ქანდაკების ორენოვან ტექსტში (შუმერულ და აქადურ ენაზე) ნათქვამია, რომ სარგონი იყო არა მხოლოდ იშთარის "მბრძანებელი ზედამხედველი", არამედ "ანუს მირონცხებული ქურუმი" და "ენლილის დიდი ნაცვალიც". "სწორედ ენლილმა, - ამბობს სარგონი, - მომცა მე ბატონობა და მეფობა".

მოხუცმა სარგონმა საბედისწერო შეცდომა დაუშვა: ბაბილონის საძირკვლის მიწა აქადში ჩაიტანა და ახალი ბაბილონი ააშენა. ამ მკრეხელობამ განარისხა დიდი ბატონი მარდუქი.

აქადის უკანასკნელი დღე დაწვრილებით არის აღწერეილი "აქადის დაწყევლის" ტექსტში. რვა ღმერთმა დაწყევლა აქადი, "ქალაქი უტიფრად შემბილწველი ექურისა". "და, აი, - გვამცნობს ძველისძველი მატიანე, - მოხდა ასე... აქადი ნანგრევებია."

უამრავი ქალაქი დანგრეულა და გატიალებულა, მაგრად კვლავ აღმდგარა და დასახლებულა, აქადი კი ღმერთებმა სამუდამოდ გაწირეს.

აქადის სახელმწიფოს გაფურჩქვნა დაიწყო მისი მეოთხე მეფის - ნარამსუერის ზეობის წლებში (ჩვ. წ.-მდე 2290-2254 წწ.). მისი წყალობით ქვეყანამ ისეთ ძლიერებას მიაღწია, რომ მეფეს "ღვთაებრივი ნარამსუენის, აქადის მძლავრი ღმერთის" ტიტული მიენიჭა. მან ჩაახშო აჯანყებები შუმერში, ელამში, თვით აქადშიც. "მსოფლიოს ოთხი ქვეყანა დაეცა მის წინაშე", - გვამცნობს ერთ-ერთი წარწერა.

აქადის უკანასკნელი მეფე შარქალიშარი (ჩვ. წ.-დე 2253-2230 წწ.) მეოთხედი საუკუნდე ებრძოდა ქვეყნის გარეშე მტრებს. წარწერები მოგვითხრობენ შუმერთა აჯანყების ჩახშობაზე, დასავლეთით ამორეველებზე გამარჯვებასა და აღმოსავლეთიდან შემოჭრილი ელემელების ძლევაზე. მაგრამ ჩვ. წ.-მდე 2228 წელს, აქადის მზე სამუდამოდ ჩაესვენა, - აღმოსავლეთიდან შემოჭრილმა გუთიებმა მისი ქალაქები ნანგრევებად აქციეს.

მეფე მეფობის დასაწყისი მეფობის დასასრული
სარგონ აქადელი ძვ.წ. 2334 ან 2371 ძვ.წ. 2279 ან 2315
რიმუში ძვ.წ. 2278 ან 2315 ძვ.წ. 2270 ან 2306
მანიშტუსუ ძვ.წ. 2269 ან 2306 ძვ.წ. 2255 ან 2291
ნარამსუენი ძვ.წ. 2254 ან 2291 ძვ.წ. 2218 ან 2254
შარ-კალი-შარი ძვ.წ. 2217 ან 2254 ძვ.წ. 2193 ან 2230
უმეფობის ხანა ძვ.წ. 2192 ან 2230 ძვ.წ. 2169 ან 2226
იგიგი ძვ.წ. 2189 ძვ.წ. 2189
ნანუმი ძვ.წ. 2189 ძვ.წ. 2189
ემი ძვ.წ. 2188 ძვ.წ. 2188
ელულუ ძვ.წ. 2187 ძვ.წ. 2187
დუდუ ძვ.წ. 2186 ძვ.წ. 2168
შუ-ტურული ძვ.წ. 2168 ძვ.წ. 2154

აქადური ენა სემიტურ ენათა ჩრდილო-აღმოსავლურ შტოს განეკუთვნება. აქვს ორი დიალექტი - ასურული (ჩვ. წ.-მდე VII საუკუნემდე) და ბაბილონური (პირველი ათასწლეულის ბოლომდე). ამის გამო მას ასურულ-ბაბილონურ ენასაც უწოდებენ. აქადური ცნობილია ჩვ. წ.-მდე XXIV-XXI საუკუნეების ლურსმლური დამწერლობის ძეგლებით. ეს ძეგლები სამ პერიოდს მოცავს: 1. წინასარგონულ; 2. სარგონისა და სარგონიდების; 3. ურის მესამე დინასტიის ხანის.

აქადელი ხალხი თავისი ქვეყნის აღზევებისა და აყვავების ჟამს უთუოდ მრავალ მნიშვნელოვან ძეგლს შექმნიდა. ამ ძეგლებიდან შემორჩენილია სულ რამდენიმე ნიმუში, რომლებიც ჩვ. წ.-მდე XXIII საუკუნეს განეკუთვნებიან. აღსანიშნავია 2მ სიმაღლის წითელი სტელა (ობელისკი), რომლის რელიეფზე ასახულია მეფე ნარამსუენის ლაშქრობა მთიელ ტომთა დასამორჩილებლად. საყურადღებოა სპილენძის ქანდაკების თავი - ვარაუდობენ, რომ იგი სარგონ დიდის ქანდაკების ნაწილი უნდა იყოს. შემონახულია ცილინდრული საბეჭდავები გილგამეშის გმირობისა და ნადირობის მინიატიურული რელიეფებით.

აქადის არქიტექტურისა და მშენებლობის მაღალ დონეზე მეტყველებს ეშნუნას (ახლანდელი თელ-ასმარი) სახლის კომპლექსის ნაშთები.

კლასიკური აქადური ლიტერატურა ჩამოყალიბდა, როგორც ჩანს, კასიტურ პერიოდში (XVI-XII საუკუნეები). დიდი კოსმოგიური ეპოსი 7 თავად იყოფა. მასში აღწერილია სამყაროს შექმნა ქაოსისგან, უფროსი და უმცროსი ღმერთების ბრძოლა და სხვა. შემოგვრჩა ნაწარმოებები, რომლებიც სინამდვილისადმი სკეპტიკურ და კრიტიკულ დამოკიდებულებასაც კი გამოხატავენ, მაგალითად, პოემა "ნიფურულ ღალატზე".

მოძიებულია „http://caucasology.com/wiki/index.php?title=აქადი&oldid=3696“-დან