გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

ბაბილონი

ძველი აღმოსავლეთი

ბაბილონი - (არაბ. بابل‎, აქად. 𒆍𒀭𒊏𒆠 Bābili(m), შუმერ. 𒆍𒀭𒊏𒆠 ლოგოგრამა KÁ.DINGIR.RAKI, ებრ. בָּבֶל Bāḇel, ბერძნ. Βαβυλών, სპარს. 𐎲𐎠𐎲𐎡𐎽𐎢 Bābiru, ელამ. 𒀸𒁀𒉿𒇷 Babili, ქასიტური: Karanduniash) უძველესი ქალაქი შუამდინარეთში, რომელიც მდინარე ევფრატის ნაპირებზე მდებარეობდა.

დაარსდა არა უგვიანეს ძვ. წ-აღ. III ათასწ. შუმერულ წყაროებში მოხსენიებულია KÁ.DINGIR.RA სახელით.

ბაბილონი ძვ.წ-აღ. II-I ათასწლეულში - ბაბილონის სამეფოს დედაქალაქი, ძვ. წ-აღ. 539 წელს დაპყრობილ იქნა კიროს II დიდის მიერ და ამის შედეგად ქალაქი შევიდა აქემენიდების მფლობელობაში.

ძვ. წ-აღ. IV ს მეორე ნახევარში ალექსანდრე მაკედონელის სახელმწიფოს დედაქალაქი იყო, შემდეგ კი შედიოდა სელევკიდების სახელმწიფოში. ძვ. წ-აღ. III ს-ში თანდათან იწო დასუსტება. ყველაზე მაღალი ეკონომიკური და კულტურული ზრდა უკავშირდება ნაბუქოდონოსორ II-ის ეპოქას (ძვ. წ-აღ. VI ს).

ძვ.წ-აღ. IV ს-ში ყველაზე დიდი ქალაქი იყო მსოფლიოში მოსახლეობის რაოდენობით. დაახლოებით 150 000 ადამიანი ცხოვრობდა იმ დროისთვის. ბაბილონი იყო პირველი მეგაპოლისი კაცობრიობის ისტორიაში. ამ ქალაქს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქრისტიანულ ესქატოლოგიაში.

ბაბილონის გეოგრაფიული მდებარეობა და ზოგადი აღწერა

ბაბილონის ნაშთები მდებარეობს ერაყში, თანამედროვე ქალაქ ჰილას ახლოს. მდინარე ევფრატი ძეგლს აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებად ყოფს. ძეგლი წარმოადგენს ბორცვების ჯგუფს, რომელთაგანაც ყველაზე მნიშვნელოვანთ გააჩნია საკუთარი სახელები.

ძველად ევფრატის და ტიგროსის კალაპოტი აქ მიედინებოდა პარალელურად, შემდეგ კი განცალკევებით ერთვოდა სპარსეთის ყურეს. ხეობის დაბალი კალაპოტის გამო ხშირად ხდებოდა წყალდიდობა და ეს ტერიტორია იტბორებოდა, რის შედეგადაც ჩამოყალიბდა ქვემო მესოპოტამიის სქელი მდინარეული ალუვიონი. სათანადოდ გამოყენებისას ალუვიონი უაღრესად მაღალი ნაყოფიერებისაა. ამიტომაც გაჩნდა პირველი სარწყავი სისტემები. აქ, შუამდინარეთში საკმაოდ ადრე ჩამოყალიბდა ეკონომიკური საფუძველი, ერთ-ერთ უძველეს, შუმერულ ცივილიზაციაში. ბაბილონის გაჩენა, სავარაუდოდ უკავშირდება სწორედ შუმერულ ეპოქას.

ქვემო მესოპოტამიის ბუნებრივ ლანდშაფტს შეადგენს უდაბნოს პეიზაჟი იშვიათი მცენარეებით: ფინიკის პალმებით, იალღუნით და მლაშობურათი. სიცოცხლე კი კონცენტრირებულია ძირითადად წყლის ნაპირების გასწვრივ. მდინარეების, არხების გასწვრივ იზრდება სხვადასხვა სახეობის ტირიფი, განსაკუთრებით ბევრია ბამბუკი. მშრალ სტეპებსა და ნახევრად უდაბნოებში არიან პატარა მღრნელები, ხვლიკები. ჭაობიან ადგილებში გვხვდება გარეული ღორები, ასევე სხვადასხვა სახეობის წყალზე მობინადრე ფრინველი.

ადამიანის საქმიანობამ, პირველ რიგში, სარწყავი სისტემების მოწყობამ გამოიწვია გარემოს მნიშვნელოვანი ცვლილება. მრავალრიცხოვანმა არხებმა შექმნა ფართო ალუვიური ველი, რამაც გამოიწვია მიდამოს გამწვანება. თუმცა ცხოვრების პირობები მაინც საკმაოდ მძიმეა. მაღალ ტემპერატურასთან ერთად ძლიერი ტენიანობაა, რაც იწვევს მავნე მწერების სიმრავლეს, განსაკუთრებით კოროების და მოსკიტების, რაც მალარიის გამომწვევია. ასევე არის სხვა ადამიანის სიცოცხლისთვის საშიში ცხოველები - გველები, მორიელები და ა.შ.

კლიმატი ზოგადად ცხელია. ამ ტერიტორიისთვის არიდული ჰავაა დამახასიათებელი.

ბაბილონის პირველი სისტემური შესწავლა

ბაბილონის სისტემური შესწავლა დაიწყო XIX საუკუნეში. 1811 წელს აღმოსავლეთ ინდოეთის კომპანიის პრეზიდენტმა კლაუდიუს ჯეიმს რიჩიმ დაიწყო კვლევა ქალაქის ხილული ნანგრევების. მან სახელები უწოდა ბორცვებს იმის შესაბამისად, რასაც ადგილობრივი მცხოვრებლები ეძახდნენ ამ ადგილებს. ჩაატარა გათხრები თუმცა მნიშვნელოვანი არაფერი აღმოუჩენია.

1818 წელს ბაბილონს ესტუმრა ინგლისელი მხატვარი რობერტ კერ პოტერი, მან თავისი შთაბეჭდილებები აღწერა წიგნში, შექმნა რომანტიკული ილუსტრაციები, რამაც ხელი შეუწყო ევროპაში ინტერესის ზრდას ბაბილონის მიმართ.

1850 წელს ბაბილონში ჩავიდა პოლ ემილ ბოტა და ოსტინ გრეი ლეიარდი, ისინი ცნობილები არიან შუამდინარეთის ქალაქების გათხრებით, პირველ რიგში ნინევიისა. ამ მომენტიდან იწყება ბაბილონის ნამდვილი არქეოლოგიური შესწავლა.

მათ გათხარეს ბაბილონი, თუმცა რაიმე ნათელი სურათის შექმნა ზედა შენობების მდებარეობის შესახებ ვერ შესძლეს. ამის მიზეზი იყო როგორც ძეგლის გიგანტური ფართობი, ასევე კულტურული ფენის მთლიანობის მაშტაბური დაზიანება, რაც გამოწვეული იყო ადგილობრივი მაცხოვრებლების მიერ, რომლებიც აგურებს ძველი ქალაქის ნანგრევებიდან მოიპოვებდნენ. ლეიარდმა აღწერა გათხრების დროს ნაპოვნი ნივთები. ესენი იყო: ბაზალტის ლომის გამოსხულება, თიხის თასი არამეული წარწერით, მოჭიქული აგურები და სხვა ზოგიერთი ნივთი. მათ ასევე აღმოაჩინეს მრავალი სამარხი, მაგრამ სავარაუდოდ, ისინი უფრო გვიან პერიოდთან იყო დაკავშირებული. მცირე რაოდენობის აღმოჩენების გამო გათხრები მალე შეწყდა.

1852 წელს ბაბილონში გათხრები ახალმა ექსპედიციამ დაიწყო. მათ საკმაოდ დიდი ფართობი გამოიკვლიეს. გათხრების შედეგად შეგროვილი იქნა ბევრი არტეფაქტი.

ტრიგონომეტრიული გაზომვების საფუძველზე და წერილობითი წყაროების მიხედვით შეიქმნა ბაბილონის პირველი დეტალური გეგმა. თუმცა ქალაქის ცნობილი ღირსშესანიშნაობების აღმოჩენა ვერ მოხერხდა და მეცნიერები იძულებულნი იყვნენ მხოლოდ ვარაუდებით შემოფარგლულიყვნენ. კერძოდ, ვარაუდი გამოთქვეს დაკიდული ბაღების ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით.

კვლევის პარალელურად ადგილობრივი მოსახლეობა ძარცვავდა ძეგლს. არაბები არა მარტო აგურებს თხრიდნენ, არამედ ქვის ქანდაკებებსაც იპარავდნენ, შემდეგ კი წვავდნენ თაბაშირის მიღების მიზნით. ძარცვის თავიდან ასაცილებლად ბრიტანეთის მუზეუმმა შუამდინარეთში წარმომადგენელი გაგზავნა, რომელიც მოელაპარაკა ადგილობრივებს იმის თაობაზე, რომ ყველა თიხის ფირფიტა, ბეჭედი და განსაკუთრებით ღირებული ნივთი მუზეუმის მიერ იქნებოდა გამოსყიდული. თუმცა ამით აგურის მოპოვება ვერ შეაჩერეს. რის შედეგადაც, ბევრი მნიშვნელოვანი შენობების ნანგრევები იმდენად იყო დაზიანებული, რომ შემდგომი კვლევების დროს შეუძლებელი აღმოჩნდა თუნდაც საძირკვლის გეგმის შედგენა.

ისტორია

ბაბილონის დაფუძნების გარემოებები და ზუსტი დრო არ არის ცნობილი. გრუნტის წყლის მაღალი დონე არ იძლევა ძეგლის ქვედა ფენების გამოკვლევის საშუალებას.

ინფორმაციას ადრეული ბაბილონის შესახებ იძლევა უძველესი წერილობითი წყაროები, ცნობილი შუმერული წარწერები თიხის ფირფიტებზე, რომლებიც პალეოგრაფიული ანალიზის მეშვეობით დაახლოებით ძვ. წ-აღ. 2500 წლებით არის დათარიღებული (ადრედინასტიური პერიოდი). ამ წყაროში ნახსენებია ტაძრის მშენებლობა ღმერთ მარდუქის საპატივცემულოდ. მარდუქი ბაბილონის მთვარი ღმერთი და მფარველი იყო.

უფრო ადრეული არქეოლოგიური აღმოჩენები ბაბილონში თარიღდება ძვ. წ. 2400 წლით.

ეს აღმოჩენები გაკეთდა ჰომერის მთის ზედაპირზე და ჩრდილოეთ ნაწილში ამრან იბნ ალის.

იმ პერიოდში ქალაქზე დიდი გავლენას ახდენდა შუმერული ცივილიზაცია.

ადრე-დინასტიურ პერიოდში ამ მიწებზე გადამწყვეტი როლი ითამაშა სახელმწიფო ქიშიმ.

იმ პერიოდში ამ მიწაზე სავარაუდოდო დასახლებული იყვნენ აღმოსავლეთ სემიტები, აქადების წინაპრები, მაგრამ ამ ვარაუდებს ჰიპოთეტური საფუძველი აქვს მხოლოდ.

სემიტების გამოჩენის ზუსტი დრო ქვემო შუამდინარეთში ამ დრომდე უცნობია.

პირველი წერილობითი ხსენება ბაბილონის დაკავშირებულია აქადის სამეფოსთან. ეს წარწერა ეკუთვნის მეფე შარქალიშარს, რომელშიც წერია იმის შესახებ რომ ბაბილონის მეფე აშენებს ტაძრებს მნიშვნელოვანი აქადური ღმერთების საპატივცემულოდ. მოგვიანებით ბაბილონი შუმერულ-აქადური სამეფოს ნაწილი გახდა.

ძირძველი ტერიტორია ამ სახელმწიფოსი შეადგენდა შუამდინარეთის ყოფილ ქალაქ-სახელმწიფოებს, რომლებიც უკვე იყვნენ პროვინციები. ამ ადგილებს ყავდა ხემძღვანელები, რომლებიც ინიშნებოდა დედაქალაქიდან და სრულიად ემორჩილებოდნენ მეფეს, რის III დინასტიიდან.

ძვ. წ. XXI საუკუნეში შიდა პრობლემებმა და გარეპოლიტიკურმა ფაქტებმა, შუმერულ - აქადური სახელმწიფო მიიყვანა კრიზისამდე და დაშლამდე. ამან გამოიწვია ფართომაშტაბიანი მოსახლეობის გადაადგილება.

სემიტურ - მომთაბარე ტომებმა დაიპყრეს შუამდინარული ნომები და დაარსეს იქ საკუთარი დინასტიები. შექმნეს დამოუკიდებელი ქალაქ სახელმწიფოები. ერთ - ერთი იყო ბაბილონი.

ბაბილონი

რეგიონი ქვემო შუამდინარეთი
ქვეყანა ერაყი
ძველი სახელი შუმ. ლოგოგრამა KÁ.DINGIR.RAKI, აქად. Bābili(m)
თანამედროვე სახელი Hillah
განედი 32.542535° N
გრძედი 44.421572° E
პერიოდი ბაბილონი, ასურეთი, ელინისტური, სპარსეთის იმპერია
მფარველი ღვთაება მარდუქი