ბარბარობა
ბარბარობა
სინონიმი: ბარბალობა
წმ. ბარბარეს დღესასწაული (ძვ. სტილით 4 დეკემბერი - ახ. სტ. 17 დეკემბერი). ერთი მოსაზრებით, ბარბარე იყო მზის მითოსური ღვთაება წარმართული ხანის საქართველოში. იგი ცნობილია დღე-სინათლის, მზე-ქალის, ბარბალეს, ქალ-ბარბალეს სახელით. ითვლებოდა ქალთა მფარველად, შინაური ცხოველების, ძროხების პატრონად, სიცოცხლის, სითბოს, თვალის სინათლის მომნიჭებლად, ასევე მოსავლიანობის, ნაყოფიერების მფარველად, მაგ., ხევსურთა რწმენით, მზე-ქალი განაგებს მთელი წლის მოსავლიანობას. მასზეა დამოკიდებული მოსავალი, საქონლის გამრავლება და ა.შ. იგივე ითქმის სვანურ ბარბარობაზე (იხ. ბარბოლი). ბარბარობით იწყება ზამთრის დღეობათა ციკლი. იგი დასავლეთ-ქართულ ტრადიციაში დღესასწაულთა თავად იწოდება. ამავე დროს, მას ფეხობის, ბრძნილობის, კუჩხობის დღესაც ეძახიან. ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ ბარბალეს ასტრალური კულტი შეცვალა აღმოსავლური წმ. დიდმოწამე ბარბარეს ხატებამ (მე-4 ს.). ქრისტიანული რწმენა-წარმოდგენით, წმ. ბარბარე ბავშვთა მფარვვლი და შემწეა, სახადთან, ბავშვთა ინფექციურ დაავადებებთან არის დაკავშირებული. ამავე დროს, წმ. ბარბარე საქონლის მფარველი და მკურნალიცაა. შესაბამისად, მეორე მოსაზრების თანახმად, ბარბარე არა არქაული ღვთაება, არამედ ქრისტიანი, წმ. დიდმოწამე ბარბარეა. ტრადიციულად, ბარბარობა დღეს ცხვებოდა გულიანი, ჩართული პურები. წირავდნენ საკლავს, ფრინველებიდან - მამალს (იმერეთი, ქართლი), ხოლო ქრისტიანობის გავლენით, ვინაიდან ბარბარობა მარხვისას იმართება, ცხვება ლობიანები, ნიგვზის გულჩართული 7 ან 9 ფურცლიანი ქადები ანგელოზების პატივსაცემად.