გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

განხილვა:დვალეთი

სინონიმი: თუალეთი

ისტორიული მხარე შუა საუკუნეების საქართველოში, ტერიტორიულად მოიცავდა კავკასიონის ქედის ცენტრალურ ნაწილს დარიალის ხეობასა და მამისონის უღელტეხილს შორის. ვახუშტი ბაგრატიონს (XVIII ს.) მოხსენიებული აქვს დვალეთის ხევები: კასრის-ხევი, ზრამაგა, ჟღელე, ნარა, ზროგო, ზახა, თრუსი მაღრანდვალეთი. ქართული საისტორიო ტრადიციით ეს ტერიტორია იბერიის სახელმწიფოს წარმოშობის (ძვ. წ. IV - ძვ. წ. III სს.) დროიდან შედიოდა საქართველოს შემადგენლობაში.

ეტიმოლოგია

ბ. გამყრელიძემ 1998 წელს გამოქვეყნებულ სტატიებში: "მდ. ჯეჯორის ხეობა" და "ცენტრალური კავკასიის ეთნიკური ისტორიიდან", უხვად გამოიყენა დვალეთში მოპოვებული ეთნოგრაფიული და ფოლკლორული მასალები, რომლის საფუძველზე მეცნიერულ ბრუნვაში შემოაქვს ქართული წარმომავლობის დვალური ტოპონიმები: თვალეთი, თვალეთის ხევი, ეთნონიმები და გვარსახელები: თვალია, თუალ (ქართველი), დარჩია, ხეთაგური, ბერიევი და სხვები.

უთუოდ ბევრის მთქმელი, დამაფიქრებელი და გასათვალისწინებელია ხალხური გადმოცემები, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ მთის რაჭველთა წინაპრები დვალეთს — "თუალეთს" ეძახდნენ, დვალზე კი "თვალს" ამბობდნენ.

მოხუც მთქმელთა გადმოცემით, მთის რაჭულ მითოლოგიაში დვალეთი მოიხსენიებოდა კავკასიის მაღალი მთიანეთის "თვალად", საიდანაც ნათლად მოჩანდა მთელი ქვეყანა. აქედან წარმომდგარა მხარისა და ეთნონიმის სახელები: თუალეთი (დვალეთი) და თუალი (დვალი).

საგულისხმოა ასევე ისიც რომ დვალეთის მდინარენი, რომლებიც იქაურ მთებში იღებენ სათავეს, მიერთვიან მდინარეს რომელიც თერგს უერთდება. სვანურად თვალი "თერ"ი-ია, თვალები კი "თერბი", აქედან უნდა იღებდეს სათავეს მდ. თერგი, იგივე თვალები.

ხალხური გადმოცემის სხვა ვერსიით დვალების წინაპარი "თვალია" ყოფილა და აქედან წარმომდგარა თუალეთი და თუალი.

ბ. გამყრელიძის აზრით ოსი თუაშვილები შემდგომში თუაევები, დვალური წარმომავლობის არიან. გვარი თუაშვილი ეთნიკური წარმოშობისაა და თუალთანაა დაკავშირებული, ისევე როგორც ქართველი დვალი, დვალაძე, დვალიშვილი.

ხალხური ლოკალიზაციით არდონის ხეობას ახლაც ეძახიან თუალთას, ტერიტორიას ბურონიდან მამისონისა და ზრუგის გადასასვლელამდე დვალეთი ოსურად კი თუალთა ეწოდება. ზარომაგში არის თუალთას ხეობა.

ამ თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი ლიახვის ზემო წელში გვიანფეოდალურ ხანაში გადმოსახლებულ ოსთა მიერ მაღრან დვალეთის ტერიტორიის "ურს-თუალად" (თეთრ-დვალეთად) მოხსენიება.

ცნობილია, რომ იბერიულ-კავკასიური მოდგმის ტომი დვალები I-II საუკუნეების ანტიკურ წყაროებშიც (პლინუს უფროსი, პტოლემეოსი) ასევე მოიხსენებიან: თვალის, ვალის, უალის სახელით.

გეოგრაფია

დვალეთის ტერიტორია მოიცავდა 3581 კმ2-ს. დვალები, ჯერ კიდევ ახ. წ. ა. I საუკუნის უძველეს ავტორთა ცნობებით, დიდი კავკასიონის ცენტრალური ნაწილის ჩრდილოეთის ფერდობების, მამისონის მთის პირიქითა მდ. კასრას ხეობაში, დარიალის დასავლეთით სვანეთის კავკასიამდე, ფართოდ გაშლილ ტაფობზე ესახლნენ (პლინიუსი, მტოლემეოსი და სხვ.).

ვახუშტი ბატონიშვილი დვალეთის გეოგრაფიულ მდებარეობას ასე განსაზღვრავს:

"ხოლო სიგრძე ამის ქვეყნისა არის ხევიდამ სუანეთის კავკასამდე და განი ქართლის კავკასიდამ ჩერქეზეთის მთამდე."[1] ბერი ეგნატაშვილის ცნობით: "დვალეთად იწოდებოდა ტერიტორია კავკასიონის მთავარსა და პირიქითელ ქედებს შუა მოქცეული, კასრის კარის სამხრეთით და კონკრეტულად მოიცავდა ნარის, ზახას, ზროგოს და ჟღელეს ანუ მამისონის ხეობებს."[2]

დვალეთი ივ. ჯავახიშვილის მიხედვით, კავკასიონის უღელტეხილის მთავარსა პირიქითულს, ქედებს შუა არის მოქცეული, რომელიც საქართველოს უკიდურეს ჩრდილოეთით მდებარე ქვეყანა იყო.[3]

"დვალები, კავკასიონის მთავარი ქედის ორივე მხარეზე მცხოვრებ მაღალმთიანი ზოლის უძველეს მოსახლეობას ეწოდებოდა."[4]

აღსანიშნავია, რომ ვახუშტის მიერ ხსენებულ, დღეისათვის ისტორიკოს მკვლევართა შორის "ჩერქეზთა მთის" ადგილის განსაზღვრაში ნათელ წარმოდგენას გვაძლევს თვით ვახუშტისეული ცნობა, რომლის მიხედვით ყაბარდო მოხსენიებულია ჩერქეზად, ხოლო ხალხი ჩერქეზებად. ასევე მთის რაჭველები ყაბარდოს ჩერქეზს უწოდებდნენ, ხალხს ჩერქეზებად მოიხსენიებდნენ.

ამრიგად, ხსენებული ტოპონიმისა და ეთნონიმის ვახუშტისეული ცნობისა და ხალხური ეტიმოლოგიური განმარტების საფუძველზე ცხადია, რომ ვახუშტის მიერ მოხსენიებული "ჩერქეზეთის მთა" დიგორ-ყაბარდოს (ჩერქეზის) გამყოფი ქედი უნდა იყოს, რომელსაც ხალხი დღესაც ყაბარდოს მთად მოიხსენიებს. დიგორიდან ყაბარდოში მიმავალი ამბობდნენ "ჩერქეზის მთა" გავიარეთო. სწორედ, აქამდე აღწევდა აღმოსავლეთიდან დასავლეთით მიმავალი დვალთა ჩრდილოეთის საზღვარი.

"ხოლო ვალაგირისა ანუ ფაიქომის დასავლით არს კასრის ხეობა, რომელი იწოდების აწცა დუალეთად და აქუს სიგრძე დუალეთს ზეკარის კავკასიდამ ვიდრე ჩერქეზამდე ... და არს ხეობა კასრისა, კასრის კარამდე ჩერქეზის მთამდე."[5]

სვანეთის მთიულეთს (დღევანდელი მთის რაჭა) დვალეთისაგან მამისონის მთის აქეთა სამხრეთის ფერდობების სათიბ-საძოვარი ველები გამოჰყოფდა. დვალეთის უახლოესი კარის მეზობელი კი სოფელი გლოლა იყო. გლოველები, მათ მრავალსაუკუნოვან სამკვიდრო მდ. ჭანჭახის ხეობის მამისონის მთით ძირა ტაფობზე ესახლნენ.

უნდა ითქვას, რომ გლოველ და დვალ მთიელთა კეთილმეზობლურ და ძმურ ურთიერთობას ტერიტორიულ სიახლოვესთან ერთად საგზაო კომუნიკაციების მოხერხებულობაც უწყობდა ხელს. მოძმე მთიელი ხალხების, მათ სოფლებზე გამავალი რაჭა-იმერეთის გზატკეცილი და მისი ჩრდილოეთის განშტოება ისტორიული "გზაჲ დვალეთისაჲ" ან, როგორც ოსები ამბობენ "თვალთა", შემდგომ ოსეთის სამხედრო გზად მონათლული, მთავარი დამაკავშირებელი საგზაო საშუალება იყო. რაჭველი და დვალი მთიელები სხვა გზებითაც უკავშირდებოდნენ ერთმანეთს.

საუღელტეხილო გზებით დვალეთი, რომ რაჭასა და ქართლთან მრავალგზის ყოფილა დაკავშირებული ეს ნათლად ჩანს ვახუშტის აღწერილობიდან, რომლის მიხედვით:

"ჟღელესა და გლოლას შორის კავკასზედ ... გარდავლენან გზანი გლოლას. ამის მდინარის სათავიდამ გარდავალს გზა კედელის კავკასსა ზედა კუდაროს და რაჭას და ქართლს."[6]

მდინარე ჭანჭახის თვალწარმტაც ხეობაში, მდინარე ბოყოს წყლის შესართავთან გაშენებულია უძველესი სოფელი გლოლა, რომლის ისტორიას შორეულ წარსულში აქვს ფესვები გადგმული.

საგულისხმოა, რომ მთის რაჭის საბრძოლო და თავდაცვითი ნაგებობების ანალოგიური სიმაგრენი დვალეთშიც მრავლად იყო. რაჭველ და დვალ მთიელთა ძმობა მარტო რწმენისა და რელიგიური რიტუალების ერთობაში კი არ ვლინდებოდა, არამედ თავდაცვითი და საბრძოლო ციხე-კოშკებიც ერთფეროვანი და ერთნაირი სახელობის ჰქონდათ. ღების "ცისკარი" ანუ "ზედქალაქი", გლოლის "სასოფლო" ანუ "ზედქალაქი", დვალეთის "ქალაქა" ქართველ მეფეთა ნაამაგარი და ქართველ მშენებელთა ხელით ნაგები საქართველოს უკიდურეს ჩრდილოეთის საზღვარს აკონტროლებდა.

"ჟღელეს ხეობა" — სახელწოდება გვხვდება რაჭულ ფოლკლორსა[7][8] და ხალხურ ზეპირსიტყვიერებაში. ამ სახელწოდებამ XIX საუკუნემდე მოატანა; ის რუსულშიც გადავიდა და ერთხან ოფიციალურ რუსულ საბუთებშიც გამოიყენებოდა Жгельское ущелье ფორმით. ამჟამად კი ეს ხეობა რუსულ და ოსურ ენებზე იწოდება მამისონის ხეობად (Мамисонское ущелье, Мамисон-ком). ხეობის წყლის ქართული სახელწოდებაა "ჟღელეს წყალი", ხოლო რუსულად და ოსურად მას უწოდებენ "Мамисон-дон".

ჟღელეს-წყალის მარცხენა ნაპირის მთები საკმაოდ დამრეცია და თვით ნაპირიც იმდენად ფართო დავაკებას წარმოადგენს, თუმც ალაგ-ალაგ ბორცვნარია, წყლის გაყოლებით ხეობაში ახლო-ახლო მდგარი მრავალი სოფელი და ნასოფლარია.

თავის ზემო ნაწილში ხეობა მამისონის უღელტეხილს აღწევს, ხოლო ქვემო ნაწილში — სოფელ ქვემო ზრამაგას. ამ ხეობის მთელ სიგრძეზე (21-23 კმ.) მიიმართება ე.წ. ოსეთის სამხედრო გზა, რომელიც ბოლოს მამისონის უღელტეხილით გადადის რაჭაში. ამრიგად, ჟღელეს ხეობა ახლოა რაჭასთან და XIX საუკუნეში გაყვანილი გზაც რომ არ იყოს, მაინც შედარებით ადვილსავალი გზით, უღელტეხილით არის მასთან დაკავშირებული.

VI საუკუნის შუა წლებიდან დვალეთში ქრისტიანობა გავრცელდა. შემდგომში იგი ნიქოზის საეპისკოპოსო ეპარქიაში შედიოდა. დვალეთზე გადიოდა ამიერკავკასიიდან ჩრდილოეთ კავკასიაში მიმავალი გზა, შუა საუკუნეებში ატარებდა სახელწოდებას — "გზა დვალეთისა", შემდგომში ცნობილი გახდა როგორც ოსეთის სამხედრო გზა.

ცნობილია, რომ ძვ. წ. IV საუკუნის ბოლოდან, ქართლის სამეფოს ჩამოყალიბების პირველი დღეებიდანვე, მის საზღვრებში შედიოდა დურძუკეთი და დვალეთი, მაგრამ ქართველ მეფეებს ამ საზღვრისათვის განსაკუთრებული ყურადღება XII საუკუნიდან მიუქცევიათ. ამ მხარეს საქართველოსათვის ფრიად მნიშვნელოვან კარად თვლიდნენ და ამის გამო ზედ მდინარე არდონის გასასვლელთან ზღუდეც კი აუგიათ.

მამისონის გზისპირა დვალეთის თითქმის ყველა სოფელში შემორჩენილი იყო მშრალი წყობით ნაშენი სვანური ტიპის ციხე-კოშკები.

ამრიგად, დაკვირვება მთის რაჭასა და ისტორიულ დვალეთში დღემდე შემორჩენილ ციხე-სიმაგრეთა ნაშთებზე, ნათლად ცხადყოფს, რომ მათი განლაგება მთის რაჭისა და დვალეთის ტერიტორიებზე კარგად მოფიქრებული და კანონზომიერად გადაწყვეტილი ყოფილა. ამიტომ ამ შემთხვევაში შეიძლება თამამად ითქვას მთის რაჭა-დვალეთის თავდაცვით და საბრძოლო სიმაგრეთა ერთიან სისტემაზე, რომლითაც წარსულში სვანეთის მთიულეთი (დღევანდელი მთის რაჭა) და დვალეთი ერთ ბურჯადშეკრულ და მტრისთვის გადაულახავ ზღუდედ ყოფილა აღმართული. როგორც ჩანს, აღნიშნული საბრძოლო და თავდაცვითი სისტემა ემყარებოდა უმთავრესად ხეობა-მდინარეთა და კომუნიკაციების დაცვის აუცილებელ მოთხოვნას. ციხე-კოშკები და გამაგრებული ბურჯები მიჰყვებოდნენ მდინარეების: რიონის, ჩვეშურის, ჭანჭახის სათავეებისაკენ და ფასის მთით მალყარის მდინარე ჩერეკის ხეობის საბრძოლო-თავდაცვით ნაგებობათა სისტემას ერწყმოდნენ.

პირველი დიდი ციხე-სიმაგრე მდინარე რიონისა და ჩვეშურის შესართავთან იყო სოფელი ღები — "ცისკარი" ე. წ. "ზედქალაქი", შემდეგ სოფელ ჭიორის ციხე-კოშკი, ჭანჭახის ხეობაში კი სოფელ გლოლის ციხე-გალავანი, ასევე "ზედქალაქად" წოდებული. პირველი და მეორე ციხე-სიმაგრეები იცავდა და ჰკეტავდა რიონისა და ჩვეშურის ხეობების მისადგომებსა და სტრატეგიულ ადგილებს. მესამე ციხე-სიმაგერე ბურჯად ედგა მამისონის, ან, როგორც წარსულში უწოდებდნენ "გზაჲ-დვალეთისაჲ"-ს. საიდანაც ჩრდილოეთით მდინარე კასრას ხეობით მიმავალი თავდაცვითი და საბრძოლო ციხე-კოშკების განლაგება დვალეთის გამაგრებულ მთის რაჭულის ანალოგიური სახელით "ქალაქას" და ძრამაგას (ზარომაგის) გავლით კასრის ჩრდილოეთის საზღვრის მთლიანი და ერთიანი თავდაცვითი სისტემა იქმნებოდა.

მთის რაჭა-დვალეთის ერთიანი თავდაცვითი სისტემა განსაკუთრებით აქტუალურ როლს თამაშობდა საქართველოს უკიდურესი ჩრდილოეთის საზღვრის დაცვის საქმეში. კასრას, რომ მტერი მოადგებოდა, აქაური მეციხოვნენი თავიანთ გასაჭირს დაუყოვნებლივ დვალეთის მეციხოვნეებს აცნობებდნენ, აქედან საგანგაშო სიგნალები კოშკებზე აგიზგიზებული კოცონების საშუალებით მამისონის საგუშაგოებს მიწვდებოდა, მალე მოახლოებულ საფრთხეს სოფელი გლოლაც შეიტყობდა, საიდანაც საგანგაშო ხმები ღებსა და ჭიორაში დაირხეოდა და მოსალოდნელი საფრთხის გადაცემის ასეთი სისტემის მთელი მთის რაჭა, დვალეთთან ერთად მომხვდურ მტერთან საბრძოლველად ფეხზე დგებოდა.

მთის რაჭველ და დვალ მთიელებს ერთობლივი ბრძოლით ბევრჯერ შეუჩერებიათ ჩრდილოეთიდან მომხდურ გადამთიელთა მიერ საქართველოს თავზე სამტროდ აღმართული მახვილი და მტერი უკუნუქცევიათ.

რაჭა-დვალეთის საზღვარზე, რომ გლოლა მნიშვნელოვან ციხე-სიმაგრეს წარმოადგენდა ეს ვახუშტის ცნობითაც ცხადი ხდება: "არს გლოლა დაბა მსგავსი ციხისა, კოშკოვან-გოდლოვანი ზღუდიანი ... შეუვალი მტერთაგან."[9]

ისე როგორც გლოველთა და დვალთა ეთნიკური წარმომავლობის შესახებ, ასევე გლოლისა და დვალეთის დაარსების შესახებ მეცნიერთა განსხვავებული მოსაზრება და ხალხური თქმულება-გადმოცემა არსებობს, რომლებიც ბევრ საყურადღებო ცნობებს შეიცავს.

ხალხური გადმოცემით გლოველთა წინაპრებს უძველესი დროიდან გლოლის მახლობლად, სოფლის ჩრდილო აღმოსავლეთით 8-9 კმ დაშორებით მამისონის მთის პირაქეთა მაღალმთიან სოფლებში უცხოვრიათ: ბუბას (ბაბეური), ძრიწელას, სამაროვანში, ჯერგომში, ჟღიდას, წითელმთას, ბრტყელას, ღადისარში, ღურშევში, ისინი დვალები ყოფილან. ეს მაღალმთიანი სოფლები ერთ დროს ოსებისაგან დვალეთზე გამუდმებული ყაჩაღური თავდასხმებით განაწამებ ხიზან დვალთა თავშესაფრად ყოფილა ქცეული. გლოველები დიდ ერთგულებას იჩენდნენ მტერტაგან აყრილ და დევნილ დვალ მთიელთა მიმართ. აძლევდნენ თავშესაფარს და მფარველობდნენ, სამოსახლო ადგილებსაც გამოუყოფდნენ თავიანთი სახნავ-სათესი და სათიბ საძოვარი მთებიდან, XVII-XVIII საუკუნეების ძნელბედობის წლებში ასე დაუსახლებიათ მოძმე დვალები ღადისარსა და ღურშევში.

"ოსთა კომპაქტური მოსახლეობა, კავკასიათა შინათა ისტორიული დვალეთის ტერიტორიაზე. რომელიც წარმოიქმნა მონღოლებისა და თემურ-ლენგის შემოსევების შედეგად XIII-XIV საუკუნეებში, საბოლოოდ გაფორმდა XV საუკუნეში" - წერს გ. თოგოშვილი.[10]

XIII-XIV საუკუნეებში ოსეთის სამხედრო გზამ დიდი როლი ითამაშა ჩრდილოკავკასიიდან ოსური ტომების საქართველოს ცენტრალური რაიონებისაკენ მოძრაობის საქმეში და სწორედ ამ გზის მიდამოებში ჩაეყარა საფუძველი საქართველოს ტერიტორიაზე ოსთა მუდმივი მოსახლეობის გაჩენას.

1801 წელს, როდესაც ქართლ-კახეთის სამეფო შეუერთდა რუსეთის იმპერიას, დვალეთი მის საზღვრებში შედიოდა.

1858-1860-იან წლებში კავკასიის მეფისნაცვალმა ა. ბარიატინსკიმ დვალეთი მოსწყვიტა საქართველოს და ოსეთს შეუერთა. მეორეს მხრივ სვან თავადთა და რაჭველ ფეოდალთა ცნობილ სისხლიან გარიგებას კი მოჰყვა სვანეთის მთიულეთის (მთის რაჭის) სოფლების დაცლა სვანი მოსახლეობისაგან და მათ ნამოსახლარებზე ხსენებულ მაღალმთიანი დასახლებებიდან დვალთა მთას იქედან გადმოხვეწილ ქართველ მთიელთა გლოლაში, ღადისარსა და ღურშევში ჩამოსახლება-დამკვიდრება. მცდარია ის მოსაზრება თითქოს ზემო რაჭა დასახლებულა ქვემო რაჭის მოსახლეობით. ამიტომ არის რომ მათი ნაკვალევი გვარ-სახელების თუ თქმულება გადმოცემების სახით ღებში ჭიორაში და გლოლაში არ შეიმჩნევა. თუ მხედველობაში არ მივიღებთ მებატონე არეშიძეების, ჯაფარიძეებისა, ხოხაგიძეების, გაგაშვილებისა და სხვათა ყოფა-ცხოვრებას მთის რაჭაში, რომლებიც შეთქმულმა მთიელებმა მჩაგვრელი მებატონეები ამოხოცეს და თავიდან მოიშორეს.

1918-1921 წლებში დვალეთის ტერიტორია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში შედიოდა. 1921 წელს რეგიონი საქართველოს ჩამოაჭრეს და რუსეთის ფედერაციაში შემავალ ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკას გადასცეს.

დვალური ენა

დვალების წარმომავლობისა და დვალური ენის შესახებ ორი მოსაზრება არსებობს. ერთნი მათ ირანულენოვან ტომებს აკუთვნებენ და ოსებს აკუთვნებენ. აღნიშნული მეცნიერები ოსეთს ყოფენ ორ ეთნიკურ ჯგუფად: ოსები და დვალები. აღნიშნულ, კერძოდ ოსეთის ორ ეთნიკურ ჯგუფად დაყოფას იზიარებს მთის რაჭული გადმოცემაც, მარგამ არა ოსურ და დვალურ, არამედ დიგორულ და ირონულ ეთნიკურ ჯგუფებად.

მეორე ჯგუფი კი დვალებს იბერიულ მოდგმად აღიქვამს, ეყრდნობა რა ეთნიკურობასა და რწმენა-ჩვეულებებს. დვალების იბერიულობას ეხმიანება ვახუშტი ბატონიშვილიც, რომლის მიხედვით დვალი დვალეთის ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეა, ოსი კი ხიზანი გადამთიელი, რომელიც თათარ-მონღოლთა შემოსევებმა აიძულა თავი შეეფარებინათ კავკასიის მაღალმთიანეთში. "ხოლო ისინი შემოივლტოდნენ კავკასიასა შინა და დაიპყრეს კავკასია ნათესავნი რომელ არიან დვალნი. ამისა შემდგომად იწოდნენ სახელითა მათითა ხეობანი."[11]

დვალების ასიმილაცია და ტომელთა აჭრელება მოხვდურ გადამთიელთა ძალადობით მოხდა. ამ თვალსაზრით საყურადღებოა ნ. ბერძენიშვილის მოსაზრება, რომლის მიხედვით: ჰონთა თუ სხვა ბუნთურქთა შემოჭრის შემდეგ იაფეტიდები კომპაქტური მოსახლეობის სახით უმთავრესად ჩრდილოკავკასიის ზეგნებს შემორჩნენ. იმიერკავკასიის ძირი კი აჭრელდა: იაფეტიდებს აქ გვერდში ამოუდგნენ თურქული თუ ინდოევროპული მოდგმის სხვადასხვა ხალხები.

"ასე რომ XIII საუკუნის 40-იანი წლებისათვის," - წერს გ. თოგოშვილი, - "კავკასიათა შინათა ოსთა მასობრივი შემოღწევის ფაქტი დადასტურებულად უნდა ჩაითვალოს."[12] ამის შესახებ და იმ დროის მიმდინარე მოვლენებზე დამაჯერებლად წერდნენ ცნობილი ქართველი მემატიანეები ჟამთააღმწერელი, ფარსადან გორგიჯანიძე, ბერი ეგნატაშვილი და სხვები.

ვ. აბაევმა ოსური ენისა და ტოპონიმების შესწავლის საფუძველზე პირველმა ჩამოაყალიბა დებულება ძველი დვალების იბერულ-კავკასიურ ტომად მიჩნევის შესახებ, დვალური ენაც იბერიულ-კავკასიურ ენობრივ წრეს მიეკუთვნა.[13]

შეიძლება ითქვას, რომ ცენტრალური კავკასიის მთიანეთში უძველესი დროიდან ქართული ეთნიკური ელემენტი იყო განსახლებული.

რაჭიდან მამისონის უღელტეხილით მიმავალი მგზავრი მთას აქეთ "დედოფლის წყალს" გაივლიდა, მთის იქეთ დვალეთის მიწა-წყალზე "ნეფის წყალს" გადალახავდა.

დვალეთში ქალაქას შემდეგ ღელეში გაშენებული სოფელი ჟღელეა. გადმოცემით ჟღელეს ეკლესიაში მღვდელი ქაფიანიძე წირვა ლოცვას ქართულად აღავლენდა.

"არჩილი წარვიდა კულბითიდამ დვალეთს და მუნ დაასადგურნა დედაწულნი თვისნი... მერმე მივიდა ფაიქომს და იდგა წელსა ერთსა მუნ."[14]

"არჩილ მეფემ მოიყვანა და ძენი ალექსანდრე და მამუკა წარავლინა დვალეთს და თვით მოვიდა რაჭას."[15]

"არჩილმა წარიყვანა ვახტანგ დედა-წულითა და წარვიდა დვალეთს და იმყოფებოდა ზრამაგას ზამთარსა მას, მომლოდინე სპათა რუსთასა."[16]

"1700 წელს არჩილ მეფე რუსეთს წარვიდა დვალეთიდამ."[17]

ვალაგირ-ფაიქომი ეს არის ერთი ხეობის სახელწოდება. ი. კლაპროთს ფაიქომი მდ. ფაიგდონის მარცხენა შენაკადად, ფაინაგიდონის ანუ კარტაიდონის ქართული სახელწოდებად მიაჩნია.

დვალეთის ქართული წარმომავლობის ტოპონიმთა შორის ყურადრებას იპრობს "კუდარო", რომლის შინაარსობრივი ახსნა ოსურ ან სხვა ენაზე არ ხერხდება გარდა ქართულისა, რომელიც სიტყვა "მკვდარო"-საგან წარმომდგარა, მკვდარო აქედან მკუდარო.

ლეგენდის თანახმად მტერთაგან აოხრებული და მოსახლეობისაგან დაცლილი მხარე, რომ უნახავს ადგილობრივ მკვიდრ დედაკაცს, ცხარე ცრემლით დაუტირია, მოთქმით უთქვამს:

წინათ ხალხმრავალო და ნათელო,
აწ, გაუხარელო და კუდარო,
ჩემო მშობლიურო მხარეო.[18]

ლიტერატურა

  • ჯ. გვასალია, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, თბ., ტ. 3, 1978, გვ. 490
  • დ. გვრიტიშვილი, დვალთა ვინაობისა და ოსთა ჩამოსახლების საკითხისათვის, ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან (XIII-XIV სს), თბ., 1962
  • В.Н. Гамрекели, Двалы в Двалетия в I - XV вв. н. э. , Тб., 1961
  • Б.В. Техов, Очерки древней истории и археологии Юго-Осетии, Тб., 1971
  • სპ. რეხვიაშვილი, მთის რაჭველ და დვალ მთიელთა ძმობა, გაზ. "რაეო", 1999, აპრილი, №4, 6, 7
  • ქართლის ცხოვრება, ტ. IV, თბ., 1973, გვ. 635
  • ბერი ეგნატაშვილი, ახალი ქართლის ცხოვრება, გვ. 349
  • ივ. ჯავახიშვილი, საქართველოს საზღვრები ისტორიულ და თანამედროვე თვალსაზრისით, თბ., 1919, გვ. 69
  • გ. თოგოშვილი, საქართველო-ოსეთის ურთიერთობა XV-XVIII საუკუნეები, თბ., 1969, გვ. 11-12
  • ქართლის ცხოვრება, ტ. IV, თბ., 1973, გვ. 639-644
  • ქართლის ცხოვრება, ტ. IV, თბ., 1973, გვ. 645
  • შ. ძიძიგური, „ძიებანი ქართული დიალექტოლოგიიდან“, თბ., 1954, გვ. 251
  • ვ. კოტეტიშვილი, „ხალხური პოეზია“, ქუთ. 1934, გვ. 81
  • ქართლის ცხოვრება. ტომი IV, თბ., 1973, გვ. 768
  • გ. თოგოშვილი, საქართველო-ოსეთის ურთიერთობა XV-XVIII საუკუნეები, თბ., 1969, გვ. 11-12
  • ქართლის ცხოვრება. ტომი IV, თბ., 1973, გვ. 634
  • გ. თოგოშვილი, საქართველო-ოსეთის ურთიერთობა XV-XVIII საუკუნეები, თბ., 1969
  • ref???
  • ref???
  • ref???
  • ref???
  • ref???
  • ref???