განხილვა:ლელობურთი
მიხეილ იმნაიშვილი და ხუხუთის ,,ლელობურთი"
ქრისტიანული სამყარო დიდი მარხვის პერიოდში იმყოფება და ბრწყინვალე აღდგომის შესახვედრად ემზადება. გურიაში სააღდგომო ტრადიციებსაც იხსენებენ, მათ შორის ერთ-ერთია სოფელ შუხუთის უძველესი ტრადიცია ,,ლელობურთი“, რომელსაც გურულები ,,გატანიე ბურთს“, ,,ღლეტიე ბურთსაც“ ეძახდნენ. უამრავი მასალა ლელოს შესახებ თავმოყრილი და დაცულია ლანჩხუითის კულტურის ცენტრის ფოლკლორის კაბინეტში. აქ რა დროსაც არ უნდა მიხვიდეთ, ფოლკლორის სპეციალისტი - მაია ჭანტურია სულ რაღაცის ძიებაშია. იგი ეძებს, აგროვებს და მომავალ თაობას სათუთად უნახავს, ჩვენი რაიონის ფოლკლორის ნიმუშებს, ეძებს და იწერს მოგონებებს, ცდილობს გაიხსენოს ადამიანები, რომელთა ცხოვრება რაიონის მნიშვნელოვან მომენტებთანაა დაკავშირებული. სწორედ ქალბატონმა მაიამ მთხოვა გამეხსენებინა და მომეყოლა ჩემი ბაბუის, ლელობურთის ერთ-ერთი ორგანიზატორის, მიხეილ იმნაიშვილის შესახებ, რომლის ცხოვრების ძირითადი სულისთქმა დაკავშირებული იყო ლელოს თამაშთან. ბაბუჩემის გახსენებაზე თვალწინ სოფელ შუხუთში შუაცეცხლის ,,ქუხნაში” მოფუსფუსე ბებიაჩემი და სიმღერის მეცადინეობიდან მომავალი გალიფე შარვალში გამოწყობილი, თავზე ბოხოხდახურული და მხრებზე გალიბანდმოხვეული ყაბალახიანი ბაბუაჩემი მახსენდება, რომელიც 5-6 კაცს წინ მოუძღვებოდა. ეზოში ბებიაჩემი გამოეგებებოდა მოულოდნელ სტუმრებს და ნახევარ საათში სავსე მთვარესავით დიდი ოქროსფერი კეცის მჭადი და მისი მიმყოლ-მომყოლი, ჭარიკაით ადესაი მზად იყო. ისმოდა კრიმანჭული, გადაძახილი. სიმღერის გაგონებაზე შემოსტუმრებული ბიძაშვილები: ალეკო, ნათელა, მადონა იმნაშვილები ტოლს არ უდებდნენ მომღერლებს. მათ მოსმენას არაფერი სჯობდა. ბაბუაჩემის უკეთ გასახსენებლად მის უმცროს ქალიშვილს, დეიდაჩემს, ფლორიდა იმნაიშვილს ვთხოვე დახმარება. ქალბატონი ფლორიდა მრავალი წელია სამედიცინო სფეროში წარმატებულად მუშაობს და მას, დარწმუნებული ვარ, მთელი რაიონი იცნობს. იგი ასე იგონებს ბაბუას: ,,მამაჩემი მიხეილ იმნაიშვილი წითელი დროშის ორდენოსანი, სოფლის მეურნეობის კარგი სპეციალისტი, მოგვიანებით პერსონალური პენსიონერი იყო. სიმღერების გუნდში ლანჩხუთის კულტურის სახლში დადიონა, სადაც ოზურგეთიდან ჩოხატაურიდან, თბილისიდან ჩამოსულ ცნობილ ლოტბარებთან ერთად გურულ სიმღერებს ამუშავებდნენ. მამა 20 დღის ყოფილა, როცა მამამისი, ჩემი ბაბუა, იაკინთე იმნაიშვილი ,,ლელოს“ დიდი გულშემატკივარი, სათამაშოდ შესულა და ისე დაზიანებულა, რომ მალე გარდაცვლილა. დედისერთა მიხეილი დედას, ოლღას, მარტოხელას გაუზრდია. მიხეილს ჩოხატაურელი ფირალის მელიტო ჯიბუტის ქალიშვილი ვერა შეუყვარდა. მელიტო ჯიბუტი ცნობილი ფირალის, სიმონა დოლიძის მამიდაშვილი იყო. ვერას და მიხეილს ხუთი ქალიშვილი ვყავდით: იზოლდა, ინეზა, ნუნუ, ნანი და მე. ჩემი ბავშვობიდან მახსოვს ,,ლელო“. იგი შუხუთში პირველ მაისს ტარდებოდა, ჩვენს ოჯახში მეზობლების დახმარებით და დედაჩემის თავქალობით პურმარილი მზადებოდა, რომ თამაშის მერე სუფრა გაეშალათ. ომგამოვლილ მამას თამაში აღარ შეეძლო, მაგრამ ბურთის კერვაში ითებდა მონაწილეობას, რომელიც 12, 1/3 გირვანქა ანუ ერთი ფუთი, 16 კილოგრამი იყო ზუსტად. ლელოს თამაში დიდი ზეიმი იყო სოფელში, ამ დღისათვის სპეციალურად ახალ ტანსაცმელს იკერავდნენ, ფეხზე ,,ბრეზენტიდან“ შეკერილ მიკერებულებს იცვამდნენ, რომ ადვილად არ დახეულიყო. მახსოვს ზემოურები თამაშს აგებდნენ და ჩემი უფროსი და, იზოლდა და ცუცუკიე იმნაიშვილები შევიდნენ დასახმარებლად. ის თამაში ზემოურება მოიგეს. თვალწინ მიდგანან თითქმის ტანსაცმელშემოგლეჯილი ქალბატონები, რომლებსაც შუხუთელი ლელოს მოთამაშე ვაჟკაცები მორიდებით აწვდიდნენ და აფარებდნენ თავიანთ სასწაულად გადარჩენილ ახალუხებს. დედაჩემის მონათხრობმა კიდევ უფრო სხვა კუთხით დამანახა ჩემთვის ძვირფასი ადამიანები, რომლებიც ჩვენთან აღარ არიან. ნათელი მათ საფლავებს. მინდა ვისურვო ქვეყანაზე არ დალეულიყვნენ ადამიანები, რომლებიც თავიანთ წინაპრებს სითბოთი და სიყვარულით მოიგონებდნენ, არ დაივიწყებენ ძველ ტრადიციებს და მათ შთამომავლობას. დღეს მიხეილ იმნაიშვილის ფუძეზე მისი შვილიშვილის, ბაბუას მოსახელე მიხეილ (ჩახუტი) იმნაიშვილი და მისი მეუღლე, ლალი ჩხაიძე ცხოვრობენ თავისი ოჯახით - შვილებითა და შვილიშვილებით, რომლებიც არ ივიწყებენ საამაყო წინაპრებს. ბოლოს კი მადლობა ქალბატონ მაია ჭანტურიას იდეის მოწოდებისათვის, ჩემი წინაპრებისა და ჩემი ბავშვობის ლამაზი დღეების გახსენებისათვის, რომელიც ლელობურთის ტრადიციას უკავშირდება. ნინო ჭელიძე ლანჩხუთის კულტურის ცენტრის, ვოკალური ჯგუფის პედაგოგი
XIX საუკუნეში ლელობურთი დასავლეთ საქართველოში განსაკუთრებული პრივილეგიით სარგებლობდა. ქუთაისში ლელობურთის თამაშის ადგილი იყო საფიჩხიაზე ე.წ. ხარაზოვის ბაღის მიდამოები. თუმცა ის, რაც გურიაში ხდებოდა და დღესაც ხდება, სულ სხვა ამბავია. არსებობს ვარაუდი, როცა ხასანბეგ თავდგირიძეს აზნაურმა ერასტი ჭყონიამ ხმლის ერთი მოქნევით თავი მოჰკვეთა შუხუთთან ბრძოლაში, მის სახელზე დაიწერა განუმეორებელი სიმღერა “ხასანბეგურა” და ლელოს თამაშიც შუხუთში (გურიაში) სწორედ მის სახელთან დაკავშირებით იმართება. ისტორიას ეს ბრძოლა ასე შემოუნახავს: გურულებმა ხელჩართულ ბრძოლაში სულ ხელისკვრითა და მიწოლით გადაყარეს თათრები ჩოლოქს გადაღმაო.
დღეს ჩვენ რასაც ლელობურთს ვეძახით, სინამდვილეში არის “გატანიე ბურთი”. გატანიე ბურთი ნამდვილი მასობრივი სპორტია. აქ ერთი სოფელი მეორეს ეჯიბრება, სოფლის ზემოური მხარე – ქვემოურს, ერთი კუთხის მოსახლეობა კი – მეორესას, მაგალითად, გურულები და მეგრელები.
გურულ-მეგრელები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ პირველ მაისს ქალაქ ფოთში. ბურთის თამაშს სამეგრელოში – დადიანი, გურიაში კი გურიელი მეთაურობდა. ერთიცა და მეორეც ამ დღისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდა. გურიელსაც და დადიანსაც ჩამოჰყავდათ რჩეული მოთამაშეები, როგორც გლეხები, ასევე აზნაურები. შეჯიბრი ფოთის პარკში იმართებოდა. თამაშის საყურებლად დიდძალი ხალხი იყრიდა თავს. ბურთის თამაშს არ თაკილობდა სამღვდელოებაც და ყოფილა შემთხვევები, როდესაც ამ შეჯიბრში მღვდელსაც მიუღია მონაწილეობა.
ლელობურთი შუხუთში (გურიაში) ყოველ აღდგომა დღეს, საღამოს 5 საათზე იწყება. ერთმანეთს ზემო და ქვემო შუხუთი (ანუ ზემოურები და ქვემოურები) ეპაექრებიან. თამაშს, ტრადიციისამებრ, შუხუთის ტაძრის მღვდელი იწყებს, რომელიც ბურთს აგდებს. ეს ბურთი ზუსტად 16 კილოგრამიანია და საქონლის ტყავისგან არის შეკერილი.
შუხუთურ ლელობურთს არ გააჩნია რაიმე განსაკუთრებული წესები. არც ის იფიქროთ, რომ რაიმე განსაკუთრებული საპრიზო ფონდი იყოს დაწესებული. მოთამაშეების უმთავრესი მოტივაცია ის გახლავთ, რომ გამარჯვებულ გუნდს ბურთი სასაფლაოზე აქვს და ახლადგარდაცვლილი რომელიმე თანასოფლელის საფლავზე მიუჩენენ სამუდამო ადგილს. გამარჯვებულ გუნდთან ერთად სასაფლაოზე დამარცხებულებიც მიდიან. არ ყოფილა შემთხვევა, რომ საფლავიდან ბურთი დაკარგულიყოს. ლანჩხუთელები სწორედ ამგვარად გამოხატავენ წარსულის პატივისცემას.
ლუკა კარკაძე
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის ბრძანებით არამატერიალური მემკვიდრეობის ელემენტს ლელობურთს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. „ლელო“ უძველესი ქართული სიტყვაა და ძალით გადატანას ნიშნავს, სახელწოდება ნათლად განმარტავს მის შინაარს, ვხვდებით, რომ საქმე გვაქვს შეუპოვარ ბრძოლასთან. ძველი ქართული ეროვნული სპორტის სახეობებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ლელო, ქართული ჭიდაობა, დოღი და სხვა. მნიშვნელოვანია, რომ ლელოს გატანა საქართველოში დღემდე ვაჟკაცობის სინონიმია. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ეს ძირძველი თამაში ბურთაობიდან მოდის, რომელიც ჯერ კიდევ ვეფხისტყაოსანში გვხვდება.სხვადასხვა მასალების მიხედვით აღწერილია, რომ ლელოს უმთავრესად სამეგრელოში, იმერეთსა და გურიაში სახალხო (რელიგიურ) დღესასწაულებზე თამაშობდნენ. ხოლო ძირითადად სათამაშო ცენტრად აღიარებული იყო: ფოთი, ბათუმი, ხონი, კულაში, სენაკი, ზუგდიდი, ქუთაისი და სხვა. ამასთანავე, ცნობილია ისიც, რომ თამაშობაში მონაწილეობას იღებდნენ ყველა სოციალური ფენის წარმომადგენლები: თავადები, აზნაურები, გლეხები. რთულია ვიმსჯელოთ ზუსტად რომელ საუკუნეში გაჩნდა ეს თამაში, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოში დღემდე თამაშობენ „ლელობურთს“ რომელიც ლანჩხუთის რაიონის სოფელ შუხუთში ყოველი წლის აღდგომის დღესასწაულზე იმართება. ამ თამაშს გურულები 1854 წლის „შუხუთფერდის’’ ბრძოლას უკავშირებენ. ისტორიულ ბრძოლაში, რომელიც ნიგოითის ბრძოლის სახელითაა ცნობილი და რომელიც რუსეთ-თურქეთის ომის დროს 1854 წელს გაიმართა. „ლელო“ გაზაფხულზე, აღდგომის დღესასწაულზე ყოველ წელს , „ცაცხვების ქვეშ“ იმართება. დაუზუსტებელი ინფორმაციის გამო რთულია ვთქვათ, რამდენ საუკუნეს მოიცავს ეს თამაში მაგრამ ფაქტია, რომ გურულებმა მოახერხეს დღემდე შეენარჩუნებინათ ბრძოლის ამსახველ რიტუალად ქცეული სპორტის ეს ეროვნული სახეობა. თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ მიუხედავად „ლელობურთის“ საუკუნეზე მეტი დროის არსებობისა, მას ისეთი სახეცვლილება არ განუცდია რაც ტრადიციას რადიკალურად შეცვლიდა. ლელოს პირველ და ყველაზე მნიშვნელოვან ცვლილებად შეიძლება მივიჩნიოთ ის, რომ თავდაპირველად ბურთის სასაფლაოზე მიტანის ტრადიცია არ არსებობდა. ამის შესახებ სოფლის მცხოვრებლები და უხუცესი მოთამაშეები გვიყვებიან. ეს ტრადიცია მოგვიანებით, 1974 წელს დამკვიდრდა, როცა პირველად მიიტანეს ბურთი ერთ-ერთი ადგილობრივი გარდაცვლილი პირის, ლელოს ცნობილი მოთამაშის საფლავზე. ძველადაც და დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგაც თამაში ყოველთვის აღდგომის დღეს ტარდებოდა. კომუნისტების მმართველობის დროს, 1 მაისს მშრომელთა დღეს თამაშობდნენ. 1989 წელს ერთადერთხელ დაირღვა ტრადიცია როცა ლელობურთი გურიის საზღვრებს გასცდა და სოფლის სასაფლაოს ნაცვლად 9 აპრილს დაღუპულთა სულის საპატივცემულოდ თბილისში, მემორიალთან დადეს. წლების მანძილზე, ბურთის აგდების პატივი ლელოს უხუცეს მოთამაშეს ჰქონდა. 10 წელზე მეტია ეს პატივი აქვს სოფლის ეკლესიის წინამძღვარ დეკანოზ საბას. ტრადიციულად ის დილით მიცვალებულთა პანაშვიდს ატარებს და ბურთს ეკლესიაში ინახავს საღამოს 5 საათამდე (თამაშის დაწყების უცვლელ დრომდე).